სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მფრინავი თეფში“ რუსული ბალისტიკური რაკეტა აღმოჩნდა (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ობიექტი ცაში, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ეგონათ, სინამდვილეში, რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა იყო.

7 ივნისს, დილით, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, კვიპროსის, ისრაელის, ლიბანის, იორადნიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობამ ცაში უცხო ობიექტი შენიშნა, რომელიც კუდიან კომეტას ჰგავდა. ეს მოვლენა თბილისშიც შენიშნეს და მასზე სხვადასხვა ფორუმებზე იყო საუბარი.

თუმცა აღმოჩნდა, რომ „მფრინავი თეფში“ სხვა არაფერია, თუ არა რუსული „ტოპოლი“. ამის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტა ასტრახანის ოლქის კაპუსტინ იარის პოლიგონიდან გაუშვა.

„რამდენიმე წუთში რაკეტამ წარმატებით გაანადგურა პირობითი სამიზნე ყაზახეთში - იუწყება სამინისტრო.

რუსული რაკეტის დემონსტრატიულმა გაშვებამ პირველად ვოლგოგრადის ოლქი შეაშფოთა, სადაც მანათობელი ობიექტი ცაში საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა. კონტინენტთაშორისმა რაკეტამ სიმაღლე ასტრახანისა და ყუბანის ცაზე აკრიფა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რაკეტის წარმატებულად გაშვების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც ზოგიერთ ქვეყანაში ამან სერიოზული პანიკა გამოიწვია.

მაგალითად, ისრაელის ასობით მცხოვრებმა პოლიციაში დარეკა. არმია ირწმუნებოდა, რომ არანაირი ოპერაცია მითითებულ ზონაში არ ჩაუტარებია.

ობიექტს ასტრონომებიც კი ადევნებდნენ თვალს. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა მოსკოვმა ბალისტიკური რაკეტის წარმატებულად გაშვებაზე:

„გაშვების მიზანი ამ ტიპის რაკეტების საფრენ- ტექნიკური მახასიათებლების სტაბილურობის დადასტურება იყო. გამოცდის შედეგად მიღებულია ინფორმაცია სხვადასხვა პარამეტრების შესახებ, რომლებსაც მომავალში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ეფექტურად დაძლევის საშუალებებისთვის გამოვიყენებთ - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, რაკეტამ ლიბანის საჰაერო სივრცეში 80 კილომეტრის სიმაღლეზე გაიარა, რაც პარამეტრებიდან გადახვევა იყო. ისრაელის საინფორმაციო საიტი „უაი-ნეტ“ ასტრონომთა ასოციაციის თავმჯდომარის იგალ პატ-ელის მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც ვარაუდობს, რომ ბალისტიკური რაკეტა შეიძლება კონტროლიდან გამოსულიყო, რადგან ადამიანები თვალნათლივ ხედავდნენ მის ფრაგმენტებს და საწვავის ნარჩენებს. გარდა ამისა, რაკეტა უცნაურად ბრუნავდა, რაც შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ არც ისე წარმატებულად გაფრინდა და სპირალური ბრუნვა დაიწყო.

მსგავს შემთხვევას 2009 წელსაც ჰქონდა ადგილი. მაშინ უცხო ობიექტი ნორვეგიელებმა შენიშნეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ასევე რუსული რაკეტა „ბულავა“ იყო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და სპირალისებური ბრუნვა დაიწყო.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100