ტყვედ გაყიდული ქართველი, რომელსაც თვით შაჰიც ემორჩილებოდა

ცნობილია, რომ სპარსეთის შაჰებს თვალი ყოველთვის ქართველ სარდლებზე ეჭირათ. შაჰ აბასის დროს, ჯერ იყო, და გიორგი სააკაძე უძღოდა სპარსეთის მხედრობას. ინდოეთი და ავღანეთი აიღო, ერაყშიც შეიჭრა, თურქი–ოსმალოც დაიფრინა და გვარიანად გასწია ირანის საზღვრები. სააკაძის მზე ჩაესვენა და ალავერდი-ხან უნდილაძე გამოჩნდა. მერე ის გახდა შაჰის მარჯვენა ხელი და პირველი კაცი. რისი გაკეთებაც სააკაძემ ვერ მოასწრო, უნდილაძემ დაამთავრა.

ალავერდი ხანი იყო ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე – გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე. საქართველოდან ბავშვი წაიყვანეს ტყვედ და ეს ტყვე ქართველი გახდა შაჰ-აბას I-ის მარჯვენა ხელი, მისი სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს, მეორე ვერსიით კი, საქართველოში უნდილაძეთა გვარის დამცრობა ნელ-ნელა ხდებოდა და ბოლოს იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ აღარაფერი დარჩენიათ და ალავერდი-ხანი თვითონ წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.

ალავერდი-ხანი პირველად 1588 წელს იხსენიება, ეს არის მეორე წელი შაჰ-აბასის ტახტზე ასვლიდან. ამ წელს აბასმა თავიდან მოიშორა დიდი მოხელე – მურშიდ ყული-ხანი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ამ საქმეში, შაჰის გვერდით მოქმედებს ალავერდი-ხანიც. ერთ-ერთი პირველი ბრძოლა, სადაც ალავერდი-ხანი გამოჩნდა, იყო შეტაკება ვანის ტბასთან 1605 წელს, სადაც თურმე, ისეთი მძიმე ბრძოლა გამართულა, რომ თვით შაჰ-აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აუღია ალავერდი-ხანს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. ეს გამარჯვება იმდებად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შემდეგ დაიწყო თვით შაჰის აღმავლობა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანიც დიდი ფიგურა ხდება შაჰის კარზე. ამ გამარჯვების შემდეგ უნდილაძე გახდა შაჰ-აბასის რეფორმების ორგანიზატორი – ის ყველაფერში გვერდში ედგა შაჰს და ირანის დიდებას ემსახურებოდა. თავდაპირველად მას საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი, მოგვიანებით კი, ყულის ჯარის უფროსი, ანუ, ყულარ აღასი გახდა.

როგორც სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-1612). მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობა, ასევე მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ირანის არტილერიის შექმნას. ტახტზე ასვლის შემდეგ შაჰ-აბასმა მისი წყალობით ბევრი ომი მოიგო და ამიტომაც უბოძა მთავარსარდლობა. უნდილაძე იყო სეფიანთა დინასტიის პირველი მთავარსარდალი და ერთ-ერთი დიდი პროვინციის, ფარსის ბეგლარბეგი (გუბერნატორი). როგორც წესი, შაჰ-აბასი ყველა პროვინციის გუბერნატორს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა - შაჰი უნდილაძეს უსაზღვროდ ენდობოდა და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა. ხშირად იტყოდა, სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი უნდილაძეს ვემორჩილებიო.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ-აბასი სწერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. რა თქმა უნდა, ეშმაკი შაჰი ამას იმიტომ წერდა, რომ სჭირდებოდა ევროპის მომხრეობა ოსმალების წინააღმდეგ. ამ წერილში იგი აღნიშნავს: ჯერ ერთი, მე ერთი მეუღლე ქართველი მყავს (გულისხმობს სიმონ-ხანის ასულს – ელენეს) და, ამავე დროს, დაწინაურებული მყავს ქრისტიანი ალავერდი-ხანიო. ასე რომ, ამ წერილში უკვე ჩანს პირველი უნდილაძე შაჰის გვერდით.

უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. მისი დამსახურებაა ისპაჰანში – მაშინდელ დედაქალაში მდინარე ზაიანდე-რუდზე, რომელიც ქართულად „დედა მდინარეს“ ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება.

იგი ამჟამადაც ფუნქციონირებს და მის სახელს ატარებს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამ

ება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული. ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთან ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობაა დაკავშირებული; სანაპიროები, სადაც გაშენებულია ძალიან ლამაზი ბაღები თავისი გაზონებით, რომლებსაც შადრევნები ამშვენებს. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი-ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ ეს გზები. არსებობს გადმოცემა, რომ უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა. მაგრამ, შემდეგ, ალბათ, მოშალეს, ვინაიდან ასეთი რამ ირანში მიუღებელი იყო.

შაჰმა თავის კარზე ქართველთა მთელი დასი შექმნა. საერთოდ, სიმპტომატურია, რომ, ვინც ქართველების ყველაზე დიდი მტერია, სწორედ მის კარზე იქმნება ხოლმე ქართველთა დასი. ამ დასში აღმოჩნდა ალავერდი-ხანიც, ასევე სააკაძეები, როსტომ-ხანი, ანუ, როგორც მაშინ მოიხსენიებოდა – სეფი მირზა, ცნობილი მხატვარი სიაუში, მაგრამ, ყველაზე გამორჩეული მათ შორის უნდილაძეები იყვნენ თავიანთი თვისებებით, პოპულარობითა და, შეიძლება ითქვას, უფრო დიდი შეგნებით: ისინი ცდილობდნენ, საქართველოს საწინააღმდეგო არანაირ აქციაში არ მიეღოთ მონაწილეობა. არის ცნობები, რომ 1614 წელს ალავერდი-ხანს შაჰი უხმობდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად, გიორგი სააკაძის მსგავსად, მაგრამ, ალავერდი-ხანმა როგორღაც მოახერხა და უარი თქვა საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ავადმყოფობას იმიზეზებდნენ ხოლმე. შემდეგ მისი შვილი იმამ ყული-ხანიც ასევე მოიქცა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანი ძალიან მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ეს მკვლელობა შაჰმა ალავერდი-ხანს სწორედ ამ უარის გამო მოუწყო, სხვა ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.

შაჰ აბას I-ის ბრძანებით, ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა, დაუდ-ხანმა, ყარაბაღისა.

კომენტარი