თვითმკვლელობა, მკვლელობა, თავდასხმა და დაკავებები - ერთი დღის კრიმინალური ქრონიკა

ქართველ სამართალდამცავებს დღეს მძიმე და ხმაურიანი დღე ჰქონდათ.

დღე ვაკეში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებით დაიწყო. პირი, რომელმაც აბაშიძის ქუჩაზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ავტომანქანით მიიყვანა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, ის 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბ. გახლავთ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ბ-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ვლადიმერ ბ. დამნაშავე პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით.

მეორე ოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ, რომელიც დაზარალებულის ნათესავია. ასევე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული დავით ლ. ყაჩაღობის ბრალდებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდნენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. და დავით ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ალექსანდრე რ-მ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქეთევან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებულმა სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე დღეში აცნობა.

გამოძიება ყაჩაღობის, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 24-179-ე მუხლის მე-2 "ბ" და მე-3 "ბ" და 177-ე მუხლის 2-ე ნაწილით).

თუმცა ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებები არ წყდება, დღეს ბათუმის პლაჟზე პოლიციელის შვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქე სცემა. ინფორმაცია ამის შესახებ უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა გაავრცელა.

"დილის 9 საათი იქნებოდა. ბულვარის პლაჟზე ვიყავი, სადაც ვნახე კამათი ადამიანებს შორის. ცოტა მოგვიანებით კი, მამაკაცმა თავის თანმხლებ ქალს უმოწყალოდ სცემა, წიხლებით, ხელებით ურტყამდა, ძირს დააგდო. გაითიშა ქალი. მაშინვე დავურეკეთ პოლიციას, ჯერ მოვიდა დაცვის პოლიცია, შემდეგ - საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. წაიყვანეს მეექვსე განყოფილებაში, სადაც შუქი არ იყო და გადაიყვანეს მესამე განყოფილებაში. ეს ქალი დაკითხეს და მოწმეების სახით ვიკითხებით რამდენიმე ადამიანი. აღმოჩნდა, რომ მოძალადე მამაკაცი არის პოლიციელის შვილი. ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებ, მგონია, არ არის ეთიკური, ამ კაცს მაინც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. მოიყვანეს მოძალადე განყოფილებაში და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ, პოლიციის განყოფილების უფროსმა მანუჩარ კახიძემ თქვა, რომ მის დაკავებას არ აპირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ ბიჭმა პასპორტი წაართვა ქალს და ერთი წლის განმავლობაში ასე ძალადობს მასზე. განყოფილების უფროსს ვკითხე, რომ ამ ქალის სიცოცხლეზე პასუხს აგებდა თუ არა, მან მიპასუხა, რომ პასუხისმგებელი იყო", - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

დღესვე ლენტეხში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

და ბოლოს პოლიციელის თვითმკვლელობა ფოთში. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რომ 28 წლის ახალგაზრდა, ი.ნ. პოლიციაში მუშაობდა. მან ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში ისროლა და ამ ამბავს გარდაცვლილის დედაც შეესწრო. შემთხვევა ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.
გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარი