,,ჯეოსელმა“ ,,მაგთი“ ჩამოიშორა

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,მაგთის“ შესაძლოა მალე ყველა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა აეკრძალოს. ამის მიზეზი კი თბილისის სატრასნპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების შეუსრულებლობა გახდა.

კერძოდ, ლაპარაკია 6 ივნისს ჩატარებულ ტენდერზე, რომელშიც ”მაგთიმ” გაიმარჯვა და შესაბამისად, თავის თავზე უნდა აეღო სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე მოქალაქეთა უფასო ზარების უზრუნველყოფა. თუმცა, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულება შეუწყდა.

"მაგთიკომის" მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი ლობჟანიძის, ინფორმაციით, კომპანიამ 22 ავტორიზებულ პირს საქართველოში გაუგზავნა მოთხოვნა, რომ კომპანიებს აღნიშნულ ნომრებზე დარეკვის საფასურს თავად აუნაზღაურებდა. 22-დან კი "მაგთიკომის" მოთხოვნა მხოლოდ კომპანია "ჯეოსელმა" არ დააკმაყოფილა.

"მაგთიკომში" მიიჩნევენ, რომ «ჯეოსელმა’’ პროექტის განხორციელებას განზრახ შეუქმნა პრობლემა.

"ეს იყო "ჯეოსელისგან’’ მიზანმიმართული ქმედება, რათა "მაგთიკომს" ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეესრულებინა. ამიტომ ჩვენი კომპანია დადგა საფრთხის წინაშე, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ნებისმიერ ტენდერში მონაწილოება ერთი წლით აეკრძალება. თავისთავად ეს ფაქტი "ჯეოსელისთვის" არის ხელსაყრელი, რადგან ჩამოიშორა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი და ამ ტენდერტებში მარტო მიიღებს მონაწილეობას,“-განაცხადა ლობჟანიძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ”მაგთიკომი" შეყვანილი იქნას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალოს.
კომპანია ,,ჯეოსელს“–ს კი საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარი