სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობას ჯიჰადის ვიდეოს ავტორთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა

“გულწრფელად მეგონა რამე უკეთესს და უფრო დამაჯერებელს მოიფიქრებდნენ” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი დავით საყვარელიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯიჰადის ვიდეოების ავტორის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით.

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი - 1989 წლის 6 მარტს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით.

სამარ ჩოკუტაევს ბრალი დაედო "საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებაში ტერორისტული აქტის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს".

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკოტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისი ინფორმაციით, ვიდეორგოლისა და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ტექნოლოგიის დეტალური შესწავლისა და სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა:

"ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტ სივრცეში, რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეოარქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა; დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ.თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. შეგახსენებთ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, სწორედ თბილისში განთავსებული IP მისამართები იქნა იდენტიფიცირებული ქართველი სამართალდამცველების მიერ", - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისი განმარტებით, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

ამჟამად ხორციელდება ბრალდებულის ძებნის ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

"გამოძიება გრძელდება და მისი შედეგების კვალდაკვალ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ საქმესთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებს ამ საქმის გამოძიებაში გაწეული ქმედითი დახმარებისათვის", - აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100