სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში პაციენტმა სასწრაფოს ექიმი მოკლა

სამართალდამცავებმა ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ დაკავებულმა ანდრო მ.-მ ბერი გაბრიელის გამზირზე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

"ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,გარდაცვილი და დაჭრილი ექიმები არიან, თავდამსხმელი კი ფსიქიური პრობლემების მქონე მამაკაცი

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემა ქონდა, რომლის ოჯახის წევრმაც ექიმებს მიმართა მისი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. მისამართზე მისული ექიმებიდან ერთ-ერთს მამაკაცმა ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი ექიმი დაიჭრა.

ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ჩაიკეტა ბინაში, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს მიმდინარეობდა, თავდამსხმელიც დაიჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100