გიგა ბოკერია: ჩვენს ოპონენტებს ცვლილებას - ფუნდამენტურ საკითხებში ეროზიას ვატყობ...

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "საქართველო არასდროს მდგარა ალერნატივის წინაშე "ნატო ან დაკარგული ტერიტორიები".

როგორც ბოკერიამ გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა, "ძალიან საეჭვოა, როდესაც პოლიტიკური ძალები ამაზე აქცენტს აკეთებენ".

"თემა - "ნატო-ში უნდა შეგვათრიონ, რომ აფხაზეთი დაგვაკარგვინონ", ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტის წინ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იქნა წამოწეული და ეს შემთხვევითი არ იყო. "ეროვნული ფორუმი" იყო პირველი, ვინც ეს ალტერნატივა გააჟღერა. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა, ამ თემაზე ვაჭრობა ჩვენთვის არავის არასდროს შემუთავაზებია. ნატო რომ კონფლიქტებს მიაბეს, ეს სახიფათო და ძალიან საეჭვო აქცენტია. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ მათ, ვინც ამაზე საუბრობს, რაიმე ფარული ამოცანები არ აქვთ, მაგრამ ნამდვილად ასე გამოუვიდათ",- განაცხადა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, "ზოგიერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ ბიძინა ივანიშვილთან ერთობის შემდეგ დამოუკიდებლობა დაკარგა და ფუნდამენტურ შეხედულებებს გადახედა".

"ძალიან სამწუხარო ცვლილება, რომელიც ჩვენს ოპონენტებს შევატყვეთ, გარკვეული ეროზიაა ფუნდამენტურ საკითხებში, რომელიც ამდენი წელია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის საგანი იყო. ვსაუბრობ მკაფიოდ დაფიქსირებულ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. აქ საგანგაშო ნიშნებია. გაკეთდა განცხადებები, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გარეშე ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ვერ წავალთ. ეს, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ირიბად გავლენის სფეროს და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ვიღაცას შენს განვითარებაზე ვეტო აქვს.

გარდა ამისა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ იმ ქვეყნებმა მოახერხეს რუსეთთან ურთიერთობების მეტნაკლებად დალაგება, ვინც ამ გავლენის სფეროს თავი დააღწია. რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ყველას გვსურს, მაგრამ რიგითობაა არეული. ჯერ გავლენის სფეროს უნდა დააღწიო თავი და პირუკუ კონცეფციის წინწამოწევა, თუნდაც დავარცხნილად, პრაქტიკულად, ამ ორიენტაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

ბუნებრივია, ეს მოჰყვა იმ განცხადებებს, რომელიც გააკეთა ადამიანმა, რომელსაც რუსეთში უზარმაზარი კაპიტალი აქვს და რომელმაც პირველივე პოლიტიკურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ომის დაწყება ჩვენი ბრალია. ასეთი დისკუსიის დამკვიდრების მცდელობა, რომ 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დევნა საქართველოს ბრალია, რომ რუსეთი უფრო თავისუფალი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, რომ ლებედთან თანაშრომლობა მორალურად მისაღებია, თუ ეს საქმეს სჭირდება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. – შეშფოთებას იწვევს.

ამან გავლენა მოახდინა ზოგიერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, მათ დამოუკიდებლობა დაკარგეს და ფუნდამენტური პოზიციების გადახედვა სცადეს. ამას მერე რეაქცია მოჰყვა და გარკვეულ უკანდახევას ჰქონდა ადგილი, თითქოს ნატო-ზე უარს არ ამბობენ, მაგრამ იციან, რომ ეს არ გამოვა, იმიტომ, რომ ხელისფლება ცუდია და "კონფლიქტები" გვაქვს.

"კონფლიქტებს" რატომ ეძახიან ერთ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან, ესეც არ მესმის. უფრო სწორად, მესმის, მაგრამ არ მინდა, ასე იყოს და მოდი, გულუბრყვილობას დავაბრალოთ",- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, "თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უფრო ცივილიზებული ურთიერთობები ყალიბდებოდა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა ეს შეიცვალა და ახლა არასერიოზული დისკუსიის დაბრუნება ხდება, რაც ოპოზიციურ პარტიებს ასუსტებს".

ამავე გადაცემაში გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო დღეს ყველაზე დაცულია".

მისი თქმით, "ამაში როგორც შიდაპოლიტიკური ვითარება, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოსადმი დამოკიდებულება იგულისხმება".

"ბუნებრივია, სანამ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, როგორიც არის, საფრთხეების იგნორირება არ შეიძლება. ჩვენ გვსურს, რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს, ვინაიდან გეოგრაფიას ვერ შეცვლი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ძალისხმევის ხარჯზე ვერ მოხდება.

ცვლილება მოსკოვში უნდა მოხდეს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მოხდეს იმ ფაქტის აღიარება, რომ საბჭოთა რესპუბლიკები ახლა დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ იმედი გვაქვს, რუსეთში განვითარებული მოვლენები, საბოლოო ჯამში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს იმ კონდიციამდე მიიყვანს, როცა ის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა იქნება, რომელიც პატივს სცემს მეზობლების არჩევანს. ეს ბუნებრივია, რუსი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, ასეთი რუსეთი დავინახოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, "საუბარი იმაზე, რა ცვლილებები შეიძლება, მოხდეს რუსეთში განვითარებული მოვლენების თვალსაზრისით, ნაადრევია, მაგრამ რაც ხდება, ხელშესახები და მნიშვნელოვანი პროცესია".

გიგა ბოკერიას თქმით, "პოლიტიკოსების მიერ რელიგიური თემებით სპეკულირება მორალურად და პოლიტიკურად უზნეოა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

"საკუთარი რელიგიური გრძნობების დემონსტრირება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ნორმალური მოვლენაა და ამაზე არცერთი ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს. სხვა საკითხია, როცა პოლიტიკოსები ამ თემით სპეკულირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას ცდილობენ. ეს უკვე საგანგაშოა",- განაცხადა ბოკერიამ გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" სტუმრობისას.

მისივე თქმით, "თემამ, თითქოს დღევანდელი ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზეც გაიჟღერა, რაც სამწუხაროა და შეფასებას იმსახურებს".

"ამ თემებით სპეკულირება, ჩემი აზრით, მორალურად უზნეო, პოლიტიკურად უზნეო და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდგეო ქმედებაა",- დასძინა ბოკერიამ.

მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "პირველის" მიხედვით

კომენტარი