აფხაზ აბიტურიენტებს რუსეთში სწავლა არ სურთ

მოსკოვმა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კვოტები გამოჰყო. ამ სასწავლებლებს შორის, „აფსნი პრესის“ ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სანკტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმირალ მაკაროვის სახელობის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში თითქმის არ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სწავლა ზემოთხსენებულ სასწავლებლებში სურთ. სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 3 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზი აბიტურიენტებისგან, ჯერჯერობით, 17 განაცხადია შესული.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა მხარემ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სპეციალისტების ჩამონათვალში არ არის არცერთი სპეციალობა, რომელიც რესპუბლიკას არ გამოადგება, სიტუაცია ძალიან კატასტროფულია“, – განაცხადა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა, ლეონიდ ლაკირბაიამ.

„ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმხელა ფუფუნების უფლებას, უარი ვთქვათ რუსეთის განათლების სამინისტროს ამ შემოთავაზებაზე და ჩვენი ახალგაზრდები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში არ გავგზავნოთ“ , – დაამატა მანვე და კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, პროფესიის არჩევის დროს დამოუკიდებელი და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზმა აბიტურიენტებმა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოყოფილი კვოტები ვერც შარშან შეავსეს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საშუალო განათლების დაბალი დონეა, რომელიც აფხაზიკაციას იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები ჩააბარონ.

რუსულმა მხარემ აპრილის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთისთვის 47 სპეციალობაში 72 ადგილი გამოყო. მათ შორის ახალი სპეციალობებიცაა, მაგალითად, „კავშირგაბმულობის სისტემის ინფორმაციული ტექნოლოგიები“, „ინფორმაციული უსაფრთხოება“, „გემთმშენებლობა და საზღვაო ინფრასტრუქტურის სისტემური ტექნიკა“, „სატრანსპორტო პროცესის ტექნოლოგიები“, ასევე „არქიტექტურა და მშენებლობა“ და ისეთი ძველი და პოპულარული სპეციალობები, როგორებიცაა: მედიცინა, ვეტერინარია, ბიოტექნოლოგიები, ეკონომიკა და მენეჯმენტი და იურისპრუდენცია.

კომენტარი