სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დებატების დროს ალასანიამ ნატოსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უარყო (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გიორგი გაბაშვილთან ტელედებატების დროს, ირაკლი ალასანიამ უარყო გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში გამოქვეყნებული საკუთარი ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ამბობს ფრაზას: „დღეს და, მით უმეტეს, სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა“. - ალასანიამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ეს მისი მოგონილი ინფორმაციაა. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტმა იქვე წაუკითხა თავისივე ციტატა, ირაკლი ალასანია აქტიურად იმეორებდა: „არსად, მსგავსი რამ არასდროს არ მითქვამს“.

ალასანიამ საკუთარ სიტყვებზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც იგი გოკა გაბაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა „ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ პოზიციის ტრანსფორმირებაში“. გაბაშვილმა თქვა, რომ „ჯერ არსად უნახავს, ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ პოლიტიკური პოზიცია ასე კარდინალურად ვინმეს შეეცვალოს“.

პასუხად ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას სიტყვები „განუხორციელებელი ამოცანა“ საერთოდ არ უხსენებია და განმარტა, რომ საქართველოს ნატოში ამ ეტაპზე არ მიიღებენ, რადგან ქვეყანა არ აკმაყოფილებს ამ ალიანსის სტანდარტებს. ალასანიამ მიზეზებიც ჩამოთვალა, მაგრამ გოკა გაბაშვილმა მოუჭრა:

„საქმე ის გახლავთ, ბატონო ირაკლი, რომ თქვენი შეფასებები არ ემთხვევა თვითონ ნატოს შეფასებებს, ცივილიზებული სამყაროს შეფასებებს საქართველოს შესახებ. თქვენი და თქვენი ახალი უფროსის შეფასებები ემთხვევა მხოლოდ და მხოლოდ პუტინისა და მედვედევის შეფასებებს“.

დებატების დასრულების შემდეგ აუცილებელი განმარტება გამოაქვეყნა ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს ავტორმა, ჟურნალისტმა ბონდო მძინარიშვილმა. განმარტებაში ნათქვამია, რომ ადრეც შეამჩნია „ფეისბუქზე“ ცალკეულ ინდივიდთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ალასანიას ეს სიტყვები არ უთქვამს და იგი ჟურნალისტმა მიაწერა, მაგრამ რაიმეს მტკიცება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან მისთვის მიუღებელია ჟურნალისტის მიერ რესპოდენტის შესახებ კომენტარების გაკეთება.

ამავე განმარტებაში ბონდო მძინარიშვილს უცვლელად მოჰყავს როგორც თავისი შეკითხვა ინტერვიუდან, ასევე ირაკლი ალასანიას პასუხი:

კითხვა: – საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე?

პასუხი: – საერთოდ, რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. დღეს და, მით უმეტეს, სააკაშვილის ნაბიჯების და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა. მაგრამ, მეორე მხრივ, ნატო თვითონ განიცდის ტრანსფორმირებას. ნატო ვერ იქნება იგივე, რაც იყო 50 წლის განმავლობაში. ისიც შეიცვლება...

ბმული ვიდეოზე: ტელედებატები "იმედზე" გოკა გაბაშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის

ერთი ეპიზოდი: ირაკლი ალასანია მაშინ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა და, ბუნებრივია, მისმა განცხადებებმა აშშ-ში მცხოვრები ქართველები შოკში ჩააგდო:

„ეს იყო წმინდა წყლის მოღალატის პოზიცია, როცა მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში. ის დღე არასდროს დაგვავიწყდება, ვუსმენდით და ცრემლები მოგვდიოდა, რადგან ალასანიას მხრიდან ასეთ უბედურ დღეში ჩაგდებული სამშობლოს ღალატს არ ველოდით. ბოლომდე ვერ მოუსმინა ჩვენს პრეტენზიებს და მახსოვს, დარბაზიდან უკანა გასასვლელით გააპარეს“, - იხსენებს ნიუ-იორკში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100