ტუნგუსკის მეტეორიტი

ტუნგუსკის მეტეორიტი უნიკალური ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი). იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომელიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე, 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.

1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე, მდინარე ენისეის აუზში, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულებით გაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა. გაფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში, ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები. ობსერვატორიის დირექტორის, ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ვოზნესევსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.

2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, წაქცეულ იქნა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამოდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე, ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.

კატასტროფის ადგილზე გაგზავნილ იქნა რამდენიმე ექსპედიცია, რომელთაგან პირველი (გამოკვლევითი ექსპედიცია) განხორციელდა 1927 წელს ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.

ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.

დადგენილია, რომ მოვლენების განვითარებამდე სამი დღით ადრე, დაწყებული 1908 წლის 27 ივნისიდან ევროპის, რუსეთის ევროპული ნაწილისა და ციმბირის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა უცნაური ატმოსფერული მოვლენები: ვერცხლისებრი ღრუბლები, ბინდი და სხვა. ბრიტანელი ასტრონომი უილიამ ფრედერიკ დენინგი წერს: „30 ივნისის ღამით ბრისტოლის თავზე არსებული ცა იმდენად ნათელი იყო, რომ ვარსკვლავები აღარც კი ჩანდნენ, და რომ ცის ჩრდილოეთ ნაწილს მოწითალო შეფერილობა ჰქონოდა, ხოლო აღმოსავლეთურს — მომწვანო“.

დილით 1908 წლის 30 ივნისს ცენტრალურ ციმბირში გაიფრინა ცეცხლოვანმა სხეულმა, რომელიც ჩრდილოეთური მიმართულებით მოძრაობდა; მისი ეს ფრენა დაფიქსირდა არაერთ დასახლებულ პუნქტზე, რომელშიაც ასევე ქუხილის ხმები გაისმოდა. სხეულის ფორმა აღიწერება მომრგვალოდ, სფეროსებურად ან ცილინდრულად. ფერი როგორც წითელი, ისევე ყვითელი ან თეთრი.

ადგილობრივი დროით 7 საათსა და 14 წუთზე ცეცხლოვანი სხეული აფეთქდა. აფეთქების სიმძლავრე განისაზღვრა 40-50 მეგატონით, რაც შეესატყვისება უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას.

აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით 1000 „ჰიროსიმას“, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია. საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.

აფეთქების შედეგად მიწა ისე ზანზარებდა, რომ ასეულ კილომეტრზე იმსხვრეოდა ფანჯრის შუშები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველთა დაჯგუფებები პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებული ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც ამას კულიკი აღწერდა „ლერწამივით იყო გადატეხილი“.

დადგენილია, რომ აფეთქება დაფიქსირდა ჰაერში სხვადასხვა ცნობებით 5-15 კმ-ზე. საუბარი შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ წერტილში (ეპიცენტრში) არსებულ კოორდინატთა პროექციაში. გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა განსაკუთრებული წერტილიდან სხვადასხვა შედეგებს იძლევიან.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღა რეგისტრირებულ იქნა ირკუტსკის, ტაშკენტის, თბილისისა და იენის ობსერვატორიებში. აფეთქების შემდეგ დაიწყო გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. წარმოუდგენელი ატმოსფერული ეფექტები, რომლებიც აფეთქებას უსწრებდნენ წინ, მაქსიმუმს 1 ივლისს მიაღწიეს, რის შემდეგაც კლება დაიწყეს (თუმცა მათი ცალკეული კვალი შენარჩუნებულ იქნა ივლისის ბოლომდე).

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ტუნგუსკასთან ახლოს მოხდა აფეთქება, გამოქვეყნდა 1908 წლის 30 ივნისს გაზეთ „ციმბირის ცხოვრება“-ში (რუს. „Сибирская жизнь“):

„დაახლოებით დილის 8 საათზე, რკინიგზის ხაზიდან რამდენიმე საჟენის მოშორებით, პუნქტ ფილიმონოვოსთან გადასვლის ადგილთან, კანსკთან 11 ვერსტის დაშორებით, ერთ-ერთი მოყოლით ჩამოვარდა დიდი მეტეორიტი... მგზავრები, რომლებიც მატარებლით მიდიოდნენ განცვიფრებულები დარჩნენ უჩვეულო გრუხუნით. მემანქანემ მატარებელი გააჩერა, საზოგადოება კი გამალებულად მივარდა იმ ადგილს, სადაც შორეული უცნობი ობიექტი ჩამოვარდა.

თუმცა მეტეორიტის ახლოდან დათვალიერება ვერ მოხერხდა, რამეთუ იგი ნამსხვრევებად ოყო ქცეული...

მეტეორიტი თითქმის მთლიანად მიწას შეეჯახა, მოჩანს მხოლოდ მისი ზედა მონაკვეთი...“

აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ფრიად შორს დგას რეალურ სინამდვილესთან, თუმცა ეს წერილი ისტორიაში შევიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამ წერილმა აიძულა ლეონიდ კულიკს გამგზავრებულიყო ციმბირის ტერიტორიაზე, ვარდნის ადგილას.

გაზეთ „ციმბირ“-ში (რუს. „Сибирь“) 1908 წლის 2 ივლისიდან მოყვანილ იქნა უფრო დამაჯერებელი ფაქტები:

„17 ივნისს დილით, 9 საათის დასაწყისში, ჩვენთან დაფიქსირდა უცნაური ხასიათის ბუნებრივი მოვლენა. სოფელ კარელინსკში მაღლა ჰორიზონტზე, ქრისტიანმა ხალხმა შენიშნა უჩვეულოდ ძლიერი კაშკაშა მოთეთრო-მოლურჯო ფერის სხეული, რომელიც ზემოდან ქვემოთ ფრენდა 10 წუთის განმავლობაში.

სხეული წარმოადგენს მილისებურ, ცილინდრისებურ ფორმას. ცა უღრუბლო იყო, მხოლოდ მოშავო მომცრო ღრუბლები იყო შემჩნეული. ცხელოდა, ამინდი სიმშრალით გამოირჩეოდა. მიწასთან (ტყესთან) მიახლოების შემდეგ, კაშკაშა სხეული გაიპო, წარმოიქმნა შავი კვამლი, რომელსაც მოყვა უძლიერესი სიმძლავრის კაკუნისებური ხმა (და არა ქუხილი). მოგვაგონებდა ქვათა ცვენას. ნაგებობები ზანზარებდნენ. ამავდროულად, ციდან გამოიჭრა ამოუცნობი ფორმის ცეცხლოვანი სხეული.

სოფლის ყველა მაცხოვრებელი გარეთ გამოცვივდა, ქალები ტიროდნენ, ხოლო უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა“

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის განსაკუთრებული ინტერესი ამ მოვლენის მიმართ დიდად არავის გამოუხატავს. მეცნიერული გამოკვლევები მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოსთვის დაიწყო.

გავნითარებული მოვლენების შედეგად, გამოტანილ იქნა დასკვნა, იმის შესახებ, რომ ამ ადგილას ჩამოვარდა მრავალტონიანი მეტეორიტი, მოსაძებნი იყო მხოლოდ ფაქტები. თუმცა სწორედ ამ მომენტიდან იწყება პრობლემები. ვერც კრატერი და ვერც ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინეს. მეტეორიტული ჰიპოთეზა სულ უფრო და უფრო კარგავდა ძალას. მაშინვე იყო გამოთქმული ახალი მოსაზრება, რომ ციმბირში არა მეტეორიტი არამედ კომეტა ჩამოვარდა.

როგორც ცნობილია კომეტის ბირთვი შედგება წყლის ორთქლისა და გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ზოგიერთი სხვა ნაერთის, აგრეთვე მტვრისა და ქვის მსგავსი ნივთიერების ნარევისაგან. მიჩნეულ იქნა, რომ ციმბირის ამ ადგილას სწორედ რომ კომეტა ჩამოვარდა. ამასთან ერთად, კომეტის ჰიპოთეზა გამყარდა იმ გარემოებით, რომ ვარდნისას კომეტა ჰაერში ხახუნის ძალის შედეგად გადახურდა და აფეთქდა ხმელეთის ზედაპირიდან დაახლოებით 10 კმ-ში. ხმელეთზე სწორედ ამიტომ არ გამომუშავდა კრატერი, ხეები სწორედ წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ წააქცია, ხოლო ნამსხვრევები გადნა. ეს იყო იმ მონენტისთვის ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჰიპოთეზა, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზაც იქნა უარყოფილი, რამეთუ გაყინული ქვის მსგავსი ნაწილაკები, რომელიც აგებს კუდიან ვარსკვლავს, ვერ ახერხებს ატმოსფეროს მსხვილი ფენების გავლას, გადახურების შედეგად იგი უსათუოდ სკდება მსვლელობის დასაწყისშივე.

ტუნგუსკის მოვლენის შესახებ წარმოდგენა ისევ ჩიხში შევიდა.

1921 წელს აკადემიკოსების ვლადიმერ ვერნადსკისა და ალექსანდრე ფერსმანის მხარდაჭერით, მეცნიერ-მინერალოგმა ლეონიდ კულიკმა მოაწყო ტუნგუსკის პირველი ექსპედიცია, რომელიც მიმართული იყო ტუნგუსკის რაიონში არსებული მეტეორიტის ვარდნის არსებობის გადასინჯვა და მომხდარის გამოკვლევა.

მინერალოგი ლეონიდ კულიკი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ტუნგუსკის მეტეორიტის მიმართ. 1927-1939 წწ. ტუნგუსკაში მან მოაწყო ოთხი (სხვა ცნობით ექვსი) სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც ცდილობდა ტუნგუსკის ფენომენის ახსნას. თუმცა პირველი ექსპედიციის განხორციელება რთული აღმოჩნდა, რამეთუ იმ დროს ქვეყანაში მძიმე პირობები იყო. ტრანსპორტი, საკვები პროდუქტების მომარაგება, უსასხსრობა — ყოველივე ეს ართულებდა ექსპედიციის განხორციელებას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, კულიკის დიდი ძალისხმევით, ექსპედიცია მაინც შედგა. ლეონიდ კულიკმა მოახერხა და შეხვდა ანატოლი ლუნაჩარსკის, რომელიც 1917-1929 წწ. განათლების სახკომი იყო. ლუნაჩარსკი დაინტერესდა ექსპედიციით და ითავა აღნიშნული საქმე.

სრულიად რუსეთის ცაკი-ის პრეზიდიუმმა კულიკს მანდატი გამოუყო. 1921 წლის სექტემბერს ექსპედიცია, რომელსაც კულიკი ხელმძღვანელობდა დაიძრა შორეული აღმოსავლეთისაკენ. თუმცა ექსპედიციის გამგზავრებამდე ჟურნალ „მიროვედენიე“-ს (რუს. „Мироведение“) მთავარმა რედაქტორმა კულიკს გადასცა ოტო კირხნერის კალენდრის ნაწყვეტი, რომელშიაც ასახული იყო 1908 წლის 17 (30) ივნისის მომხდარი კატასტროფა. კულიკმა ციმბირში ყოფნისას მოინახულა არაერთი დასახლებული პუნქტი, რათა უკეთ გასცნობოდა მოვლენის ხასიათს. ამასთანავე, იგი ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვებს ატარებდა. მან საზოგადოებაში მრავალრიცხოვანი ანკეტები დაარიგა, სადაც შეკითხვები იყო დასმული მეტეორიტთან დაკავშირებით.

მონაცემების შეკრების შემდეგ, გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ მეტეორიტი სადღაც ენისეის მხარეში ჩამოვარდა. შედგენილ იქნა სქემატური რუკა, სადაც ნაჩვენები იყო მეტეორიტის ვარდნის დაახლოებითი ადგილმდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ კულიკს სურდა გამგზავრილიყო ვარდნის ადგილას, მისი ჩანაფიქრი იმ ეტაპზე ვერ განხორციელდა, რამეთუ გამოლეულ იქნა სახსრები.

ექსპედიცია შინ 1922 წლის მაისში დაბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში, ექსპედიციამ გაიარა დაახლოებით 20 ათ. კმ. საბოლოოდ, ამ ექსპედიციამ შეაგროვა მონაცემები, რომელმაც გამოარკვია მეტეორიტის ვარდნის უფრო ზუსტი კოორდინატები და ასევე გამოკითხულ იქნა თვითმხილველები. კულიკმა იმთავითვე განაცხადა, რომ მეტეორიტი სადღაც პოდკამენაია-ტუნგუსკის რაიონში ჩამოვარდა, თუმცა ამ მოსაზრებას უარყოფითად შეხვდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ახალი ცნობები მეტეორიტთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებდა კულიკის მოსაზრებას.

ირკუტსკის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი ვოზნესენსკი როდესაც გაეცნო ექსპედიციის შედეგებს, მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ მეტეორიტი ჩამოვარდა პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, 1908 წლის 30 ივნისს. 1925 წლის აგვისტოში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „მიროვედენიეში“, სადაც დახასიათებული იყო მეტეორიტთან დაკავშირებული მოვლენები.

გამოჩენილი გეოლოგი ვლადიმერ ობრუჩევი, რომელიც 1924 წელს იკვლევდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზს, ჟურნალ „მიროვედენიეში“ აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სადაც ყვება, ტუნგუსკასთან მომხდარ მოვლენას.

1926 წელს, ლეონიდ კულიკმა მოახერხა და მიაღწია ექსპედიციის ხელახალ დაფინანსებას. ამაში მას კვლავ ვლადიმერ ვერნადსკი დაეხმარა. არსებითად, ეს არა ექსპედიცია, არამედ რეკოგნოსცირება იყო. 1927 წლის თებერვალს კულიკი გიულიხთან ერთად გაემგზავრა შორეულ მოგზაურობაში. დანიშნულების ადგილს გაჭირვებით მიაკვლიეს. შედეგად, ექსპედიციამ მიიღო საყურადღებო მონაცემები. გამოვლინდა, რომ ხეები უზარმაზარ ტერიტორიაზე წაქცია, ამასთანავე უცნაური ის იყო, რომ ეპიცენტრის ადგილზე ხეებმა თავიანთი განლაგება შეინარჩუნეს, ხოლო მეტეორიტულ კრატერს ვერსად მიაკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტეორიტული კრატერი ვერ მოიპოვეს, კულიკი მაინც თავის მოსაზრებაზე რჩებოდა და აღნიშნავდა, რომ ტუნგუსკის რაიონში სწორედ რომ მეტეორიტი ჩამოვარდა. კვლევის დროს, მან დააფიქსირა თერმოკარსტული ძაბრები და შეცდომით მიიჩნია როგორც მეტეორიტული მომცრო კრატერები.

1928 წლის ნოემბერში, კულიკი ლენინგრადში ბრუნდება. გამოდიოდა მოხსენებებით. ალექსანდრე ფერსმანის ხელშეწყობით მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა დაეფინანსებინა ახალი ექსპედიცია, რომელსაც სათავეში ისევ კულიკი ჩაუდგებოდა. ამჯერად ექსპედიციის მიზანი იყო გამოევლინათ მეტეორიტის ნარჩენები.

1929 წლის 24 თებერვალს, ექსპედიცია გაემგზავრა ციმბირისკენ. კულიკმა ექსპედიციაში თან წაიყვანა ახალგაზრდა ასტრონომი ევგენი კრინოვი და ასევე სხვადასხვა სფეროდან რამდენიმე გამცდილი სპეციალისტი. ექსპედიცია საუკეთესოდ იყო აღჭურვილი. შესაძლებელი იყო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ბურღვითი სამუშაოების ჩატარება.

6 აპრილს ექსპედიცია მივიდა დანიშნულების ადგილას. მეტეორიტის ნამსხვრევების ძებნა, პირველ რიგში, დაიწყო ე. წ. სუსლოვსკის ძაბრში. მაისის ბოლოს, თხრილის დამუშავება დაასრულეს. თხრილის სიგრძემ შეადგინა 38 მ, ხოლო სიღრმემ 4 მ. შეუდგნენ ძირის გასუფთავებას და მათთვის გასაკვირად, ვერაფერი მეტეორიტის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ დაიწყო ბურღვითი სამუშაოები, რომელიც ხელით მიმდინარეობდა. პირველი ჭაბურღილის სიღრმემ 30 მ-ს მიაღწია; როდესაც ჭაბურღილი 25 მეტრის ნიშნულს მიუახლოვდა, აღმოჩნდა წყლისშემცველი ჰორიზონტები, რომელთა წყალმა რამდენიმე მეტრით ზედაპირისაკენ ამოიწია. შემდეგ დადგეს მეორე და მესამე ჭაბურღილები, თუმცა ისევ უშედეგოდ.

1930 წელს კულიკი ბრუნდება ლენინგრადში. ამის შემდეგ, ექსპედიცია დიდი ხნით გადაიდო.

რიგით მეოთხე ექსპედიცია მხოლოდ 1937-1938 წწ. განხორციელდა. აკადემიკოსის ოტო შმიდტის დახმარებით ამ რაიონში გაატარეს აეროფოტოაგეგმვა. 1939 წლის ივლისში მცირე ექსპედიციასთან ერთად კულიკი კვლავ ეწვია ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილს. ამჯერად მან გადაწყვიტა სამხრეთის ჭაობის ფსკერის შესწავლა. სიღრმის გაზომვამ უჩვენა, რომ ჭაობის ფსკერზე არის შესამჩნევი უსწორმასწოროებანი. ამ ადგილების უსწორმასწოროებების კვლევა კულიკმა 1940 წლის ზაფხულისთვის გადადო. იგი ფიქრობდა, რომ სწორედ ამ ჭაობის ფსკერის დარღვევა წარმოადგენს მეტეორიტის კვალს.

1940 წლისათვის დაგეგმილი იყო ასევე ფართო მაგნიტომეტრიული სამუშაოების შესრულება. თუმცა 1940 წლის ექსპედიცია არ განხორციელებულა. ხოლო 1941 წელს საბჭოთა კავშირმა დაიწყო ომი ფაშისტურ გერმანიასთან. კულიკი როგორც მოხალისე გაიწვიეს არმიაში, სადაც 1942 წელს დაიღუპა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ, კულიკის ექსპედიციის განახლება არავის ძალუძდა. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ კულიკის მიერ შესრულებულმა ოთხმა ექსპედიციამ არსებითად არაფერი არ უჩვენა. მთავარი — მეტეორიტი არ იქნა ნაპოვნი. ტუნგუსკის ფენომენის გარკვეული ხნით მივიწყება განაპირობა აგრეთვე ომის მსველობამ და მისმა შემდგომმა ვითარებამ.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ტუნგუსკის მეტეორიტის მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა. ამჯერად მისი საიდუმლოს გასარკვევად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არსებითად არ ჰქონდათ წარმოდგენა კატასტროფის შესახებ.

1946 წელს ჟურნალ „Вокруг света“ გაჩნდა სტატია „აფეთქება“. მისი ავტორი იყო მწერალი ალექსანდრე კაზანცევი. მან წამოწია ვერსია, რომლის მიხედვით ტუნგუსკაში აფეთქდა „პლანეტაშორისი ატომური ხომალდი“, რომელიც თავის მხრივ, დედამიწაზე გამოუშვეს „მარსელებმა“. სამეცნიერო წრეებში აღნიშნული ვერსია სერიოზულად არავინ განიხილა, თუმცა ახალგაზრდებში აღნიშნული ვერსია მეტად პოპულარული გახდა. საინტერესოა, რომ 1947 წელს ციმბირში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელწოდება — სიხოტე-ალინის მეტეორიტი. აღნიშნულმა მოვლენამ გარკვეულწილად დარჩრდილა ტუნგუსკის კატასტროფა.

1949 წელს ევგენი კრინოვმა გამოაქვეყნა მონოგრაფია „ტუნგუსკის მეტეორიტი“, რომელშიაც დაწვრილებით განიხილა ტუნგუსკის ისტორიის შესწავლის საკითხები.

1950 წელს ჟურნალის „Знание-сила“ ერთ-ერთმა მწერალმა წამოწია ვერსია, რომ ტუნგუსკის ადგილას აფეთქდა ვარსკვლავთშორისი (და არა პლანეტშორისი) კოსმოსური ხომალდი, რომელმაც საბოლოოდ წარმოშვა სამხრეთის ჭაობი. ტუნგუსკასთან დაკავშირებით შემდეგ წლებში მიმდინარეობდა გამოკვლევები, რომლებიც არსებითად მაინც ვერ ხსნიდა ტუნგუსკის ფენომენის ბუნებას. ვრცელდებოდა მხოლოდ ვერსიები. 1953 წელს ტუნგუსკა მოინახულა კირილ ფლორენსკიმ.

1958 წლის 30 ივნისი იყო ტუნგუსკის მეტეორიტის საიუბილეო თარიღი. ჟურნალ გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, სადაც საუბრობდნენ კულიკის მიერ ნაპოვნ მცირე ზომის რკინის ნაწილაკებზე, შესაბამისად მიიჩნევდნენ, რომ ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის საკითხი გარკვეულია. გაჩნდა ვერსია, რომ ტუნგუსკაში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელიც რკინისგან შედგებოდა. შემდეგ წლებში შეიქმნა სამოყვარულო არაფორმალური ორგანიზაცია — „КСЭ“. საბოლოოდ ვერც კულიკმა და ფლორენსკიმ, ვერც „КСЭ“-მ მეტეორიტების მსგავსი რაიმე საგანი ვერ აღმოაჩინეს.

1975 წელს გიორგი პეტროვმა დააფიქსირა, რომ ტუნგუსკის სხეული იყო მეტად ფხვიერი და 10-ჯერ აჭარბებდა დედამიწის ზედაპირის ჰაერის სიმჭიდროვეს. მიიჩნევა, რომ მეტეორიტის აფეთქების შედეგად გამოიყო კოლოსალური ენერგია, რამაც აირად აქცია მეტეორიტის მასა.

ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებული საყოველთაოდ მიღებული ჰიპოთეზები, რომლებიც ხსნიან მოვლენის განსაკუთრებულობას, დღემდე არ მოიპოვება. ამასთანავე, არსებული ვერსიები და შეხედულებები მეტად სხვადასხვაგვარია.

1970 წელს საბჭოთა ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი მიდიოდა 1969 წლამდე არსებულ ყველა თეორიაზე, საბოლოოდ ჟურნალში თითქმის 80 ასეთი თეორია აღიწერა.

1930-იან წლებში ბრიტანელი მეტეოროლოგი ფრენსის უიპლი წერს, რომ ტუნგუსკის მოვლენა დაკავშირებულია კომეტის ბირთვის დაცემასთან დედამიწაზე. მსგავსი თეორია შემოგვთავაზა ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ, რომელმაც მიიჩნია, რომ ტუნგუსკის სხეული იყო ფხვიერი სქელი კოსმოსური მტვერი. ასეთი ახსნა ბევრმა ასტრონომმა გაიზიარა.

გაანგარიშებით გამოითვალა, რომ კატასტროფის წარმომქმნელი ძალის ასახსნელად ციურ სხეულს უნდა ჰქონოდა მასა დაახლოებით 5 მლნ. ტ.

მკვლევარები ცდილობდნენ ასევე მეტეორიტული ჰიპოთეზის საბოლოოდ დამუშავებას. რიგი ასტრონომები ამტკიცებენ, რომ კომეტა მაღლა ატმოსფეროში უნდა დამსხვრეულიყო, ამიტომ მის ნაცვლად უნდა ჩამოვარდნილიყო ქვის ასტეროიდი.

ასტრონომ იგორ ასტაპოვიჩის მიხედვით, ტუნგუსკის ფენომენი შეიძლება აიხსნას ატმოსფეროს სქელი ფენებიდან მსხვილი მეტეორიტის რიკოშეტით.

„ნასას“ სეციალისტების მიხედვით (რომელიც გამოითქვა 2009 წლის ივნისში) ტუნგუსკის მეტეორიტი შედგებოდა ყინულისაგან, ხოლო მისმა გავლამ ატმოსფეროს სქელ ფენებში გამოიწვია იშვიათი ატმოსფერული მოვლენების წარმოქმნა. იგივე აზრს იზიარებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტი.

ოლივერ ნიჩელსონის მიხედვით, ტუნგუსკის აფეთქება, შესაძლოა, იყო ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტის შედეგი. აღნიშნულმა თეორიამ ვერ მიიზიდა მომხრეები, რამეთუ არ არსებობდა დამამტკიცებელი საბუთები, კერძოდ, მეტეორიტის მცირე ნაწილაკების არსებობა და ასევე, ხეების რადიალური განლაგება არ ხდის დამაჯერებელს აღნიშნულ შეხედულებას.

ასტროფიზიკოსმა ვოლფგანგ კუნდტმამ განავითარა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ტუნგუსკის მოვლენა გამოიწვია დედამიწის ქერქის შიგნით არსებული ბუნებრივი აირის უეცარმა განთავისუფლებამ და მისმა შემდგომმა უძლიერესმა აფეთქებამ. ანალოგიური ჰიპოთეზა ვერნეშოტი წამოყენებულ იქნა ტუნგუსკის კატასტროფის ასახსნელად.

1941 წელს ლინკოლნ ლაპაზმა, ხოლო შემდეგ 1965 წელს კლაიდ კოუენმა, ჩანდრა ატლურიმ და ვილარდ ლიბიმ შემოგვთავაზეს, რომ ტუნგუსკის მოვლენა გამოწვეული იყო კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ანტინივთიერების ნაწილაკის განადგურებით.

მოვლენის მიზეზი დღემდე ხშირი დისკუსიის საგანია.

1973 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ალბერტ ჯექსონმა და მაიკლ რაიანმა ივარაუდეს, რომ ტუნგუსკის მეტეორიტი იყო შავი მიკროხვრელი, რომელსაც ქონდა მასა 1017 -იდან 1019 კგ-მდე, რაც, თავის მხრივ, შეესაბამება ასტეროიდის მასას. შავი ხვრელი შეეჯახა დედამიწას ცენტრალური ციმბირის ტერიტორიიდან, მოხდა გამჭოლი გარღვევა, საიდანაც შავი ხვრელი აღმოჩნდა ცენტრალურ ამერიკაში (ნიუფაუნდლენდსა და გრენლანდიას შორის). ამას ხელი შეუწყო ატმოსფერულმა მოვლენებმა და დარტყმითმა ტალღამ.

ტუნგუსკის სხეულის შედგენილობა დღემდე დისკუსიის საგანია. 1930 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა ფრანსის უიპლმა შემოგვთავაზა იდეა, რომლის თანახმად ტუნგუსკის სხეული არის უმნიშვნელო კომეტა. კომეტური მეტეორიტები, რომლებიც ძირითადად შედგება ყინულისა და მტვრისაგან, შესაძლებელია რომ აორთქლებულიყო დედამიწის ატმოსფეროსთან შეჯახების დროს, რის შემდეგ მოისპო ყველანაირი ხილვადი კვალი. კომეტურ ჰიპოთეზას ამყარებს კაშკაშა ცა, რომელიც შეიმჩნეოდა რამდენიმე ღამის განმავლობაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე. აღნიშნული მოვლენა შესაძლოა აიხსნას გაძლიერებული მტვრისა და ყინულის შედგენილობით, რომელიც გაიფანტა ატმოსფეროს ზედა ფენიდან კომეტის კუდისაგან. ტუნგუსკის კომეტურმა ჰიპოთეზამ საბჭოთა კავშირში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1960-იან წლებში.

1978 წელს ასტრონომმა ლუბორ კრესაკმა ივარაუდა, რომ ტუნგუსკის სხეულის ფრაგმენტი არის ენკეს მოკლეპერიოდული კომეტები, რომელიც პასუხს აგებს ბეტა ტაურიდის მეტეორთა ნაკადზე: ტუნგუსკის მოვლენა დაემთხვა ნაკადის მაქსიმუმს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ამდაგვარი ფრაგმენტისაგან. დღევანდელ დროში ცნობილია, რომ ამდაგვარი ტიპის სხეულები ფეთქდება დედამიწის ზედაპირიდან ათეულ და ასეულ კილომეტრებზე. სამხედრო თანამგზავრებმა არაერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული მოვლენები.

1983 წელს ასტრონომმა ზდენეკ სეკანინმა გამოაქვეყნა სტატია „კომეტის ჰიპოთეზის კრიტიკა“. მან აღნიშნა, რომ სხეული, რომელიც კომეტური ნივთირებისაგან შედგებოდა, ატმოსფეროში მოგზაურობისას წესით უნდა დამსხვრეულიყო, იმ დროს როდესაც ტუნგუსკის სხეული ატმოსფეროს ქვედა ნაწილში დარჩა. სეკანინა მიუთითებდა, რომ არსებული გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ტუნგუსკა იყო ქვის მსხვილი ობიექტი, შესაძლოა ასტეროიდული წარმოშობის. აღნიშნულმა ჰიპოთეზამ მიიღო გაგრძელება 2001 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ფარინელასა და ფოსჩინის თანაავტორობით შექმნილი ნაშრომი, სადაც ნავარაუდევია ობიექტის შესაძლო შემოჭრა ასტეროიდთა სარტყლიდან.

კომეტური ჰიპოთეზის მომხრეებმა მიიჩნიეს, რომ ობიექტი იყო ამომწყდარი კომეტა ქვის მანტიით, რაც დაეხმარა ობიექტს შეჭრილიყო ატმოსფეროში.

ასტეროიდულ ჰიპოთეზაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ქვიურ ობიექტს უნდა შეექმნა დედამიწის ზედაპირზე კრატერი, მაგრამ ცნობილია, რომ ამდაგვარ წარმონაქმნს ვერსად მიაკვლიეს. გამოქვეყნდა სხვადასხვა მოდელები, ხოლო 1993 წელს გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვიური სხეულის დიამეტრი უნდა ყოფილიყო 60 მ (200 ფუტი). 2008 წელს ტუნგუსკის სამგანზომილებიანი მოდელირება შექმნეს უტუჟნიკოვმა და რუდენკომ. გამოვლინდა, რომ ტუნგუსკა უფრო კომეტური წარმოშობისაა. მათი შედეგების მიხედვით, კომეტური ნივთიერება იფანტება ატმოსფეროში, ხოლო ტყეების განადგურება განაპირობა დარტყმითმა ტალღამ.

1990-იან წწ. იტალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს ფისი, რომელიც ამოიღეს იმ ხეებიდან, რომლებიც 1908 წლის მოვლენებს ესწრებოდნენ. მათ აღმოაჩინეს მაღალ დონეზე მყოფი ქსოვილები, რომლებიც გვხვდება კლდოვან ასტეროიდებში და იშვიათად კომეტებში.

ბოლონიის უნივერსიტეტის გეოლოგების ჯგუფმა წამოწიეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ტუნგუსკის მეტეორიტის კრატერის ნაშთს, შესაძლოა, სწორედ რომ ჩეკოს ტბა წარმოადგენდეს. ტბის სიღრმე 50 მ-მდეა, ხოლო ფსკერი კონუსისებრი ფორმისაა. 1961 წელს ტბაზე ჩატარდა დეტალური გამოკვლევა და დადგინდა, რომ ტბის ასაკი შეადგენს არა ნაკლებ 5000 წელს. თუმცა ახალმა კვლევებმა საპირისპირო უჩვენა; სახელდობრ ტბის ფსკერის შლამის მხოლოდ 1 მეტრამდეა ტბასთან დაკავშრებული სედიმენტაციის შედეგი, რაც მიუთითებს, რომ ტბის ასაკი სულ რაღაც 100 წლამდეა. ზონდირების აკუსტიკური ექო გვარწმუნებს ტბის ფსკერის მეტეორიტულ წარმოშობაზე. ზონდირებამ უჩვენა ასევე ტბის ფსკერის კონუსისებური ფორმაც. ასაკი დაფუძნდა ტბის ფსკერზე არსებული შლამის დანალექებიდან გამომდინარე. მაგნიტური მონაცემები უჩვენებენ შესაძლო ქანის არსებობას, რომელიც შეიძლება შეჯახების სხეულის ფრაგმენტს წარმოადგენდეს.

ალექსანდრე კაზანცევის ერთ-ერთ რომანსა და მოთხრობაში გაშუქებულია უცხოპლანეტელ ხომალდთა ჰიპოთეზა, რომელიც მეტად პოპულარული გახდა საბჭოთა ფანტასტიკაში. სტანისლავ ლემი რომანში „ასტრონავტები“, იყენებს იგივე ჰიპოთეზას, სადაც საუბრობს, რომ ხომალდი სადაზვერვო იყო, რომელიც მიმართული იყო პლანეტა ვენერის მაცხოვრებელთა მიმართ, რომლებიც თავის მხრივ, ემზადებოდნენ დედამიწის დაპყრობისათვის და განადგურებისათვის. ძმები სტრუგაცკები ერთ-ერთ მოთხრობაში, იუმორით შეხვდნენ აღნიშნულ ჰიპოთეზებს და წამოაყენეს თავიანთი ახალი ვერსია, სადაც ხომალდი განიხილება არამარტო როგორც უცხოპლანეტური წარმოშობის, არამედ როგორც სხვა სივრციდან მყოფი ხომალდი, რომელშიაც დრო ჩვენ დროსთან შედარებით უკუღმა მოძრაობს.

იუმორის მიუხედავად, ტუნგუსკის მეტეორიტის უკუღმა დროში მოძრაობის ჰიპოთეზა, სსრკ-ში გამოთქმული იყო ჯერ კიდევ 1969 წლამდე, ხოლო შემდეგ 2000 წწ., სადაც ლიტერატურულად აიღწერა იური პერმატიევის მიერ. კრებულში „ფანტასტიკა. 1964 წელი“ გამოქვეყნდა ჰენრიხ ალტშულერისა და და ვალენტინა ჟურავლიოვას სტატია „მოგზაურობა პოლემიკის ეპიცენტრში“, სადაც საუბარი მიდის ფანტასტიკურ ჰიპოთეზაზე, რომლის თანახმად აფეთქება გამოწვეული იყო ლაზერული სიგნალით.

კომენტარი