„სიპი“-ს ინიციატივა: მთავრობამ 2014 წელი „შაჰ–დენიზის“ და „ხუდონის“ პროექტების წლად უნდა გამოაცხადოს

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“-ს თავმჯდომარე ლევან კალანდაძემ გააკეთა განცხადება, სადაც ის მთავრობას წინადადებით მიმართავს, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, განსაკუთრებით კი, „შაჰ–დენიზის“ და „ხუდონის“ პროექტების წლად გამოაცხადოს.
„მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც ჩვენს სახელმწიფოს, ვგულისხმობთ როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, უნდა გააჩნდეს, არის ასეთი ტიპის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე მაქსიმალური მორგება, მათგან მისაღები სიკეთის ეფექტურობის მაქსიმალური ზრდის უზრუნველყოფა. ჩვენ, ერთის მხრივ, გაგვაჩნია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესი და მოტივაცია, და მეორეს მხრივ, ვდგავართ სახელმწიფო ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ქმედითი და ეფექტური სისტემის შექმნის აუცილებლობის წინაშე“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ამავდროულად, ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა გახდეს კონკრეტულ ადამიანებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, მათ საჭიროებებზე, მათთვის ღირსეული ცხოვრების, ეფექტური სოციალ–ეკონომიკური გარანტიების, წარმატებული საქმიანობისა და განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

კომენტარი