სოჭის ოლიმპიადა: რუსეთის ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამონგრეული ფასადი

შეძლებს თუ არა რუსეთი “ოლიმპიური სიძლიერის” დემონსტრირებას 2014 წელს? ტერორიზმის საფრთხე და არარსებობა რწმენისა, რომ რუსეთი ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოახერხებს, კვლავ რჩება სოჭის პროექტის მთავარ გამოწვევად – აცხადებენ ექსპერტები. ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წინააღმდეგობის ზრდასა და ამ კონფლიქტის გეოგრაფიის ზრდაზე მიუთითებენ, მათ შორის, უშუალოდ, სოჭის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“სოჭის ოლიმპიური თამაშები: რუსეთის ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამონგრეული ფასადი” – ასეთი სათაურის ნაშრომის პრეზენტაცია შედგა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. კვლევის ავტორებმა – პროფესორმა რობერტ ორტუნგმა და “ეხო მოსკვის” მიმომხილველმა, სუფიან ჟემუხოვმა, ის პოზიციები წარმოადგინეს, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს წიგნს, სოჭისა და კავკასიის რეგიონის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და დღეს არსებული ვითარების შესახებ. პროექტი, ძირითადად, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე იქნება ფოკუსირებული.

შესაბამისად, კვლევაში წარმოდგენილია ოლიმპიადის მომხრე და მოწინააღმდეგე პოზიციების განმაპირობებლი ფაქტორები. ავტორები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის მიზეზები თავად რუსეთის ლიდერებმა წარმოშვეს, რომლებიც ოლიმპიადას განიხილავენ, როგორც რუსეთის ფეხზე წამოდგომის, “ცივ ომში” გამარჯვებისა და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პროექტს. “სწორედ ასეთი იდეოლოგიური სარჩულის გამო გახდა სოჭი ბრძოლის ველი სხვადასხვა პოლიტიკური, ინტელექტუალური, სოციალური და ფინანსური ჯგუფებისათვის”- ნათქვამია კვლევაში.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარლი ბალზერი აცხადებს, რომ კავკასიისა და რუსეთის, ასევე, ჩერქეზთა კონტექსტში, ვითარების გაანალიზება აუცილებელია, რათა ოლიმპიადის რეალური გამოწვევები დადგინდეს. მისი თქმით, ამერიკისათვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-მა სოჭში უნდა გაგზავნოს თავისი სპორტსმენები და დარწმუნებული უნდა იყოს მათ უსაფრთხოებაში.

“1980 წელს, პოლიტიკური მოტივებითა და ავღანეთში ომის გამო, ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ მოსკოვის ოლიმპიადას. ახლა ჩვენი გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რამდენად რეალურია ტერორისტული საფრთხე ოლიმპიადის ზონაში” – აღნიშნა პროფესორმა ბალზერმა, “ამერიკის ხმა”-სთან საუბრისას. ის ვარაუდობს, რომ არასაკმარისი უსაფრთხოება რთულ ვითარებაში ჩააყენებს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ ევროპასაც, რომელმაც ასევე უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. “სამწუხაროდ, უმრავლესობას დასავლეთში, არ სჯერა რუსული მხარის განცხადებებისა” - ამბობს პროფესორი.

მისი თქმით, რუსეთისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ შეუძლია გაუმკლავდეს ტერორისტულ საფრთხეს.

კომენტარი