სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში ლეგალური უნდა იყოს

ბოლო დროს ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში პეტიციაც შეიტანა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, არანაირი სერიოზული გამოკვლევა, თუ კონსულტაცია ამ საკითხზე ქვეყნის მთავრობასთან და ექსპერტთა წრეებთან მათ არ ჩაუტარებიათ. აუჩემებიათ ამ ბიზნესის მავნე ზეგავლენა მოზარდებზე, მაგრამ რა შედეგები დადგება ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის აკრძალვით, ვერ აცნობიერებენ. ზოგადად კი ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე და მის ეკონომიკაზე.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში სათამაშო ინდუსტრია: პირველი – ეს არის უზარმაზარი შემოსავლები ბიუჯეტში – დაახლოებით 140 000 000 ლარი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის 2%–ია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ პირდაპირი შემოსავალია ბიზნესის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებიდან, მაგრამ ამის გარდა, ამ ბიზნესს არაპირდაპირი შემოსავლებიც მოაქვს ქვეყნისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია მეორე ფაქტორთან – ეს არის ტურიზმი. სამორინე თუ სათამაშო კლუბი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. სათამაშო ინდუსტრია უდიდეს სტიმულს აძლევს ტურისტულ ბიზნესს განვითარებისათვის, ხოლო მისი აკრძალვა კი მნიშვნელოვნად უკან დასწევს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. მესამე ფაქტორი სათამაშო ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხია, ეს დაახლოებით 7000 ადამიანია და თითოეულის უკან მისი ოჯახია, საშუალოდ, 4 ადამიანი. შეიძლება ეს ციფრები ძალიან შთამბეჭდავად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუკი ისეთი პატარა ქვეყნის უმუშევართა რიგებს, როგორიც საქართველოა, კიდევ 7000 ადამიანი დაემატება, ეს დიდი პრობლემაა ზოგადად ქვეყნისთვის. და ბოლოს, მეოთხე - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის შესახებაც აკრძალვის მომხრეები უბრალოდ, არ საუბრობენ ან ვერ აცნობიერებენ – ეს არის ლეგალური და კანონიერი ბიზნესის იატაკქვეშ გადაყვანა, რადგანაც სათამაშო ბიზნესის აკრძალვით, ის ხალხი, ვისაც თამაში უნდა, მაინც მონახავს საშუალებას სათამაშოდ, თუმცა, ეს უკვე გასული იქნება ლეგალური ჩარჩოებიდან და აბა მაშინ ვნახოთ პრობლემები მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

გავიხსენოთ ბიზნესის ლეგალიზაციამდე და ლეგალიზაციის პირველ წლებში ე.წ. „თავანები“, „ხელზე მაზები“, „პრისტავკები“, ანუ წაგებული თანხის რაღაც პერიოდის შემდეგ გასტუმრება და ამის გამო ე.წ. „ფუფლოჩნიკობის“ შიში მოზარდებში, რასაც შეიძლება მართლა სერიოზულ დანაშაულამდე, ან თუნდაც თვითმკვლელობამდე მიეყვანა ვინმე. საბედნიეროდ, სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციების გამო ეს საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, რჩება ევროპული ინტერნეტ-სამორინეები და ტოტალიზატოტები. მაგალითად, bet365, william hill, bwin და მრავალი სხვა. ამ საიტებზე რეგისტრაცია და თამაში საბანკო ბარათების და ე.წ ელექტრონული საფულეების საშუალებით დღეს ქართველი მომხმარებლისთვის უპრობლემოდ შეიძლება და ამის დაბლოკვა შეუძლებელია. ანუ შედეგი, რისთვისაც მავანნი იბრძვიან, მიუღწეველია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ზარალდება.

საქმეში ჩაუხედავ და გაურკვეველ ხალხს მეზობელი ქვეყნების მაგალითი მოყავს, სადაც ეს ბიზნესი აკრძალულია. ესენია თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი, მაგრამ რაღა ამაში უნდა დავემსგავსოთ ასეთ ქვეყნებს, თუკი სწორება ყველაფერში ევროპაზე გვაქვს, სადაც სათამაშო ბიზნესი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ცნობისათვის, იგი ლეგალურია ევროპის სახელმწიფოებში: ავსტრია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, პორტუგალია, ხოლო მონაკოს ეკონომიკის 98% მონტეკარლოს სამორინედან შემოსული თანხებია.

საუბრობენ ამ ბიზნესისათვის სპეციალური ზონების შექმნის თემაზეც, თუმცა ასეთი ზონების არსებობა მხოლოდ დიდი ქვეყნებისათვისაა მომგებიანი. კერძოდ, აშშ–ში, ჩინეთში და რუსეთში სწორედ ასეთ ზონებშია ნებადართული ბიზნესი. ამ ზონამ რომ გაამართლოს, ამისთვის მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და ტურისტთა დიდი ნაკადია საჭირო, რაც უდავოდ მომგებიანი გახდა აშშ–ის ლას–ვეგასისათვის და ატლანტიკ სიტისათვის, ასევე ჩინეთის მაკაუსთვის, (თუმცა ამის მიუხედავად 2012 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა ობამამ პირდაპირი მითითება მისცა კონგრესს, რათა მომზადდეს კანონპროექტი ონლაინ პოკერის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით) ვერაფრით ვერ აამუშავა რუსეთმა ასეთი ზონები კრასნოიარსკსა და როსტოვში, აქ ვერც ინვესტიცია განხორციელდა საჭირო რაოდენობის და არც ტურისტი ჩადის მათ მოსანახულებლად, ამიტომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ამ ზონების მოსკოვთან ახლოს გადატანაზე დაიწყო საუბარი. (ცნობისათვის, ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორი რუსეთში კანონით დაშვებულია და მუშაობს.) ანალოგიური ზონის შექმნის მცდელობა იყო ჩვენს მეზობელ სომხეთშიც, თუმცა მთავრობა მალევე მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა და მომზადებული კანონპროექტი შეაჩერა. ასეთი ზონა ყოვლად წამგებიანი იქნება საქართველოსთვის, რადგან ტურისტები ქვეყანაში ძირითადად ორი მხრიდან ხვდებიან, ესენია თბილისის აეროპორტი და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი. ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი ამ ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში არსებობდეს და ვითარდებოდეს სათამაშო ინდუსტრია.

წინა ხელისუფლებამ ბოლო ექვსი წლის მანძილზე რამდენიმეჯერ შეცვალა კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ. გაამკაცრა რეგულაციები და გაზარდა გადასახადები, ხოლო 2011 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებით, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების სიდიდით საქართველო მსოფლიოში ხუთეულში შევიდა. ხოლო სათამაშო ბიზნესში ჩართული 900 იურიდიული პირიდან სულ რამდენიმე დარჩა (შედარებისათვის, 2002-2011 წლებში მხოლოდ თბილისში 300–მდე სათამაშო კლუბი იყო. 2012 წლიდან მხოლოდ 3 სამორინე და 10 კლუბი დარჩა.) როდესაც ზოგიერთები ამ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე საუბრობენ, სულ ცოტა, კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ წაკითხული უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს პარლამენტში ბატონ კობა დავითაშვილის ინიციატივით შესულია კიდევ ერთი კანონპროექტი სათამაშო ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სრული შინაარსი კანონპროექტისა ჩვენთვის უცნობია. თუმცა გამოვთქვამდი ჩემს მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით: ამ ბიზნესის რეკლამირება, ალბათ, მხოლოდ ნაწილობრივ უნდა შეიზღუდოს. კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსებზე, მიკროავტობუსებზე, მეტროებში. აიკრძალოს გარე რეკლამა ზოგადად ასევე სატელევიზიო კლიპები და რადიო რეკლამა, თუმცა სპორტული გადაცემების სპონსორობა და გვიან სატელევიზიო ეთერში ბრენდის რეკლამირების საშუალება უნდა დავუტოვოთ ბიზნესს, ასევე უნდა დარჩეს რეკლამა ინტერნეტ სივრცეში. ნუ დაგვავიწყდება, რომ რეკლამირების სრული აკრძალვით, არა მარტო სათამაშო, არამედ სარეკლამო ბიზნესსაც მძიმე მდგომარეობაში ვაყენებთ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა არ აჰყვება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ საეჭვო პანიკას და დაიჭერს გონივრულ პოზიციას, რადგან ამ ბიზნესის აკრძალვის უარყოფითი შედეგები ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე იქნება, ხოლო პეტიციის შემტანები ამაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ იკისრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100