„ვისოლი“ მომხმარებელს ატყუებს?

„პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ - ამ ლოზუნგით, ბოლო პერიოდში, მძღოლებმა თბილისის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. საწვავის უსამართლო ფასების წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო აქციებმა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გაერთიანებული მძღოლების ორგანიზებით მოეწყო, საზოგადოებაში სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა.
6 მარტს გამართულ საპროტესტო მსვლელობას 500-მდე მძღოლი შეუერთდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა, გააგრძელოს საწვავის ქართული ფასების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.
აქციის მასშტაბურობა განპირობებულია პრობლემის სიმწვავით და იმით, რომ ეს პრობლემა საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს. საწვავის უსამართლო ფასები ეხება არა მარტო მძღოლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში ცხოვრობს. საწვავის ღირებულება ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების თვითღირებულებაში შედის, ანუ თუ გაძვირდება საწვავი, გაძვირდება სხვა პროდუქტებიც.
„ჩვენ გავიზიარეთ სოციალურ ქსელებში გაერთიანებული, პრობლემით შეწუხებული ადამიანების აზრი და დავსახეთ აქციის გაგრძელების ახალი გეგმა. ჩვენ, ერთი მხრივ, შევცვლით პროტესტის გამოხატვის ფორმას და მეორე კუთხით, დავიწყებთ საკითხის დასმას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების წინაშე. ჩვენი პოზიციით, სწორედ მათ აქვთ შესაბამისი ბერკეტები, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში საწვავის სამართლიანი, ეკონომიკურად დასაბუთებული ფასების დადგენა და ამ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება.
საპროტესტო გამოსვლები მოეწყობა ყოველ კვირას. ყოველ კვირა დღეს, 14.00 საათზე აქციის მონაწილეები შევიკრიბებით „ვარდების მოედანზე“ და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით მოვაწყობთ მოკლე საპროტესტო მსვლელობას, პარლამენტის შენობასთან კი გავახმაურებთ ჩვენს მოთხოვნებს. გამაფრთხილებელი აქციები მოეწყობა 21 მარტს, 28 მარტს და 11 აპრილს. მთავარი საპროტესტო აქცია გაიმართება 18 აპრილს“, - აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა კემულარია.
აქციის მონაწილეების პრეტენზიები საწვავის ბაზრის თითქმის ყველა წარმომადგენლის წინააღმდეგ არის მიმართული. მძღოლებს განსაკუთრებით საგანგაშოდ კომპანიების საფასო პოლიტიკა მიაჩნიათ. მართლაც, ძალიან უცნაურია, რომ ყველა მსხვილი ნავთობკომპანია ბაზარზე იდენტური ფასებით ოპერირებს, ასევე, საწვავის გაძვირების გადაწყვეტილებას თითქოს კონკურენტი კომპანიები ყოველთვის შეთანხმებულად იღებენ და ფასის გაზრდას დროშიც ამთხვევენ ერთმანეთს.
„სოკარი“ აზერბაიჯანულ საწვავს ჰყიდის, „ვისოლი“ - იტალიურ „აპს“, ხოლო „რომპეტროლი“ რუმინული პროდუქტით ვაჭრობს. ბუნებრივია, ამ კომპანიების პროდუქტი ხარისხით და შესაბამისად, ფასით ერთმანეთისგან საკმაოდ უნდა განსხვავდებოდეს. რაც ყველაზე თვალსაჩინოა, იტალიიდან პროდუქტის ტრანსპორტირება გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე აზერბაიჯანიდან, ტრანსპორტირების ხარჯი საწვავის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ იტალიური და აზერბაიჯანული საწვავის ფასი განსხვავებული იქნება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც მძღოლებს აფიქრებინებს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტელური გარიგება არსებობს.
მძღოლებს მიაჩნიათ, რომ ამ ბაზარზე კარტელური გარიგებების არსებობა განაპირობებს კომპანიების მოგების უპრეცედენტოდ მაღალ მარჟას. ოფიციალური მონაცემებით, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული საწვავის 70%-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას – „სოკარს“ შემოაქვს, ბუნებრივია, აზერბაიჯანიდან. ვინაიდან ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა რეგულარის ტიპის ბენზინზეა, აქციაში მონაწილე მძღოლები, კომპანიების მოგების მაღალ მარჟას სწორედ ამ ტიპის საწვავის რეალური ფასის დათვლით ასაბუთებენ.
რეგულარის ტიპის 1 ტონა აზერბაიჯანული საწვავი საქართველოში დაახლოებით 720 აშშ დოლარად შემოდის. ამას ემატება 250-ლარიანი აქციზიც გადასახადი, ტრანსპორტირების ხარჯი - 25 აშშ დოლარი, კომპანიის შიდა ხარჯები და მოგება, რაც ნორმალურ შემთხვევაში (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), მთლიანი ხარჯების 10%-ი უნდა იყოს და დღგ-ს გადასახადი 18%-ი, ანუ ერთი ტონა სარეალიზაციოდ გამზადებული რეგულარის ტიპის აზერბაიჯანული საწვავი, მოგების ჩათვლით, 1950 ლარი ჯდება. საცალო ქსელში 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება მაქსიმუმ 1.34 ლარი უნდა იყოს. როგოც ვხედავთ, კომპანიებს მართლაც დიდი მოგება რჩებათ - ერთ ლიტრ საწვავზე დაახლოებით 40 თეთრი.
ამ სიტუაციას საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იმით ხსნიან, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია. ბაზარზე არსებობს რამდენიმე მონაწილე, რომელიც ფასებს საკუთარი ინტერესებისამებრ აწესებს და არა ეკონომიკური სამართლიანობის მიხედვით.
მძღოლებს ნავთობიმპორტიორი კომპანიების წინააღმდეგ სხვა არგუმენტებიც გააჩნიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაზარზე ძირითადად დაბალი ხარისხის აზერბაიჯანული საწვავი იყიდება და „ვისოლისა“ და „რომპეტროლის“ განცხადება, რომ ისინი ევროპული საწვავით ვაჭრობენ, უბრალო ფარსი და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.
„მარტივად გადავავლოთ თვალი ბაზრის მაჩვენებლებს. საქართველოში საწვავის ბაზრის 70%-ი აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია. ამას თავად კომპანია „სოკარი“ ადასტურებს. „ვისოლი“, რომელიც აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ საწვავს არ ჰყიდის, ბაზრის 30%-ს ფლობს. რუმინული საწვავით მოვაჭრე `რომპეტროლს~ ბაზრის დაახლოებით 20%-ი უკავია, აზერბაიჯანულ საწვავს არ ჰყიდის „ეკოც“, რომელიც ბაზრის დაახლოებით 10%-ზეა წარმოდგენილი. რა გამოდის, ქართულ ბაზარზე 130%-ია?!“, - ასე სვამს კითხვას აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ირაკლი გვარამაძე.
ბექა კემულარია ბრალდებას კიდევ უფრო აზუსტებს კომპანია „ვისოლთან“ მიმართებაში. `ძალიან ადვილია იმის დადგენა, რომ „ვისოლი“ აზერბაიჯანულ საწვავს ჰყიდის. ყველას შეუძლია ნახოს სტატისტიკის დეპარტამენტის მაჩვენებლები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2009 წელს იტალიიდან სულ შემოტანილია 20.7 მილიონი ლარის საწვავი.
2009 წელს „ვისოლი“ აცხადებდა, რომ იგი საქართველოს ბაზრის 35%-ს ფლობდა. საქართველოში ერთი წლის განმავლობაში შემოდის დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის საწვავი, ანუ `ვისოლს~ ჩვენს ქვეყანაში შემოაქვს დაახლოებით 250 მილიონი ლარის საწვავი. თუ „ვისოლი“ არ იტყუება და მას მართლაც შემოაქვს იტალიური „აპი“, მაშინ მას იტალიიდან იმპორტირებული უნდა ჰქონდეს მის ქსელში წარმოდგენილი პროდუქტის 50-55%-ი, ანუ მინიმუმ 120 მილიონი ლარის პროდუქტი. მაგრამ ეს ასე არ არის, იტალიიდან 2009 წელს მხოლოდ 20.7 მილიონი ლარის პროდუქტია შემოტანილი, ანუ `ვისოლი~ იტყუება და ძირითადად ისიც აზერბაიჯანულ საწვავს ჰყიდის“, - აცხადებს საპროტესტო აქციის ორგანიზატორი.
„დრონი.ჯი“ ეცადა დაკავშირებოდა „ვისოლის“ გენერალურ დირექტორს, რომელმაც, ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით გავიგოთ კომპანიის პოზიცია და კიდევ უფრო დეტალურად გამოვარკვიოთ, იტყუება თუ არა ვისოლი.

კომენტარი