ეს უნდა იცოდეთ! ცემენტი ქართველმა გამოიგონა

ეგორ ჭელიევი დაიბადა 1771 წელს ნოვოროსიისკის გუბერნიაში. იგი იყო ქართველ ჰუსართა პოლკის გადამდგარი სეკუნდ-მაიორის, გერასიმე ჭელიძის ვაჟი.

1787 წელს თექვსმეტი წლის ყმაწვილი განაწესეს მიწისმზომად. 1800 წლიდან მუშაობს მოსკოვში მიწისმზომ-დამგეგმარებლად. 1812 წლიდან, ნაპოლეონის განდევნის შემდეგ, ხელმძღვანელობს სამხედრო-სამუშაო ბრიგადებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დედაქალაქის აღდგენაში. 1817 წელს ის ინიშნება ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე – საპროექტო და არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სახელოსნოს დირექტორად. მისი მთავარი ამოცანაა მოსკოვის გენერალური გეგმის დასრულება. 1824 წელს ის უკვე პატაკობს ზემდგომ ორგანოებს, რომ ,,მტრისაგან ფერფლად ქცეული დედაქალაქი აღდგენილია, და მისი იერი მოყვანილია პირვანდელთან შედარებით, კიდევ უფრო უკეთეს გარეგნულ სახემდე''.

ეგორ ჭელიევი თვით ახორციელებდა ჰიდროტექნიკურ და საგზაო სამუშაოებს, 1821 წლიდან 1829 წლამდე ახდენდა დაგეგმარებას მთელ მოსკოვში. მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ცემენტის გამოგონება.

დიდხანს ითვლებოდა, რომ ცემენტი 1824 წელს გამოიგონა ინგლისელმა ასპდინმა, მაგრამ საარქივო დოკუმენტებმა ცხადყვეს ჭელიევის პრიორიტეტი. ცემენტის დაბადების თარიღად ითვლება 1822 წელი. მაშინ დაიწერა ჭელიევის წიგნი ,,ტრაქტატი კარგი სამშენებლო ხსნარების მომზადების ხელოვნების შესახებ''. ჭელიევმა შექმნა მტკიცე სილიკატური ცემენტი, რომელიც იქცა დღევანდელი ცემენტის წინარე სახედ. ფრანგებთან ომის შემდგომ წლებში, სწორედ მის მიერ შექმნილი სამშენებლო მასალისგან ხდებოდა ძველი შენობების აღდგენა და ახლების აგება. თავისი გამოგონება ჭელიევმა დაწვრილებით აღწერა მომდევნო წიგნში, რომელიც 1825 წელს დაიბეჭდა. წიგნს ერქვა: ,,სრული აღწერილობა, თუ როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი, ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისათვის, როგორიცაა: არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები; მიწისქვეშა სარდაფებისათვის და ხისა და ქვის ნაგებობათა შესაბათქაშებლად''. ავტორი შენიშნავდა, რომ წიგნი დაწერილი იყო რეალურად აგებული შენობების პრაქტიკის საფუძველზე. ნაშრომში აღწერილი იყო ცემენტის მიღების ხერხი კირის (ან ცარცის) და თიხის ნაერთის გამოწვისა და მიღებული პროდუქტის დაქუცმაცების მეშვეობით. წიგნი დადასტურებაა ავტორის, როგორც შესანიშნავი მკვლევარისა და პრაქტიკოსის, უებრო ნიჭიერებისა, რომელმაც ტექნიკურად ჩამორჩენილი რუსეთი ცემენტის სამშენებლო მასალით შეაიარაღა! მისი დასკვნების სიმყარეზე მეტყველებს ის გარემოება, რომ დღემდე ცემენტი მზადდება ჭელიევის მეთოდით.

1828 წელს ეგორ ჭელიევი მოულოდნელ ვითარებათა მსხვერპლი შეიქნა და დაუმსახურებლად და უსამართლოდ დასთხოვეს სამუშაოს. გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, 1839 წელს.

კომენტარი