კალაძე: ზესტაფონში ქალს ავტომობილით ჩემი დაცვის წევრი დაეჯახა

ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა, გამოვეხმაურო მომხდარ სამწუხარო ფაქტს. პირველ რიგში, აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი ესკორტი შეეჯახა მოქალაქეს და სვლა განაგრძო, სამწუხარო ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. არც პირადად მე, არც სხვა რომელიმე ჩემი თანმხლები პირი დღეს სამინისტროს შენობიდან, თბილისიდან არ გავსულვართ.

ბაქოში ვიზიტის დაწყებისას გავიგე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. როგორც შემატყობინეს, ჩემი დაცვის წევრი ოჯახის კუთვნილი მანქანით თავის ახლობლებთან ერთად მოძრაობდა ზესტაფონის მიმართულებით და მოახდინა შეჯახება ახალგაზრდა ქალზე.

იმედი მაქვს, ქალბატონის ტრავმები და დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ შეიცავს. ძალიან განვიცდი პიროვნულად მძღოლის და დაზარალებულის ოჯახის წევრების, ორივე მხარის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

ცალკე თხოვნა მექნება მედიის წარმომადგენლების მიმართ - ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ ამ შემთხვევას პოლიტიკურ დატვირთვას, ავტოავარია თავისთვად ტრაგედიაა მონაწილე მხარეებისთვის და, სამწუხაროდ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. მესმის, პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა, მაგრამ პატივი ეცით პირველ რიგში, ქალბატონის ოჯახს, მედიის ობიექტურობას და მაქსიმალურად ვეცადოთ დაზარალებულის ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, რათა ხელი შევუწყოთ ყველამ მის დროულად გამოჯანმრთელებას", - აცხადებს კახა კალაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალბატონი, რომელსაც კალაძის ესკორტი დეჯახა გარდაცვლილია არასწორი აღმოჩნდა, რადგან ავარიის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი ცოცხალია და მკურნალობის კურსს გადის.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. მათი ცნობით ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში 18 სექტემბერს 12:11 საათზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანა 1985 წელს დაბადებულ ხატია ძნელაძეს საავტომობილო გზის გადაკვეთისას შეეჯახა. "ავტომანქანის საჭეს 1976 წელს დაბადებილი კახა ჭუმბურიძე მართავდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. მძღოლი მოწმის სტატუსით დაიკითხა", - განმარტავენ შსს-ში.
კახა ჭუმბურიძე ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის დაცვის წევრია და კალაძის განცხადებით, იგი ავტოავრიის დროს ოაჯხის კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა.

კომენტარი