3 თებერვალს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. დღემდე მიჩნეულია, რომ ჟვანია არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. ზურაბ ჟვანია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს, 1963 წელს ქ. თბილისში. 1985 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები“ , რომლის ხელმძღვანელადაც თავად აირჩიეს.

1992 წელს გახდა ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბერში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა.

კომენტარი