28 ოქტომბერი - კომუნისტური პარტიის პირველი დამარცხების დღე

1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. პოლიტიკურმა გაერთიანებამ "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო"-მ ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა მიიღო და კომუნისტური პარტია დაამარცხა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა "მრგვალმა მაგიდამ" საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩია.

ეს არჩევნები ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ სპეციალურად და საგანგებოდ პირველი არაკომუნისტური, თავისუფალი არჩვენებისათვის ბლოკის, ალიანსის სახით შეიქმნა იმ მოძრაობების მიერ, რომელთა მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოადგენდა – ანუ ეს იყო არა პოლიტიკური პარტია – არამედ მხოლოდ და მხოლოდ საარჩვენო ბლოკი, საარჩევნო ალიანსი – რომელშიც არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის რაიმე მტკიცედ დათქმული ურთიერთპირობა და გარანტიები არ არსებობდა.

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მთავარი საარჩვენო პოლიტიკური მიზანი იყო საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ჩარჩოებში მყოფ საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება; შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება ანუ დე-ფაქტო, შიდა-სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა – რაც უზრუნველყოფდა საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებს საბჭოთავე სამართლებრივ სივრცეში.

იმ პერიოდში საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ორი ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გააჩნდა:

1) კომუნისტური პარტია – რომლის გავლენა იმ დროს ჯერ კიდევ ძალზე ძლიერი იყო
2) „ეროვნული კონგრესი“ – რომელიც შექმნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც არსებითად უარყოფდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას

საარჩევნო ბლოკში „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ შედიოდა 7 დამოუკიდებელი პარტიადა ორგანიზაცია:

● საქართველოს ჰელსინკის კავშირი
● სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
● სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება
● ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
● საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი
● საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი
● საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია

საკუთრივ იმ ორგანიზაციებს – რომელთა ლიდერიც უშუალოდ ზვიად გამსახურდია იყო – უპირატესად საქართველოს ჰელსინკის კავშირსა და ნაკლებად მ.კოსტავას „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ (რომლმაც თავმჯდომარეც გამსახურდია მ.კოსტავას დაღუპვის შემდეგ მოიწვია) პარლამენტსა და „მრგვალ მაგიდაში“ წევრებისა და ხმების მხოლოდ მესამედი გააჩნდათ (9 წევრი 16ის წინააღმდეგ).

„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ გაფორმდა 1990 წლის მაისი ბოლოს და უკვე 6 თვის შემდეგ შესძლო მოეგო უზენაესი საბჭოს არჩვენები.

ძალზე არსებითი ფაქტორი იყო ის, რომ „მრგვალ მაგიდას“ არ გააჩნდა რაიმე არსებითი და მით უფრო ერთიანი ფინანსური ფონდები, დაფინანსება და არც სხვა რამ მატერიალური ბაზისი (საკუთარი მას-მედია და ასე შემდეგ) – განსხვავებით კომპარტიისაგან

ზვიად გამსახურდიამ ვირტუოზულად, უდიდესი პოლიტიკური ტაქტითა და მოქნილობით (ძირითადად მისი შესანიშნავი ნიჭისა და ქარიზმის მეშვეობით), რაიმე ფინანსური ან ადმინისტრაციული რესურსების გარეშე – შესძლო შემოეკრიბა და არჩევნებში მონაწილეობისათვის კონსოლიდირება მოეხდინა ჭრელი, განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსის, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული და მოქიშპე – სულ ახლახანს „არაფორმალური“ ორგანიზაციებისთვის – და, საბოლოოდ არა მხოლოდ მოეგო საპარლამენტო არჩვენები, არამედ (რაც უფრო არსებითია) შეენარჩუნებინა საარჩვენო ალიანსის, ბლოკის შინაგანი ერთიანობა, ინტეგრაცია, დაეცვა იგი შინაგანი განხეთქილებისაგან არჩევნების შემდგომ პერიოდშიც (უდიდესი გარეგანი დეზინტეგრაციული სტიმულების მიუხედავად) – იმისათვის, რათა განეხორციელებინა „მრგვალი მაგიდის“ საბოლოო მიზანი – დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

მომზადებულია ბესარიონ გუგუშვილის წერილის მიხედვით.

კომენტარი