გენი, რომელიც 100 წლის სიცოცხლეს გვპირდება

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დღეგრძელობაზე პასუხისმგებელი გენების ჯგუფი აღმოაჩინეს.

გაირკვა, რომ დღეგრძელი ადამიანი ფიზიოლოგიურად განსხვავდება "ნორმალურისგან". ჯერ კიდევ 2002 წელს განაცხადეს მეცნიერებმა, რომ აღმოაჩინეს გენი "მათუსალა", რომლის მატარებელი ადამიანი დიდხანს ცოცხლობს, განურჩევლად იმისა, ეწევა თუ არა ცხოვრების ჯანსაღ წესს. მკვლევრებმა მიიჩნიეს, რომ გენი მის მატარებელს იცავდა მოწევისა და სხვა მავნე ჩვევების გავლენისგან და ასაკობრივი დაავადებების რამდენიმე ათეული წლით გადავადება შეეძლო, მაგრამ მოგვიანებით დაასკვნეს, რომ მხოლოდ ერთი გენი ადამიანს დღეგრძელობას ვერ აჩუქებდა და რომ დღეგრძელობის საიდუმლო გენების ჯგუფში იყო საძიებელი.

გამოკვლევაში, რომელსაც ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელი ელინ სლაგბუმი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა მიიღო 90-დან 99 წლამდე ასაკის 3 500-მა ჰოლანდიელმა. სლაგბუმის თქმით, დღეგრძელებს სხვებზე არანაკლები რაოდენობით აქვთ დაბერებისა და დაავადებების გამშვები გენები, მაგრამ მათთან ერთად მათ დნმ-ში არის სხვა გენებიც, რომლებიც "მავნე გენების" ამოქმედებას აფერხებს. ჟურნალი წერს, რომ ეს აღმოჩენა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია "ახალგაზრდობის ელექსირის" შექმნის საქმეში. სწავლულთა აზრით, ადამიანის ფიზიოლოგიური აქტიურობის გამახანგრძლივებელი პრეპარატები ფარმაკოლოგიური წარმოების ჰიტად იქცევა.

კომენტარი