კახა თარგამაძე: „ჩვენს დროს ციხეში ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო?..“

რუსეთის მოქალაქე, შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას აპირებს, ოღონდ ამ თხოვნით სააკაშვილს არ მიმართავს. კახა თარგამაძე ამბობს, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა, მაგრამ საცხოვრებლად დაბრუნებას ჯერ არ ფიქრობს.

"GlobalNews” კახა თარგამაძეს ესაუბრა:

-როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?

ის, რომ ხელისუფლება იცვლება, იდეალური სიტუაციაა. რაც შეიძლება სწრაფად რომ უნდა შეიცვალოს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ის პოზიციები, სადაც კიდევ არ არის განხორციელებული ცვლილებები, სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

-პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი?

-ბიძინა ივანიშვილს ჩემი რჩევები არ სჭირდება, ამ კაცმა ყველაფერი ისე გააკეთა და აკეთებს, რომ მე მგონი, ჩემი რჩევები ზედმეტია. როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, მე ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ გაზეთს, სადაც მივმართე ქართველ ერს გამოეყენებინა ეს შანსი, რადგან ეს მისთვის გადარჩენის ბოლო შანსი იყო. მე ახლოს ვიცნობ ქართველ ხალხს და მიკვირდა მონობას როგორ იტანდა. ერთხელ ხუმრობით ისიც კი ვთქვი, ქართველი აღარ ვარ, ყირგიზი ვარ-მეთქი , იმიტომ რომ ყირგიზებმა არ აიტანეს მონობა. ქართველმა ერმა, ბოლო მომენტში მაინც მოახერხა მობილიზება. ახლა კიდევ უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ესენი უნდა მოაცილონ იქიდან.

-საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

–არა, საცხოვრებლად არა. ჩემი გამოცდილება თუ ვინმეს რამეში დასჭირდება, უარს არავის არ ვეტყვი, მაგრამ არ ვამბობ იმას რომ საქართველოში დაბრუნდებას ვაპირებ. სტუმრად გესტუმრებით, მერე როცა სააკაშვილი პრეზიდენტი არ იქნება მინდა საქართველოს მოქალაქეობა დავიბრუნო. კონსტიტუციაში წერია, რომ დაბადების ადგილის მიხედვით მაქვს ამის უფლება. მე სააკაშვილს არც მივმართავ ამ თხოვნით. როგორ ვიკადრებ მე მასთან რაიმე თემაზე საუბარს? რა თქმა უნდა, ჩამოვალ საქართველოში.

-2004 წლის შემდეგ საქართველოში არც ერთხელ არ ყოფილხართ?

-არც ერთხელ არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, მეძებეს ძალიან ბევრი, მაგრამ რაც არ იყო რას იპოვიდნენ? ჩემთან იმ ფორმით, როგორითაც, სამწუხაროდ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ახორციელებდნენ, ცოტა გაუჭირდებოდათ. მე 9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავრჩები საქართველოში. მე, საქართველოს მოქალაქეობაც კი არა მაქვს, ახლა იტალიაში ვიმყოფები. მე რუსეთის მოქალაქე ვარ 2004 წლიდან. იტალიაში ახლა საქმეზე ვარ ჩამოსული და ორ დღეში დავბრუნდები მოსკოვში. ბატონი მიხეილი როგორც კი მობრძანდა, ეს იყო მთავარი პირობა და დავტოვე საქართველოს მოქალაქეობა, რომ ჩემს ყოფილ თანამშრომლებზე არ განხორციელებულიყო ის უკანონობები რაც ხორციელდებოდა ქვეყანაში.

-რაიმე პრეტენზიები ხომ არა გაქვთ სახელმწიფოსთან?

-ხელისუფლებასთან მატერიალური პრეტენზიები არ მქონია, მთელი ამ წლების განმავლობაში არ სჯეროდათ ჟურნალისტებს, რომ მე საქართველოში არავითარი ქონება არ გამაჩნდა. საქართველოში არანაირ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, მე ხაზს ვუსვამ ამას. პრეტენზიები გარდა მორალურისა, არა მაქვს და ახლა ამის დრო არც არის. იმხელა პრობლემები აქვს ისედაც საქართველოს ხელისუფლებას და იმდენი ადამიანის მიმართ არის განხორციელებული საშინელებები, რომ ჩემს გარეშეც საკმარისია ეს ყველაფერი.

-საშინელებებში რას გულისხმობთ?

-შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შექმნეს "გესტაპო" პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ბანდა, რომლებიც ადამიანებს იჭერდნენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ამის შემდეგ იწყებოდა გამოძიება, ეს იყო საშინელება, არავითარი მტკიცებულება ადამიანებზე არ გააჩნდათ და იმისთვის რომ მოეპოვებინათ, ეს პროცესი გადადიოდა ციხეებში და წამებით აღწევდნენ აღიარებებს . აი ასეთი წესრიგი დაამყარა სააკაშვილმა საქართველოში.

-რას ურჩევდით მიხეილ სააკაშვილს დღეს?

-მოემზადოს სასამართლო პროცესისთვის. ის უნდა გაასამართლონ. მე მგონი, ეს საუკუნის პროცესი იქნება. ეს გაკვეთილი უნდა გახდეს ყველასთვის, მითუმეტეს, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დღეს გადადიან დემოკრატიის რელსებზე. სააკაშვილი, შეიძლება საერთაშორისო სასამართლომაც გაასამართლოს, მაგრამ პირველ რიგში, მან პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი გაანადგურა. მან საქართველოს მამაკაცების 25 პროცენტი ციხეებში ამოალპო. რაც განხორციელდა, ეს ფაშიზმია და ამას ქართული ფაშიზმი უნდა დაარქვათ. ყველა უნდა დაისაჯოს ვისაც მეტ-ნაკლებად ამ საზიზღრობაში და სისასტიკეში მონაწილება აქვს მიღებული. მე არც ფინანსთა სამინისტროში მიმუშავია და არც განათლების სამინისტროში, მეგონა რომ არაფერი არ გამაკვირვებდა. მე მოვედი ყველაზე რთულ მომენტში - ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების უფროსად. ომი იყო, ქვეყანა არ არსებობდა, არ მინდა ახლა ვთქვა რა მდგომარეობაში იყო დემორალიზებული პოლიცია. კარებს კეტავდნენ "მხედრიონის" და საძმოების თავდასხმებისგან, მაგრამ ასეთი რამ თავში არავის მოსვლია და ესენი ლაპარაკობენ თარგამაძის დროზე? თარგამაძის დროს რა იყო? ხალხი ტერორიზმზე გვყავდა დაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველდღე მათთან შედიოდა წითელი ჯვარი, მათი ადვოკატები. ყოველდღიურად მიმდინარეობდა ამ ხალხის სამედიცინო შემოწმება.

-თქვენს დროს არ ხდებოდა ციხეში პატიმრების წამება?

-ჩემს დროს როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ყველა პატიმარი, რომელიც გადაგვყავდა ციხეში, სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. ჩვენს დროს იყო დაპირისპირება, ასე ვთქვათ გარკვეული ინეტესთა კონფლიქტი სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურები უნდა იცავდნენ იმ ინტერესს, რაც მათ ევალებათ სახელმწიფოს მხრიდან. ანუ იუსტიციის სამინისტრომ და შსს-მ თავისი საქმე უნდა განახორციელოს, პროკურატურამ საერთოდ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს. თუ არ იქნება ინტერესთა კონფლიქტი, ჩვენ შევქმნით ერთიან სისტემას , სადაც ერთი მეორეს ხელს გადააფარებს. ჩემი მინისტრობის დროს სასამართლოს მიერ საშუალოდ სანქციების 53% კმაყოფილდებოდა. ჰკითხეთ მინდია უგრეხელიძეს და ლადო ჭანტურიას. სულ ომი მქონდა ლადოსთან, მინდიას კი ამას ვერ ვკადრულობდი. მაგრამ, მე დღეს ბედნიერი კაცი ვარ, რომ ასე კრიტიკულად უდგებოდნენ ყველა სანქციის გაცემის საკითხს. მაშინ ეს მაღიზიანებდა კიდეც, თურმე ეს აუცილებელი იყო. სჯობს ათასი დამნაშავე არ დაისაჯოს, ვიდრე ერთი უდანაშაულო მოხვდეს ციხეში.

-ამჟამად შსს მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილია წარდგენილი, რას იტყოდით მასზე?

-ჩემი შეფასება ღარიბაშვილს არ სჭირდება. მე არ ვარ იმ დონის ადამიანი, რომ რაღაც შეფასებების გაკეთება დავიწყო, ჩემი სურვილია, რომ მან მიაღწიოს ისეთ კარგ შედეგებს, როგორისთვისაც საქართველოში არც ერთ შს მინისტრს არ მიუღწევია. ახალგაზრდა კაცია ღარიბაშვილი და რა თქმა უნდა, მას ვუსურვებ რომ წარმატებები ჰქონდეს, მაგრამ საიდან უნდა მოიყვანოს ამდენი პროფესიონალი ოპერატიული მუშაკები? ძალიან რთულ მდგომარეობაშია ეს ახალგაზრდა კაცი. 10 წლის განმავლობაში იყო აბსოლუტური რღვევა ამ მიმართულებით. ერთი რიგითი ოპერატიული მუშაკის გაზრდას სტანდარტების მიხედვით, 7-დან 10 წლამდე სჭირდება. ოპერატიული მუშაკი, როგორც მხატვარი და მუსიკოსი ისე იბადება, აქედან გამომდინარე, ურთულესი ვითარება იქმნება დღეს საქართველოში.

-ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს იცნობთ?

-როგორ არ ვიცნობ, თამაზი ჩემი თანამშრომელი იყო ჯერ ორგანიზებულ დანაშაულში , შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსად ჩემი დანიშნული. მთელი ამ წლების განმავლობაში მანამ მე შს მინისტრი ვიყავი, ჩემი თანამშრომელი იყო. ვიცი, რომ გათავისუფლდა საპატიმროდან და ძალიან გამიხარდა.

-არჩილ კბილაშვილი იქნება ახალი გენპროკურორი, ალბათ ესეც იცით?

-არჩილი ძალიან განათლებული კაცია, ძალიან კარგი იურისტი და ღირსეული ადამიანია. მე მას ვიცნობ და მქონია ურთიერთობა როგორც ადვოკატთან. მქონია მასთან საუბარი. ჩემს დროს ის ადვოკატი იყო.

-ის თქვენი ადვოკატი იყო?

-ერთ საკითხში იყო კიდეც.

-რა საკითხში?

-ჩემი მინისტრობის დროს, ის სამინისტროს ადვოკატი იყო რაღაც საკითხებში. მაშინ მქონდა ურთიერთობები და დავრწმუნდი მის პროფესიონალიზმში. არჩილი საკმაოდ ძლიერი იურისტია. პირადად ჩემი ადვოკატი როგორ იქნებოდა, ჩემზე სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილიც შეძლებს ყველაფრის გაკეთებას და ღმერთმა ქნას, ყველაფერი მოწესრიგდეს საქართველოში.

-ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ?

-ადრე ვიცნობდი და მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ურთიერთობა შემდეგ აღარ მქონია.

-ივანიშვილის მხრიდან რაიმე შემოთავაზება ხომ არ გქონიათ თანამდებობასთან დაკავშირებით?

-არა, რა თანამდებობა, თანამდებობა მინდა ახლა მე?!

-თუ შემოგთავაზეს დათანხმდებით?

-მთელი საუბრის მანძილზე სულ ველოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდი. არა, არ დავთანხმდები.

წყარო: GlobalNews.com.ge

კომენტარი