საყდრისი-ყაჩაღიანზე ოქრო არასდროს მოუპოვებიათ, გასული საუკუნეების ტექნოლოგიები ამის საშუალებას არ იძლეოდა

გეოლოგები, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოების შეფერხებას გრანტების მომპოვებელი არქეოლოგების მავნებლურ საქმიანობას უკავშირებენ, რაც პატრიოტიზმისგან ძალიან შორსაა და უფრო მოღალატეობას ემსგავსება.

„მათ აყოლილ ახალგაზრდებს კი კითხვები არ უჩნდებათ“, – აცხადებს გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ადამია.

როგორც ის ამბობს, პატრიოტიზმის მგზნებარებით შეფუთული ისტორიაც ყალბია, რომ თითქოს იქ 5 ათასი წლის წინათ უდიდესი ცივილიზაცია იყო, ეგვიპტის აყვავების ხანამდე, ოქროს ჭარბი მარაგებით და გაჩაღებული ვაჭრობით.

შოთა ადამია განმარტავს, რომ იქ ოქრო არასდროს მოუპოვებიათ, რადგან გასული საუკუნეების ტექნოლოგიები ამის საშუალებას არ იძლეოდა. მოგვიანებით, 80–იან წლებში ქიმიური და სპექტრული ანალიზის საშუალებით მარაგები დასტურდება, თუმცა იმ დროისთვის საბჭოთა პერიოდში არარენტაბელურად იყო მიჩნეული და შესაბამისად მოპოვება არ დაუწყიათ. მარაგები (1ტ–ში -3 გ) 90–ების მე–2 ნახევარში ავსტრალიელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს.

ადამიას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიები დაიხვეწა და ამ სფეროში ცოდნაც გაღრმავდა, ცხადია მომპოვებელ კომპანიას ბარიერები არ უნდა შეუქმნან.

მოპოვებით სამუშაოებს „არემჯი გოლდი“ თითქმის აღარ ასრულებს და უზარმაზარი სიმძლავრის წარმოება ახლა მხოლოდ 1/3 –ით არის დატვირთული. ამასთან შეჩერებულია მისი კონტრაქტორი, ნედლეულის მიმწოდებელი, თუ მომსახურების გამწევი კომპანიების მუშაობა, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული.


შოთა ადამიას ინფორმაციით, ყაჩაღიანზე მხოლოდ ერთი მონაკვეთია, სადაც შუა საუკუნეების პერიოდის ნივთებია აღმოჩენილი და ამ რეალობის გათვალისწინებით, თემის პოლიტიზება, ვიღაცეების ხელის მოსათბობად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ საქმე ბოლნისის რაიონში ადამიანების დასაქმებას ეხება.

მისივე ინფორმაციით, ძებნა–ძიებით საქმიანობაში ადგილობრივი და უცხოელი კვალიფიციური მკვლევარები მუშაობენ. ყველა საფუძველი არსებობს, რომ საბადო მომავალში ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს და ტექნოლოგიების დახვეწის პარალელურად შესაძლებლობებიც გაიზარდოს.

ციანირების მეთოდით მოპოვების შესაძლებლობა უკვე არის და საბადოს, მარაგების ზრდის პერსპექტივიაც აქვს.

შოთა ადამია არ იზიარებს, საქმეში ჩაუხედავი, ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკის მიღმა იდგნენ და გაუაზრებლად აფასებდნენ პროცესებს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საზოგადოების სახელით ამბობს, რომ ისტორიული ძეგლები თითზე ჩამოსათვლელია, საბადო კი ასობით არის და ამას საზოგადოება წინ აღუდგება.

მსგავსი განცხადებები გაუგებარია გეოლოგებისთვის, ენერგეტიკოსებისთვის, ნებისმიერი სხვა დარგის სპეციალისტებისთვის. გახსოვთ ალბათ ხუდონჰესის თემა, ერთი სოფლის დატბორვა, რომ საქართველოს დაქცევასთან გააიგივეს და ქვეყნის განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ყველაზე საჭირო ენერგოუსაფრთხოება აღარავის ახსოვდა.

არადა, ამ ხალხსაც აქვს პრეტენზია პატრიოტობაზე, თუმცა არა მხოლოდ ტრიბუნასთან დგომის და „გრდემლზე უროს ცემის“ მოწოდებების. ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ სწორება განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, მხოლოდ წარსულში ქექვა ქვეყანას არ წაადგება, თანაც ფაქტების და მოვლენების დამახინჯებით. ამასთან, შოთა ადამია ამბობს, რომ საბადოები თითო ოროლაა და დათვლადი, არქეოლოგების ჩიჩქვნის გარეშეც.

ერთდაერთია ბოლნისის რაიონი, სადაც ოქრო მაღაროთი ძირითადი ქანებიდან მოიპოვება და კოლხეთში მდინარეული ქვიშრობებიდან.

კომენტარი