სოციალურად დაუცველებს, მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების 50%-ს ბიუჯეტიდან დაუფარავენ

რამდენიმე დღეა, რაც დედაქალაქში მიკროავტობუსებითი მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, რომელიც აქამდე 50 თეთრი ღირდა, 80 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო 30 და 40 თეთრად მგზავრობაში, ამიერიდან, ათი თეთრით მეტის გადახდა მოგიწევთ. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მერიაში კი გადაწყვიტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების 50% თავად დაფარონ.

ეს ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე, თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხის წარდგენისას, უმრავლესობის წევრმა პაატა გობეჯიშვილმა გაახმოვანა. გობეჯიშვილი განმარტავს, რომ თბილისის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით გაიზარდა და აღნიშნული თანხიდან 5 მილიონი ლარით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გადასახადის თანაგადახდა იგეგმება.

საკრებულოს მმართველი გუნდის წევრთა ინიციტივას ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრი ვიქტორ დოლიძე აღნიშნული საკითხის დამტკიცების გადადებას ითხოვდა, იმ მიზეზით, რომ არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი დაჯდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამარშრუტო ტაქსებით მომსახურება. ამის მიუხედავად, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი მაინც დამტკიცდა.

კომენტარი