ორი ირაკლი, ორივე ფსევდომეომარი და არშემდგარი ოპოზიცია

დიკენსს თავის ცნობილ ნაწარმოებში ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი აქვს აღწერილი: მავანი ქალბატონი დილიჟანსში მსხდომ დანარჩენ მგზავრებს უყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეუჭამა ნიანგმა შვილები. პირველი ვარიანტის მოსმენისას მგზავრებს ქალბატონი შეებრალათ, მეორე, მსგავსი ისტორიის განმეორებისას – გაჩუმდნენ და მესამეზე უკვე ჩუმად ახითხითდნენ.

ანუ ფსიქოლოგიის საყოველთაოდ ცნობილი კანონების მიხედვით, ერთი და იგივე მონაყოლის მრავალჯერ გამეორება, რაც არ უნდა მძაფრი იყოს ის, ადამიანების მიერ სერიოზულად აღარ აღიქმება და მათში ირონიას ბადებს.
სწორედ ამიტომაცაა ლოგიკური ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში ერთ წერტილში გაყინული, ერთსა და იმავე დაპირებებისა თუ ისტორიების მქონე ქართული ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების აღარანაირ ინტერესს აღარ იმსახურებს, მათ მიმართ დაცინვით განაწყობს და, შესაბამისად, უკვე კარგა ხანია ფეხმოტეხილი თოჯინასავით მიგდებულია მტვრიან სარდაფში.

ზაფხული, ტრადიციულად, პოლიტიკურად პასიური პერიოდია საქართველოში. თუმცა წლევანდელი წლის გამორჩეულად ცხელი ეს მონაკვეთი შედარებით დატვირთული აღმოჩნდა. ეს მოვლენები ქართულ ოპოზიციურ ცხოვრებას არ შეხებია. ის ჩვეულ სტილში კვლავ სრულ უძრაობას განიცდის და ერთფეროვნებით თუ მოწყენილობისგან კვდება.
ფაქტია, რომ საქართველოში, წლების განმავლობაში, პოლიტიკური ბრძოლის ამ უმნიშვნელოვანესმა ელემენტმა ვერც ნაოცნებარი მწვერვალები დაიპყრო და ვერც საკუთარი პროგრამა მინიმუმის შესრულებას მიაღწია. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ უპრინციპობა და არათანამიმდევრულობაა.
ქართულმა ოპოზიციამ რეალური ხელშესახები ვერაფერი შესთავაზა ხალხს. ამიტომაც არის, რომ დღეს ოპოზიციის "წონიან" ლიდერებს ხანმოკლე და ფრიად უდღეური, 2007 წლის დროინდელი დიდების გახსენების პერიოდიღა დარჩენიათ საკუთარი თავის სანუგეშებლად.
შეუძლიათ მემუარებიც წერონ, თუ როგორ დადიოდა ოდესღაც მათ მიერ მოწყობილ მიტინგებზე ასიათასობით ადამიანი და აპლოდისმენტებით ხვდებოდა იმ დაპირებებს, რომელთაც ასრულება იდეაშიც არასდროს ეწერათ.
ამ ლიდერების უმრავლესობის მიმართ დღეს საზოგადოებას ან ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს, ანდაც შესამჩნევი აგრესია. მათ პერიოდულად ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებენ, ხან ხალხის მოტყუებაში, ზოგი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ "ესენი ამათზე უარესები არიან".
ეს ყველაფერი ლოგიკის ჩარჩოებში ლოგიკურად ჯდება: როდესაც ოპოზიციის წამყვანი სახე, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, წინა დღეს ხელისუფლებას საბრძოლო ყიჟინით ესხმის თავს, ხოლო მეორე დღეს ჩასაფრებული ჟურნალისტები შიფრავენ ამ პერსონის ფარულ ვიზიტებს იგივე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან (სადაც ის მიდის შანტაჟით, მუქარით, ან თხოვნით საკუთარი რეგალიების და სტატუსის გამოძალვისათვის), იქ რაიმე ნდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ცნობილია, რომ ყველაზე დიდ იმედგაცრუებას სწორედ პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის დაკარგვა, მითების და პიარმანქანის მიერ შექმნილი ხატის დამსხვრევა იწვევს.
თავის დროზე მედიის გარკვეულმა ნაწილმა შექმნა ასეთი ხატი, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძისაგან. მან გარკვეული პერიოდი შეძლო საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ავტორიტეტად და იმედად ქცეულიყო, თუმცა მოგვიანებით მთელმა რიგმა მოვლენებმა წარმოაჩინა, რომ "ღვინის მეფეს" (როგორც მას იმ პერიოდში რუსული მედია მოიხსენიებდა) არც მთლად ისეთი პატიოსანი მეთოდები ჰქონდა შერჩეული ძალაუფლების მოსაპოვებლად, როგორი იმიჯიც გააჩნდა საზოგადოებაში, ანუ ერთი წესიერი, ალალი კაცის სახელი.

შესაბამისად, ამ პოლიტიკური ფიგურის მატარებელმაც მალევე ჩაიარა და მის მხარდამჭერებში იმედგაცრუების მორიგი ტალღა ააგორა. გაბელადების შემდეგ სკანდალებით აღსავსე პიროვნებამ დიდების მწვერვალიდან დაღმასვლა უჩვეულოდ სწრაფი ტემპით შეასრულა.
უფრო ადრე კი ასეთი ფიგურა, რომლის ხელოვნურად შექმნილი იმიჯიც ერთი ხელის მოსმით დაიმსხვრა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ლამის მეორე მაზნიაშვილად შერაცხული ირაკლი ოქრუაშვილი გახდა. ოპოზიციის ნაწილმა პოსტის სკანდალურად დატოვების შემდეგ მთელი იმედები მას დაუკავშირა და გმირ მხსნელად წარმოიდგინა.
თავის დროზე პიარის ყოვლისშემძლე მანქანის წყალობით, დიდების კვარცხლბეკზე აყვანილი "გენიალური მხედართმთავარი" ქართულ საზოგადოებაში დიდი რიხით გამოჩნდა. ოქრუაშვილმა თავადაც დაიჯერა გამორჩეული სამხედრო სტრატეგოსობა, თუ, უბრალოდ, საკუთარი გულოვნება და სიმამაცე და როლში შესულს აღარ ახსოვდა, რომ ერთი სამაჩაბლოელი, იურისტი ბიჭი იყო, რომელსაც იარაღიდან ცხოვრებაში, ალბათ, კისტის თოფის მეტი არაფერი ჰქონდა ნანახი.
პერიოდულად გაიელვებდა ეკრანზე ამ მითების დამამსხვრეველი ცალკეული დეტალები და ოქრუაშვილის რეალურ, არცთუ ისე რომანტიულ სახეს გვიჩვენებდა. მაგალითად, ერთხელ კარგად გამოჩნდა, თუ როგორ შეეშინდა მინისტრ ირაკლის ნაღმმტყორცნის გასროლისას. საკმაოდ თვალსაჩინოდ დაფიქსირდა კადრში, გვარიანად დაფეთებული "უშიში, ვითარცა უხორცო", რომელიც სიმამაცეს და სიყოჩაღეს სხვებს ასწავლიდა და ჯარს ამუნათებდა უდისციპლინობისათვის.

სხვათა შორის, ასეთი ქმედების შემთხვევაში, ნორმალური წესრიგის მქონე ჯარში, როგორც წესი, სჯიან და მას, ვინც გასროლისას შეკრთება, ჰაუპტვახტში სვამენ სიმხდალისათვის. დასჯილები, საერთოდ, ახალბედა, რიგითი ჯარისკაცები არიან ხოლმე.
ეს, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში, როცა მინისტრი, თან ასეთი იმიჯის მქონე, გამოუცდელი, 18 წლის ახალწვეულივით მოიქცა.
თუმცა მსგავსი ინციდენტი ლოგიკურიც იყო და ამასთან, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამგვარი სიმხდალისა და არაპროფესიონალიზმის მაგალითი სხვა დროსაც არაერთხელ იხილა ქართულმა საზოგადოებამ ოქრუაშვილის შესრულებით.
ერთ-ერთი "მამაცური რეიდის" დროს, ცხინვალის თავზე, სადაც ოქრუაშვილი ახალი წლის შეხვედრას აპირებდა და ალბათ, კოკოითის შეშინებას გეგმავდა, ქვემოდან რუსებმა თუ ოსებმა რაკეტა ესროლეს.
კამერებმა დააფიქსირეს ამ თავდასხმის შემდეგ ვერტმფრენიდან გადმოსული ოქრუაშვილის გაფითრებული სახე. მინისტრი აშკარად შერცხვენილი იყო და ფრიად უკმაყოფილოდ გამოიყურებოდა იმის გამო, რომ ვერტმფრენში მყოფმა მისმა ხელქვეითებმა მხედართმთავრის და საქართველოს "მომავალი განმათავისუფლებლის" რეალური სახე საკუთარი თვალით იხილეს, ანუ მათ წარმოდგენაში დაიმსხვრა "უშიშარი და მაგარი ბიჭი" ოქრუაშვილის ხატება.
დღეს ამბიციებშემოძარცვული ყოფილი მინისტრი ელისეს მინდვრებზე სეირნობს, ნაყინს მიირთმევს, ან საკუთარი მყუდრო პარიზული სახლის აივნიდან ეიფელის კოშკის ყურებით ტკბება. სადღაა ის შემართება და მეომრული სული. ერთი უწყინარი კაცი ყოფილა, რომელიც ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს და საქართველოს კი სისხლმოწყურებული მეომარი ეგონა. ესეც კიდევ ერთი მაგალითი პიროვნების შესახებ მითის დამსხვრევისა.
ასეთივე მითი შეიქმნა მოგვიანებით ირაკლი ალასანიას სახით. ბობოქარი, მასების მოძრაობის წარმმართველი ლიდერი – ასეთად უნდა წარმოჩენილიყო ის ფართო მასების წინაშე. არავინ იცის საიდან დაიბადა ქართულ საზოგადოებაში მორიგი ლეგენდა იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანია შეიძლება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს.

მართლაც, ამ ადამიანს ხომ არასოდეს არაფერი გაუკეთებია საამისოდ და არც ამბიცია ჰქონია. როდესაც ოპოზიციის სხვა ლიდერები "მუხლჩაუხრელად იბრძოდნენ რეჟიმის" წინააღმდეგ, ალასანია სადღაც ჩრდილში თავისთვის დაფუსფუსებდა და მისი პიროვნებით დაინტერესება ალბათ რამდენიმე თანამშრომელი ქალის ყურადღების იქით ვერ მიდიოდა.

რატომ უნდა გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი ფიგურა, რომელსაც ოპიზიციაში ბრძოლის არანაირი გამოცდილებაც არ ჰქონია და გაეროში ელჩობის პერიოდში გამოიყურებოდა როგორც ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის დიპლომატი.
დღემდე უცნობია ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები შესთავაზეს. ცოტა პიარი, ცოტა წაქეზება და მოგვევლინა "ლამაზი ყმაწვილი" ქუჩის ოპოზიციის "მებრძოლ ლიდერად."

მასებმა ამჯერად უკვე მასზე დადეს ფსონი და იმედის თვალი მიაპყრეს. ალასანია მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა, მაგრამ როგორ, საიდან, რატომ, რა დამსახურებისთვის, ეს არავინ იცის. ასე ხელოვნურად შექმნილი იმიჯი მეტად მყიფე აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ ალასანიამ უკანასკნელ არჩევნებში რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. მის შემხედვარეებს ბევრს გაახსენდა ის დრო, როცა შევარდნაძის დროს ადგილობრივ არჩევნებში ზურაბ ჟვანიამ აქცენტი ნინო ბურჯანაძეზე გადაიტანა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ნინიკოს ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და არჩევნებში ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებდა.

სწორედ ამიტომაც დაარქვეს საარჩევნო ბლოკს "ბურჯანაძე-დემოკრატები." თუმცა ჟვანიას არ გაუმართლა. არც ისე წვიმდა, როგორც ქუხდა. "რკინის ქალბატონი" ისეთი რეიტინგული ვერ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ. ბლოკმა საკმაოდ მოკრძალებული შვიდი პროცენტი მიიღო და მითიც დაიმსხვრა.

ზუსტად ასევე მოხდა ალასანიას შემთხვევაშიც. "სიმპათიურმა ბიჭუნამ" ვერ გაამართლა მისი გამპიარებლების მოლოდინები. ყველას კარგად ახსოვს ის გახმაურებული შემთხვევა, როცა მიტინგზე მასას არ მოეწონა ალასანიას გარკვეული გამოსვლა და უკმაყოფილება სკანდირებით გამოხატა. მაშინ შეშინებულმა და დაბნეულმა ალასანიამ "უფროს გრეჩიხას" მიმართა საშველად და ხალხის რისხვისაგან დაცვა სთხოვა. "გრეჩიხამაც" არ დააყოვნა და პატარა ბავშვივით გულგახეთქილი ალასანია მარდად გამოიყვანა მდგომარეობიდან.

ვერაფერი გამოსვლა იყო ეს საპრეზიდენტო კანდიდატისათვის, რომლისგანაც ერი ხსნას ელის და ლამის მეორე მესიად მიაჩნია. ალასანიას შესახებ მითის შექმნა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მისი, როგორც პოლიტიკოსის უსუსური სახე უკვე წარმოჩინდა და საეჭვოა ამას რამეღა ეშველოს.

ცალკე კატეგორიაა ეგრეთ წოდებული "კონსტრუქციული ოპოზიცია," რომელსაც პარლამენტში მყოფი "ქრისტიან-დემოკრატები" წარმოადგენენ. დღეს უწოდებს მათ ოპოზიციის რადიკალური ფრთა "ხელისუფლების მიერ მართულ ძალას", თორემ ეს პოლიტიკური სუბიექტი არენაზე თავიდან დიდი გაქანებით გამოჩნდა.

მათ ძალიან მალე მოიპოვეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხადაჭერა და ჰოი საოცრებავ, ბევრ ისეთ სუბიექტს გადაასწრეს რეიტინგით, ვინც ამას სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა.
გაურკვეველი ორიენტაციის "რესპუბლიკელები", რომლებმაც ორი პროცენტი მიიღეს არჩევნებში მეტად აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის მერე, მაშინ უკიდურესად გააცოფა ამ გარემოებამ.

თუმცა "ქრისტიან-დემოკრატების" ასეთი რეიტინგი უცნაური არც უნდა ყოფილიყო ქართულ რელიგიურ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელებმა ხომ გეზი სწორედ ამ მიმართულებით აიღეს და ათიანშიც გაარტყეს.
დღეს "ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო ოპოზიციაში სხედან და თავისი დაპირებები სისტემის შეცვლის შესახებ აღარც ახსენდებათ. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალის 12-პროცენტიანი ელექტორატიც რომ ნიჰილისტურად განეწყო და "აღარავისი სჯერა", ეს სრულიად ლოგიკურია. კიდევ ერთმა მითმაც, ჩვეულებისამებრ, ჩაილურის წყალი დალია.

აღარაფერს ვამბობთ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც წლების განმავლობაში უკვე დიდი ხანია მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას. მათ სერიოზულად აღარც აღარავინ აღიქვამს. ეს გასაგებიცაა: წლების განმავლობაში ლოზუნგები, მოსაზრებები, სახეები, გამონათქვამები ცვდება და იფიტება.
მრავალჯერ განმეორებული დაპირებები, რომლებსაც სათანადო შედეგი არ მოსდევს, ეფექტს ვეღარ ახდენს საზოგადოებაზე და პირიქით, უკუშედეგებს იწვევს ზუსტად ისე, როგორც ეს ზემოდ დასახელებულ ნაწარმოებშია აღწერილი.
ამიტომაცააა, რომ მათი უმრავლესობა, ლიდერებიან-პარტიებიან-ბლოკებიანად უკვე დიდი ხანია გაკოტრებულია. მათ სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. თავადაც არ აწარმოებენ პარტიების გადახალისებას. როგორც ჩანს, საკუთარ მცირე პარტიებში პრივილეგიების და სტატუსების დაკარგვის ეშინიათ, ბედს არიან შეგუებულები და თავად თამაშობენ პარტიობანას და ლიდერობანას. ასე იტყუებენ თავს და იკმაყოფილებენ ამბიციებს. მითების მსხვრევის პროცესი კი საქართველოში შესაბამის ტემპში აქტიურად გრძელდება.

კომენტარი