სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რისთვისაც ხუდონის მშენებლობას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია

ენერგეტიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხუდონის აშენება საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. ეკონომიკურთან ერთად, ეს არის ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიც. პროექტის მხარდამჭერები ცდილობენ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის დარწმუნებას, რომ ხუდონის სარგებელი ძალიან დიდია და მის მშენებლობაზე უარის თქმა ქვეყნის მომავლის გაწირვას უდრის. ასე ფიქრობს პაატა ცინცაძე, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ჰიდროენერგეტიკოსი.

- როგორ აფასებთ მდგომარეობას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხრივ, რამდენად უზრუნველყოფილია ქვეყანა ამ თვალსაზრისით?

- ქვეყნის ენერგეტიკის სექტორი აბსოლუტურად არ არის უზრუნველყოფილი. მაღალი მაჩვენებლით ვართ დამოკიდებული გარე ენერგომატარებლებზე. ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულება 100 პროცენტს შეადგენს, ამდენივეა გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგიაზე უცხოური გაზის წილი 25 პროცენტს შეადგენს. ძალიან დიდი პრობლემებია. აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რაც გარე პირობებზე ქვეყნის დამოკიდებულებას მაქსიმალურად შეამცირებს.

- გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა ხუდონის მშენებლობის კამპანია. ვარდების რევოლუციის შემდგომ კვლავ დაიწყო ამ საკითხის წამოწევა და ზურაბ ჟვანიაც ამ პროექტის მხარდამჭერი იყო. რა შეიცვალა მას შემდეგ, როგორია დღეს საზოგადოებრივი აზრი ამ თემის გარშემო?

- როგორც ცოცხალ ადამიანს, ყველა ობიექტს თუ ნაგებობას, როგორც იტყვიან, თავისი ბედი დაჰყვება. ენგურის მშენებლობა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიგეგმა. შემდეგ, ეროვნული მოძრაობის პერიოდში, სწორად თუ არასწორად, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მიზნით, ხუდონჰესის მშენებლობა გამოიყენეს. საბოლოოდ კი მშენებლობა შეფერხდა. ამას მოჰყვა 90-იანი წლები, როდესაც ინვესტიციებზე საუბარიც ზედმეტი იყო.

ახლაც, ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებები ამ თემაზე მოქმედებს. ისევ დაიწყეს მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნისთვის, რაც ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს. საზოგადოებაში ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რისთვისაც ხუდონის მშენებლობას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია.

- თქვენი ინფორმაციით, რა დონეზეა დღეს საზოგადოებრივი აზრი ხუდონის შესახებ, რა იწვევს ყველაზე მეტ გაუგებრობას საზოგადოების ნაწილში, ხომ არ დადგა დრო, მხარეებმა ემოციებიდან დიალოგამდე გადაინაცვლონ?

- პროექტს ძალის გამოყენებით ვერ განვახორციელებთ. მხარეებს შორის კონსესუსი უნდა შედგეს და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ: როგორ გავაკეთოთ პროექტი და არა იმაზე, როგორ არ გავაკეთოთ. არავინ აპირებს სასაფლაოებისა და ეკლესიების ჩაძირვას. ეს მოგონილი, თითიდან გამოწოვილი თემაა. ჩაძირული რამდენიმე წელიწადში წყალსაცავში ამოტივტივდება. ამას ინვესტორი არ დაუშვებს. ყველაზე მეტად განსახლების თემა მაფიქრებს. ხუდონის შემთხვევაში, ამ გეგმას ახორციელებს კანადური კომპანია, რომელიც მსოფლიოში მაღალი სანდოობითა და ცნობადობით გამოირჩევა. გეგმის მიხედით, გათვალისწინებულია მიცვალებულების გადასვენებაც იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანებს დაასახლებენ. შიწმინდეებს ვერავინ ხელყოფს. საბერძნეთში მშენებლობის დროს იპოვეს ქართული ეკლესია და სამშენებლო პროცესი შეაჩერეს. ხოლო ეკლესია სხვა ადგილას გადაიტანეს. ცივილურად თუ მივუდგებით, მეტი სარგებლის დანახვა შეგვეძლება, ვიდრე - პრობლემის. ემოციებს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებთ. ხუდონი ჩვენი მომავალია და არ უნდა გავწიროთ.

- რა მიგაჩნიათ პროექტის ყველაზე დიდ სიკეთედ, რასაც ხუდონი საქართველოს მოუტანს?

- ხუდონის მშენებლობით, საქართველოს ენერგოსისტემაში ჩაერთვება 700 მეგავატი სიმძლავრე. ამ ეტაპზე ყველაზე დიდია ენგური, რომლის სიმძლავრეც 1350 მეგავატია. არავინ დაიჯეროს, რომ ამ დოვლათს ინვესტორი ქვეყნიდან გაიტანს, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ასეთ ინვესტორს არც ერთი სახელმწიფო და საზოგადოება არ გააჩერებს. ქართულ ენერგოსისტემაში არსებული პრობლემა არ გვაძლევს უფლებას, ამ გრანდიოზული ინფრასტრუქტურის განხორციელებაზე უარი ითქვას.

- და მაინც, რამდენად წაადგება ქვეყნის ეკონომიკას ხუდონის აშენება, არის თუ არა ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საწინდარი?

- აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი ვერ გავხდებით, რადგან არ გვაქვს ნავთობი. ერთადერთი, რაც შეიძლება განვავითაროთ, ქვანახშირია, მაგრამ მძიმე სიამოვნებაა მისი მოპოვება და გადამუშავება. თუმცა, მომავალში მუშაობის გააქტიურებას ამ მიმართულებითაც შევძლებთ. ჯერჯერობით შეგვიძლია ვიფიქროთ ჰიდროსადგურების განვითარებაზე. დღეს სრულად ენერგოდამოუკიდებელი არც რუსეთია და არც იტალია. აშშ-ც კი იმპორტს კანადიდან ახორციელებს. ჩვენ უნდა ვცადოთ, ნაკლებად ენერგოდამოკიდებული ქვეყანა ვიყოთ: ელექტროენერგია ადგილობრივი მოხმარებისთვის გამოვიყენოთ და გავიტანოთ ექსპორტზეც. წელიწადში 2500კვ/სთ ელექტროენერგიაა ერთ სულ მოსახლეზე, ასეთი მაჩვენებლით ქვეყანა ვერ იარსებებს. ხუდონი მოგვცემს საშუალებას, ენერგია მინიმუმ 40 პროცენტით გავზარდოთ. ასე თუ არ მოხდა, ერთი ადგილის ტკეპნა კიდევ დიდხანს მოგვიწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100