განახლებადი ცნობები ტელეკომპანია "მაესტროს" ოფისიდან

განახლებულია: 1 დეკემბერი, 10:50 სთ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მაესტროსთან“ სპეცრაზმია მობილიზებული. სტატუსების მიხედვით, ეს იმის მომასწავებელია, რომ შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს. ტელეკომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა გუშინ ღამით, დაახლოებით 23 საათზე „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას ხალხს ტელეკომპანიის ოფისთან მისვლისკენ მოუწოდა, რასაც სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. "როცა ფულს მოგიტანენ, ხალხს მაშინ რატომ არ ეძახი?" – ასეთი კომენტარი დაწერეს მამუკა ღლონტის მოწოდებაზე. მამუკა ღლონტი ვარაუდობდა, რომ ტელეკომპანიის შენობაში შეჭრა და მაუწყებლობის შეწყვეტა იგეგმებოდა, თუმცა, ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

შენობაში ამ დრომდე რჩებიან როგორც ეროსი კიწმარიშვილი, ასევე მამუკა ღლონტი. ორივე ცალ–ცალკე ერთმანეთს მოუწოდებს, შენობა დატოვონ და ორივე ცალ–ცალკე აცხადებს, რომ შენობიდან გასვლას არ აპირებს. რაც შეეხება პოლიციელებს, შსს–მ გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "მაესტროს" შენობასთან საპატრულო პოლიციის ჯგუფების გაგზავნა მხოლოდ მოსალოდნელი კონფლიქტის აღკვეთისთვისაა გამიზნული.

დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ლევან ჩიკვაიძემ გუშინ შენობასთან სპეციალური განცხადება გააკეთა. მის მიერ წარმოდგენილ მიმართვასა და წერილში მოყვანილია რამდენიმე პუნქტი, სადაც დამფუძნებელთა ჯგუფი მმართველ კომპანიას და ეროსი კიწმარიშვილს რამდენიმე ძირეული პუნქტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

კერძოდ, საუბარია ფინანსური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბაბად დასახელებულია ეროსი კიწმარიშვილისა და მისი თანმხლები პირების ტელეკომპანიის შენობაში შესვლა, რასაც დამფუძნებელი ჯგუფის წევრები შენობაში შეჭრად აფასებენ.

დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიმართვას და წერილ დღეს სასამართლო ორგანოებს გადასცემენ.

ეროსი კიწმარიშვილი კი "მაესტროს" დამფუძნებლებთან საუბარს მათი მხრიდან მხოლოდ ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ აპირებს. მისი თქმით, დამფუძნებლებისგან ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი არ მიუღია.

კიწმარიშვილს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რომ მამუკა ღლონტმა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და შემდეგ დამფუძნებლებმა და მართვის კომპანიამ დაიწყონ საკითხის ლეგალური, სამართლებრივი განხილვა, რათა კონსენსუსი მოძებნონ.

განახლებულია: 15:00 სთ.

"მაესტროს" თანამშრომლების განცხადებით, თუ ეროსი კიწმარიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ტელეკომპანიის შენობას არ დატოვებს, მაუწყებლობა ვერ გაგრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებმა გაავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მაესტროს" თანამშრომლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის, მათ შორის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის, მთავარი პროდიუსერის მამუკა ღლონტის, ასევე ლევან ჩიკვაიძისა და დაცვის სამი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიწარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ გამოიყენა. "მაესტროს" თანამშრომლების თქმით, დღემდე ამაყობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობით და აქვთ სურვილი, რომ მომავალშიც დამოუკიდებლად იმუშაონ და სარედაქციო საკითხებში არ ერეოდნენ პირები, რომლებსაც რაიმე ფორმით მათ მუშაობაში ხელის შეშლა შეეძლებათ.

თავის მხრივ, შენობის დატოვებას არ აპირებს ეროსი კიწმარიშვილი.

"ტელეკომპანია "მაესტროს" 2012 წლის 30 ნოემბრის შემდეგ დავტოვებ, - ამბობს ეროსი კიწმარიშვილი. მისივე ინფორმაციით, მმართველ კომპანიას ”მაესტროსთან” კონტრაქტი სწორედ ამ დროს ეწურება.

იგი მედიის წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ეზოში შეხვდა და განმარტა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა. როგორც კიწმარიშვილი ამბობს, ამ დროისთვის ტელეკომპანიის შენობაში უკანონოდ არის შეჭრილი მამუკა ღლონტი, რომელიც უკანონო ქმედებებს ახორციელებს.

კიწმარიშვილის განცხადებით, სურს თანამშრომლებთან შეხვედრა და საუბარი. თუმცა, თანამშრომლების მოთხოვნა, რომელიც არხის გენერალური დირექტორის დაბრუნებას უკავშირდება, კიწმარიშვილს უსაფუძვლოდ და არალეგიტიმურად მიაჩნია.

როგორც კიწმარიშვილი განმარტავს, ტელეკომპანიის განვითარებაში ჩადებული აქვს 4,5 მილიონი ლარი და აქედან სოლიდური თანხა არის გაფლანგული. ეროსი კიწმარიშვილი ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც ეროსი კიწმარიშვილმა განცხადება გააკეთა, ჟურნალისტებს მოუწოდა, ტელეკომპანია "მაესტროს" ეზო დაეტოვებინათ (ინტერპრესნიუსი).

განახლებულია: 14:17 სთ.

ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისიდან რამდენიმე წუთის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მამუკა ღლონტი ცდილობს, მას „მაესტრო“ ჩააბაროს.

„მამუკა ღლონტის ქმედებები იქეთკენაა მიმართული, რომ ჩემი სახით არსებული ნაკლებშემოსავლიანი სავლე უფრო მეტშემოსავლიანი პავლეთი ჩაანაცვლოს. ამისთვის „მაესტროდან“ ჩემი ამოშორება გახდა საჭირო“, – თქვა ეროსი კიწმარიშვილმა და დაამატა, რომ მის მიერ მოზიდული 4 მილიონიდან ერთი მილიონი "გაქრა", რის გარკვევასაც ასევე აპირებს.

კიწმარიშვილი აცხადებს, რომ "მაესტროდან" წასვლას არ აპირებს, მაგრამ არ გეგმავს საეთეროს დაკავებასაც. "ეს ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის საქმეა, მე იქ არაფერის მესაქმება, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამაღამ აქ დავრჩები", – ამბობს კიწმარიშვილი და ისევ მოითხოვს, მის მიერ გათავისუფლებულმა დირექტორმა და პროდუსერმა "მაესტროს" ოფისი დატოვონ.

ამ დროისთვის „მაესტროს“ მაუწყებლობა აღდგენილია. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც მამუკა ღლონტმა ეზოში, შემდეგ კი შენობაში შესვლა მოახერხა. მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში მისი განცხადებით განახლდა. ამ დრომდე შენობაში რჩება ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ შენობაში კანონიერად იმყოფება, კედელზე გადაძრომა კი შენობაში მოსახვედრად მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ სამსახურში მისულს კარები დაკეტილი დახვდა.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი და პროდუსერი, ხოლო თანადამფუძნებელი და პრუდუსერი, მამუკა ღლონტი ამბობს, რომ კიწმარიშვილს მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

„მაესტროს“ ოფისის წინ ჟურნალისტები და მოქალაქეები იმყოფებიან. აქვე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შსს–ს განცხადებით, პოლიციელები იქ იმიტომ იმყოფებიან, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი არ მოხდეს.

განახლებულია: 12:25 სთ.

ჯერჯერობით უცნობია მამუკა ღლონტისა და ეროსი კიწმარიშვილის საუბრის დეტალები. "მაესტროს" წინ გამოჩნდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს. კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომისია ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მხარეებს მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გაარკვიონ ურთიერთობა და გამოთქვამს იმედს, რომ ჟურნალისტებს მალე მიეცემათ პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება.

განახლებულია: 12.20 სთ.

მამუკა ღლონტის განცხადებით ტელეკომპანია "მაესტრომ" მაუწყებლობა განაახლა. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს უსმენს.
"ეროსი კიწმარიშვილი შემოიჭრა "მაესტროში", აქ მას დახვდა ჩვენი მორიგე თანამშრომელი, "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელზე გასცა ბრძანება, რომ ღობიდან გადაეგდოთ. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და ის კიწმარიშვილთან ერთად, ამ დრომდე ჩვენ არ გავძლევდა მუშაობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ პოლიცია უსმენს მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს. პოლიციამ არ მოისმინა არც დამფუძნებლების და არც გენერალური დირექტორის განცხადებები. დამფუძნებლების 100%ის სახელით ვაცხადებ, რომ კონტარქტი ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან შეწყვეტილია. მე ვიმყოფები ჩემს საკუთრებაში და ვახორციელებ იმ უფლება-მოვალეობას, რაც მე მონიჭებული მაქვს. "მაესტრო" ეცდება გავიდეს ეთერში", - განაცხადა ღლონტმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით, დამფუძნებლები ჩაკეტილები არიან ტელევიზიის შენობაში, გარედან კი კარის მტვრევის ხმა ისმის.
"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კეთდება დაკვეთით. ამის თქმის საფუძვლეს მაძლევს ის, რომ პატრული უსმენს მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის ოპერაცია "იმედი 2" და არის მცდელობა, დაიხუროს "მაესტრო", - აღნიშნა მამუკა ღლონტმა (ინტერპრესნიუსი).

განახლებულია: 12.05 სთ.

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოს შესასვლელი კარის გაღება მამუკა ღლონტმა მოახერხა და ეზოში შევიდა. მას თან შეჰყვნენ "მაესტროს" თანამშრომლები და ჟურნალისტები, თუმცა, დაცვამ ჟურნალისტების ქუჩაში გაყვანა მოახერხა. "დრონი.ჯი"–ს ინფორმაციით, ამ წუთებში მამუკა ღლონტი შენობაში იმყოფება და მასა და ეროსი კიწმარიშვილს შორის ხმამაღალი საუბარი მიმდინარეობს.

კოლეგებთან ოფიციალური განცხადება "მაესტროს"ჟურნალისტების სახელით გააკეთა "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თამარ რუხაძემ. მისი განცხადებით, მიუღებელია ის, რაც ამჟამად "მაესტროში" ხდება და ასევე მიუღებელია გენერალური დირექტორისა და პროდუსერის გათავისუფლება ეროსი კიწმარიშვილის მიერ.

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ "მაესტრომ" მაუწყებლობა აღადგინა, მამუკა ღლონტმა პირდაპირ ეთერში განცხადებაც გააკეთა და ამჟამად ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა ის, რაც ტელევიზიის წინ ხდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს" წილები რამდენჯერმე გადანაწილდა. თავდაპირველად, მას ოთხი მფლობელი ჰყავდა (გიორგი ებრალიძე - 38%, მამუკა ღლონტი 38%, ლევან ჩიკვაიძე 19% და ეკატერინე აკობია 5%). 2011 წლის აპრილში „მაესტროს" წილის 50% ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი"), 400 ლარად შეიძინა. ამასთან დაკავშირებით მაშინ მოწვეულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამავე გარიგების საფუძველზე გაჩეჩილაძის კუთვნილი რადიო „ნაცნობი" (FM94.30 MHz) ტრანსფორმირდებოდა და მის ნაცვლად რადიო „მაესტრო" შეიქმნებოდა. 2011 წლის ივნისში ეს ცვლილება მართლაც განხორციელდა. ამავე დროს, მამუკა ღლონტი რადიო "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

აპრილში დადებული გარიგებით ღლონტს, ებრალიძესა და ჩიკვაიძეს 15-15% დარჩათ, ეკატერინე აკობიამ თავისი 5%-იანი წილი შეინარჩუნა. ერთი თვის შემდეგ გიორგი გაჩეჩილძემ თავისი წილიდან 25% ოპოზიციური „ქართული პარტიის" ერთერთი დამფუძნებლის კოტე გოგელიას მეუღლეს , მაკა ასათიანს, 300 ათას ლარად მიჰყიდა.

განახლებულია: 11.10 სთ

ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, "მაესტროს" მაუწყებლობა მისი მიზეზით გათიშული არ არის.
როგორც კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მაუწყებლობა შეწყვეტილია ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიზეზით, რომლებიც "მაესტროს" თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
"ვეცდები, თანამშრომლებთან ერთად, მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგინო მაუწყებლობა", - თქვა კიწმარიშვილმა.

"მაესტროს" ოფისში მომხდარ ამბებს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებებიც. ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო ჯანგირაშვილი მიუღებლად მიიჩნევს იმას, რაც ტელეკომპანია "მაესტროში" ხდება, მაგრამ აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავე მამუკა ღლონტია.

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიასთან პოლიტიკოსის გაკარება არ შეიძლება.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რასაც წლებია ვამბობ – პოლიტიკოსის გაკარება ტელევიზიასთან არ შეიძლება და პოსტულატი, რომ "ყველასგან ავიღებთ ფულს, ოღონდ არაფერი მოგთხოვონ", არის სასაცილო. ფულს ტყუილად არავინ იძლევა, მით უმეტეს პოლიტიკოსები. მე ეს ყოველთვის ვიცოდი და თუ მამუკა ღლონტმა არ იცოდა და ახლა აღმოაჩინა, მით უარესი მისთვის", - განუცხადა ჯანგირაშვილმა "ინტერპრესნიუსს.
მისივე განმარტებით, კიწმარიშვილის "მაესტროში" შესვლის ფაქტი მიუღებელია, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველაფერში დამნაშავე, რაც ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება, სწორედ მამუკა ღლონტია (ინტერპრესნიუსი).

ამ დროისთვის "მაესტროს" შენობაში ეროსი კიწმარიშვილი და მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან. ეზოში მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისი შემოშვების მითითებასაც პირადად ეროსი კიწმარიშვილი გასცემს. მან უკვე მისცა ინტერვიუ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, "მაესტროს" გადამღებ ჯგუფსაც.

ბოლო განცხადება კიწმარიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ეროსი კიწმარიშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება.მისივე თქმით, დღეს დილით, ადრე მივიდა "მაესტროში", მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა, ამის შემდეგ "გამოიყენა თავისი ალპინისტური გამოცდილება და ტელეკომპანიის ეზოში ღობეზე გადაძრომით მოხვდა".

"სამი წლის განმავლობაში ტელეკომპანია "მაესტროს" ასაღორძინებლად ოთხმილიონნახევარი დოლარი მოვიზიდე და არხი რეიტინგული გავხადე. უფლება მაქვს, ჩავერიო ტელეკომპანიის მართვაში და, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, არხიდან დამეთხოვა "მაესტროს" პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, აგრეთვე - ლევან ჩიკვაიძე",-აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პირებს გარკვეული წილები აქვთ ტელეკომპანია "მაესტროში" და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ, როგორც თანამშრომლები და არა - როგორც მეწილეები.

ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, უნდოდა საეთერო სტუდიაში შესვლა, თუმცა ლევან ჩიკვაიძემ ტელეკომპანიის ყველა კარი ჩაკეტა და გასაღები გადააგდო.

"გუშინ ვაპირებდი მისვლას ტელეკომპანია "მაესტროში", თუმცა თავი შევიკავე, რადგან საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო საღამოს ეთერში ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. გუშინდელი გადაცემის შემდეგ კი, დილით ადრე მივედი "მაესტროში" და დავიწყე კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელებას",-აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი (ინტერპრესნიუსი).

კომენტარი