ნარკომანის ფსიქოლოგიური პორტრეტი

ნარკომანია ნარკოტიკების მოხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილებაა. "ნარკოტიკი~ ბერძნული სიტყვაა და "გამაბრუებელს" ნიშნავს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად იყენებენ. ნარკომანია შეიძლება გამოვლინდეს ან ერთი, ან რამდენიმე ნარკოტიკისადმი ავადმყოფური მიდრეკილებით.

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვას და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი. ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.

ობსესიური ლტოლვა ცვლის ემოციურ ფონს, მაგრამ მას არ შეუძლია მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების იმ სტადიაში, როცა ფსიქიკური ლტოლვა ყალიბდება, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ბრძოლა გრძელდება. კონფლიქტი შეიძლება გაამძაფროს ამა თუ იმ სიტუაციამ, არასასიამოვნო განცდამ (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულებამ, ადამიანებთან ურთიერთობამ, საუბარმა. ფსიქიკური ანუ ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტესად თავად ავადმყოფი იტყუებს თავს, ანუ ეს დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია.

ნარკომანიით დაავადებულს პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ჰგვრის უმძიმეს შეგრძნებებს, რომლებიც ცნობილია აბსტინენციის სახელწოდებით: უგუნებობა, გაღიზიანებადობა, შიშები, გულგრილობა, თავბრუხვევა, გულისცემის გაძლიერება, მშფოთვარე ძილი. ამ დროს ავადმყოფები იყენებენ ნებისმიერ ხერხს, ზოგჯერ დანაშაულებრივსაც კი, ნარკოტიკის მოსაპოვებლად.

დროთა განმავლობაში ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ადრინდელი დოზა აღარ აკმაყოფილებს და მას თანდათანობით ზრდის. ამან შესაძლოა ქრონიკული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რასაც სომატური და ფსიქიკური დარღვევების წყება მოსდევს: ნებისყოფა სუსტდება, შრომის უნარი ეცემა, ავადმყოფი ხდება მატყუარა, ემოციურად არამდგრადი, მეხსიერება და, საზოგადოდ, გონებრივი შესაძლებლობები მკვეთრად უუარესდება. იცვლება ნარკომანის ქცევა, ურთიერთობა ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან. ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხის მისაღებად არ ერიდებიან არც ხვეწნა-მუდარას, არც მუქარას. ხდებიან საოცრად აგრესიულნი.

ნარკომანიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ადამიანის ნერვული ტიპი. დადგენილია, რომ ნარკომანი უმეტესად ფსიქოპათიური ტიპის პიროვნება ხდება. ნარკოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება ხშირად იქცევა პათოლოგიური მიდრეკილებებისა და ლტოლვის, ასევე - ადამიანის ფსიქიკის სერიოზული ცვლილებების მიზეზად. ეს ცვლილებები გამოიხატება ინტელექტის დაქვეითებით, მეხსიერების შესუსტებით, ფასეულობათა შეცვლით, ერთი სიტყვით, ხდება პიროვნების დეგრადაცია.

ნარკომანები, როგორც წესი, ფსიქოპათები არიან, ფსიქოპათია კი პიროვნების ანომალიაა. განწყობებისა და ჩვევების, ინდივიდის ხასიათის ნიშნების მთლიანობა ქმნის პიროვნებას, ფსიქოპათიურ პირებს კი ეს ნიშნები დისჰარმონიულ ურთიერთობაში აქვთ. ადამიანი ამჩნევს, რომ არაადეკვატურად იქცევა, რაც სირთულეებს უქმნის ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას, ნაცნობები, მეგობრები, უახლოესი ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ურჩევენ ნარკომანს, მიმართოს ექიმს და იმკურნალოს. შესაძლოა, ის თვითონვე გრძნობდეს თავს ცუდად, რადგან საკუთარ პრობლემებს თავს ვეღარ ართმევს. როცა ნარკომანი ფსიქოპათიურია, საკუთარ თავსა და გარემოსთან მუდამ კონფლიქტი აქვს.

ნარკომანის პიროვნების ქცევის ჩვეულ ფორმას წარმოადგენს განრისხება, სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის გამოხატვა, რაც სხვადასხვა გამღიზიანებლით არის გამოწვეული. ზოგჯერ აფეთქების შემდეგ ადამიანი ნანობს კიდეც თავის საქციელს, მაგრამ გავა დრო და თავისი ავადმყოფური მიდრეკილების გამო კვლავ კარგავს კონტროლს საკუთარ ემოციებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სავსებით იმპულსურ და გაუცნობიერებელ მოქმედებას - ხშირად ნარკომანი ცხადად აცნობიერებს პასუხისმგებლობას თავისი საქციელის გამო.

ნარკომანი, რომელიც მხოლოდ თავისი ავადმყოფური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა კონცენტრირებული, ხშირად დამნაშავეთა წრესაც უერთდება. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცეს და ყოველგვარ შეზღუდვასა თუ წინააღმდეგობას ახლობლებისა თუ საზოგადოების მხრიდან უსამართლობად აღიქვამს. მთელ თავის ენერგიას იგი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის სწრაფვას ახმარს. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად ანტისოციალურ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ნარკომანს ხშირად ენგრევა ოჯახი, მისი ფასეულობები შეცვლილია და კარგავს ინტერესს ყველაფრის მიმართ. ცოლის, შვილების პრობლემები მისთვის უცხოა, პირველ ადგილზე მისთვის საკუთარი პათოლოგიური სურვილები დგას. უამრავი მაგალითია იმისა, რომ ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ერთი დოზისთვის დაუთმია ქონება, სახლი, გამოუჩენია სრული გულგრილობა ცოლისა და შვილების მიმართ, გაუწირავს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა...

კომენტარი