დედოფლის სიყვარულის ამბავი

„დიახ თქვენო უდიდებულესობავ, გისმენთ თქვენო უდიდებულესობავ, როგორც ინებებთ თქვენო უდიდებულესობავ“-ეს ის სიტყვებია, რაც ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს გამუდმებით ესმის. ის გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც მის ყველა წვრილმან სურვილსაც კი ასრულებენ.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც დედოფალს სხვაგვარად ეპყრობა მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი გახლავთ. ფილიპი ელიზაბეტში ხედავს ქალს, ცოლს, საკუთარი შვილების დედას, მაგრამ არა დედოფალს. სწორედ ეს უბრალოება გახლავთ დედოფლის მთავარი ბედნიერება, სწორედ ფილიპია მისი ღიმილის მთავარი მიზეზი“-წერს სამეფო კარის ბიოგრაფი რობერტ ლეისი.

ინგლისის დედოფალმა მომავალი მეუღლე 1939 წელს გაიცნო. მაშინ ელიზაბეტი 13 წლის გახლდათ, პრინცი ფილიპი კი მასზე 5 წლით უფროსი იყო. მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ქერა და მომხიბვლელი ფილიპი ელიზაბეტმა ტენისის კორტებზე შეამჩნია და დანახვისთანავე შეუყვარდა. მეფის ასული ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, ფილიპი კი სამხედრო სამსახურში მსახურობდა. ხანგრძლივი განშორებისა და მიმოწერის შემდეგ, 1946 წელს პრინცი ლონდონში დაბრუნდა და ელიზაბეტისა და ფილიპის რომანიც დაიწყო.

საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ძარღვებში რამდენიმე სამეფო გვარის სისხლი ჩქეფდა. მისი წინაპრები საბერძნეთის, ინგლისის, დანიისა და რუსეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. ერთი შეხედვით, ის ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისთვის სასურველი საქმრო გახლდათ, მაგრამ ინგლისის მეფე-დედოფალი შვილის არჩევანს არ გაუხარებია.

შეყვარებულ პრინცესას მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ გასჭირვებია და 1947 წელს ფილიპის ცოლი გახდა. თავის მხრივ, მსხვერპლი გაიღო პრინცმაც და, სიყვარულის სახელით, სარწმუნოება შეიცვალა. მათი ოჯახი დიდი სიყვარულით შეიქმნა, რაც სამეფო კარზე დიდი იშვიათობა გახლავთ.

სამეფო ქორწილის სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთისა და რუმინეთის მეფე-დედოფლები და ირანის შაჰი.

ახალდაქორწინებულთათვის მიძღვნილი საჩუქრების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქორწინო საჩუქრებს შორის იყო: საკერავი და სარეცხი მანქანები, მაცივარი, მტვერსასრუტი, 131 წყვილი ყელიანი წინდა და 500 ქილა დაკონსერვებული ანანასი. მაჰათმა განდიმ კი პრინცსა და პრინცესას საკუთარი მოსასხამი გამოუგზავნა.

“მახსოვს პრინცესა ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი ჩემს მამულს სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა კაბრიოლეტით გასეირნება გადაწყვიტეს და მეც თან გავყევი. საჭესთან ფილიპი იჯდა, ელიზაბეტი მის გვერდით, მე კი უკანა სავარძელზე მოვთავსდი.

პრინცი ძალიან სწრაფად ატარებდა მანქანას. შევამჩნიე, რომ მოსახვევებში შესვლისას ელიზაბეტს სუნთქვა ეკვროდა, საფრთხის გავლის შემდეგ კი მძიმედ ამოისუნთქავდა ხოლმე, ეს არც ფილიპს გამორჩა მხედველობიდან და ჩემდაგასაოცრად დედოფალს უთხრა: „თუ კიდევ ერთხელ გააკეთებ ამას მანქანიდად გადაგსვამ“ ელიზაბეტს ხმა არ ამოუღია, ფილიპმა სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა, დედოფალმა კი მშვიდი გამომეტყველება შეინარჩუნა.

სახლში დაბრუნების შემდეგ მე მას ვკითხე ძვირფასო შენ ხომ დედოფალი ხარ, რატომ აძლევ მას ასე მოქცევის უფლებას? რატომ არაფერი უთხარი? ელიზაბეტმა კი მიპასუხა: ის ჩემი ქმარია, თუ შევეპასუხები, მართლაც გადამსვამს მანქანიდან“-იხსენებდა ელიზაბეტის ბიძა და ფილიპის აღმზრდელი ჰერცოგი მაუნტბატენი.

ქორწინების შემდეგ, პრინცმა ფილიპმა ედინბურგის ჰერცოგის ტიტული მიიღო. პირველ ეტაპზე, ის ელიზაბედის მთავარი მრჩეველი გახლდათ, დედოფალი ყოველთვის ითვალისწინებდა მეუღლის აზრს, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ელიზაბედ მეორემ ქმრის სახელმწიფო სამეებში ჩარევა შეწყვიტა, ფილიპი აღარ ესწრებოდა დედოფლისა და პრემიერ მინისტრ ვინსტონ ჩერჩილის შეხვედრებს. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც დედოფალმა ჩერჩილის რჩევა გაითვალისწინა და პირველი ორი შვილისთვის ფილიპის გვარის მიცემაზე უარი განაცხადა. პრინცი ჩარლზი და პრინცესა ანა დღემდე მხოლოდ უინძორის გვარს ატარებენ. ცოლის საქციელით განაწყენებულმა ფილიპმა ინგლისი 6 თვით დატოვა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდა.

ფილიპის ლონდონში დაბრუნების შემდეგ, მონატრებული ცოლ-ქმრის ურთიერთობა ისევ დალაგდა. 1960 წელს დედოფალს მესამე შვილი ენდრიუ შეეძინა, რომელსაც გვარი მაუნტბატენ-უინძორი მისცეს, დედ-მამის გვარს ერთდროულად ატარებს ელიზაბეტის მეოთხე შვილი ედვარდიც.

"ფილიპი დედოფლის ჩრდილში ცხოვრობს, საჯარო გამოსვლების დროს ის ელიზაბეტს ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვება-თუმცა ეს მათი ურთიერთობის მხოლოდ ოფიციალური მხარეა. სახლში პრინცი ფილიპი ოჯახის უფროსი გახლავთ, სწორედ ის წყვეტს მნიშვნელოვან საოჯახო საკითხებს." - წერს რობერტ ლეისი.

ელიზაბეტ მეორისა და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპის ოჯახი უკვე 65 წლისაა. 5 წლის წინ ჟურნალმა ტაიმსმა მათი სიყვარულის ამბავს ასწლეულის love story-ს სტატუსი მიანიჭა და სტაბილურობის სიმბოლოდ დაასახელა.

კომენტარი