“მკვლელი” დედები vs “მკვლელი” მამები

აბორტი - თემა, რომელიც ყველა დროში აქტუალური და მტკივნეულია. ტემა, რომელიც კაცობრიობამ ვერა და ვერ გადაჭრა. გთავაზობთ ერთ-ერთი ბლოგერის საინტერესო პუბლიკაციას და ავტორის განსხვავებულ ხედვას ამ საჭირბოროტო საკითხის მიმართ.

„16 წლის ხარ. გაგიჟებით გიყვარდება ყველაზე პოპულარული ბიჭი შენს უბანში. ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოგაქცევს ყურადღებას, გეტყვის რომ ძალიან მოსწონხარ, მოკლედ წყვილი ხდებით. შენს სიხარულს საზღვარი არ აქვს.

ამ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობას სექსიც მოყვება, შენთვის პირველი. გაკვრით გსმენია კონტრაცეპტივების შესახებ და პირველი ინტიმური ურთიერთობის დროს არც შენ და არც შენი გულისსწორს აზრად არ მოსდის თავის დაცვა. ამას მოყვება არასასურველი ორსულობა. შენ შოკში ხარ, არ იცი რა უნდა გააკეთო. შენი ბიჭი კი სწრაფად პოულობს გამოსავალს: რადგან თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და არ ხართ მზად მსგავსი პასუხისმგებლობსთვის, ის აბორტს გირჩევს. შენც ფიქრობ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მიყვები მის რჩევას. ამ დღიდან საზოგადოებისთვის ხდები “მკვლელი დედა”.

ორი შვილის დედა ხარ, გყავს “შესანიშნავი” ქმარი და მოკლედ “მშვენიერი” ოჯახი. შენს ქმარს ძალიან სურს ვაჟის მამა გახდეს. ორსულად ხარ, მაგრამ ერთ დღეს იგებ, რომ შენი ქმრის ოცნებას ვერ აასრულებ: შენი ბავშვის სქესი, ისევე როგორც პირველი ორის, მდედრობითია. შენ ქმარს კი იმის გაგონებაც არ უნდა, რომ ისევ ქალიშვილი უნდა ეყოლოს. არასასურველი ქალიშვილის პრობლემა აბორტით გვარდება. საზოგადოებისთვის შენ ხდები “მკვლელი” დედა.

იქნებ, საერთოდ, გაუპატიურების მსხვერპლი ხარ და არ გსურს შენი შვილის მამა უცნობი ფსიქოპათი იყოს. და მაინც, საზოგადოებისთვის შენ “მკვლელი” დედა ხარ.

ამ პოსტში სულაც არ ვაპირებ მსჯელობას აბორტის დასაშვებობა-დაუშვებლობაზე. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი ამ ნაბიჯამდე მიდის. მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს უამრავი კონტრაცეპტივი.

საგულისხმოა ერთი რამ: შვილს ხომ მარტო ქალი არ “ქმნის”, ამ პროცესში კაციც მონაწილეობს. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაზე მარტო ქალმა არ უნდა იფიქროს, ეს კაცის ვალიცაა. ქალი ხშირად მამაკაცის თხოვნით, რჩევითა თუ მოთხოვნით მიდის აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებამდე. მაგრამ “მკვლელობაზე” პასუხისმგებელი მაინც მარტო დედაა. გსმენიათ სადმე “მკვლელი” მამების შესახებ? თუნდაც “მკვლელი” მშობლების შესახებ? საზოგადოება ყოველთვის ქალს კიცხავს ასეთ დროს, მაგრამ შვილზე პასუხისმგებელი ხომ ორივე მშობელია? ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ქალს არასასურველი ორსულობის დროს მომავალი ბავშვის მამა დაუდგება გვერდში, ყველანაირად ეცდება მის დარწმუნებას არ გადადგას ამგვარი ნაბიჯი და შეპირდება შვილის აღზრდაში დახმარებას, ძალიან მცირე ალბათობაა იმავე გადაწყვეტილებაზე დარჩეს. მაშინ რატომ აწევს ეს “უმძიმესი ცოდვა” მარტო ქალს?

კომენტარი