სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დროა, კოკოითიმ სამსახური ეძებოს

კრემლის ვარაუდით, კოკოითის თუ მშვიდად უნდა დაესრულებინა თავისი “საპრეზიდენტო ვადა” და ისე წასულიყო პოსტიდან, ცხინვალში 15 ივნისს მომხდარმა პუტჩმა მის გეგმებში დისონანსი შეიტანა. ამიტომაც მომავალი ცხინვალელი ლიდერის “დაპიარება” კრემლმა დაგეგმილზე ადრე დაიწყო.

რუსულ მედიაში ყველაზე მეტს, მოსკოვში ცხინვალის რეჟიმის ამჟამინდელ ელჩზე, დიმიტრი მედოევზე საუბრობენ. მართალია, მედოევი ელჩად კოკოითიმ დანიშნა, მაგრამ ეს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ კრემლმა უკარნახა. თორემ დიპლომატი არასოდეს ყოფილა მასთან დაახლოებული პირი.

ის, რომ კოკოითი განწირულია, ყველაზე კარგად თავადვე უნდა იცოდეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, ჯაბაევიჩი “უკვე გაფრთხილებულია, რომ მისი მომავალი სამუშაო სახელმწიფო სამსახურთან კავშირში არ იქნება.”

საამისოდ კი კრემლს მიზეზები მართლაც აქვს. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის ძარცვამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: 2009 წელს გამოყოფილი 55 მილიონი დოლარიადნ მხოლოდ 1,5 მილიონია დახარჯული დანიშნულებისამებრ. ამის შემდეგ რუსეთმა რამდენიმე თვით შეაჩერა კიდეც კოკოითის რეჟიმის დაფინანსება, მაგრამ პრობლემა გახდა არათუ მინიმალური პენსიების, არამედ ჩინოვნიკებისთვის ხელფასის გადახდა. მოგვიანებით, როცა რუსეთმა კოკოითს პრემიერ-მინისტრად თავისიანი – ვადიმ ბროვცევი დაუნიშნა, დაფინანსება აღდგა. 2008-2010 წლებში გამოყოფილი 850 მილიონიდან ცხინვალის რეგიონის თითოეულ მცხოვრებზე, არც მეტი არც ნაკლები, 12 მილიონი დოლარი მოდიოდა. მაგრამ საბიუჯეტო სახსრები არც ბროვცევმა და მისმა გუნდმა დაინდო. კრემლმა კი მორიგი აუდიტორული შემოწმების შედეგების გახმაურებისგან თავი შეიკავა.

ასე რომ, მოსკოვს არც ბროვცევმა გაუმართლა. ისე, ცხინვალის მომავალი ლიდერის დასანიშნად მას დიდი არჩევანიც არ აქვს. დღესდღეობით, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერობაზე პრეტენდენტებად კრემლისათვის “უღიმღამო სახეები” მოიაზრებიან. ესენი არიან: კოკოითის ფავორიტი, ამჟამინდელი გენპროკურორი თეიმურაზ ხუგაევი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ტარზან კოკოითი, კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი, პარტია “ედინსტვოს” ლიდერი ზურაბ კოკოევი და იური ძიძოითი – ამჟამინდელი ე.წ. პარლამენტის სპიკერი.

აფახზეთისგან განსხვავებით, მოსკოვი ცხინვალის რეგიონში სულ სხვა პრობლემების წინაშე დგას. კრემლის მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აქ, არც მეტი, არც ნაკლები, კარგი მანერებია. დავალებას ყველა შეასრულებს, მაგრამ ხომ უნდა შეეხედებოდეს. “დიპლომატი მედოევი კრემლისთვის იმიტომაცაა მისაღები, რომ უფრო მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ახლანდელი პრეზიდენტი-სპორტსმენი, თუნდაც ელემენტარული მანერებით, ან იმის შეგნებით, თუ როგორ უნდა ითამაშოს დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის როლი,” - აღნიშნავს ერთ-ერთი რუსული გამოცემა. ასე რომ, ნოემბრის “არჩევნებისათვის,” პოლიტიკური პროგრამების წერის ნაცვლად, ცხინვალელმა კანდიდატებმა, სჯობს, დანა-ჩანგლის ხმარება და პუტინივით გავლა-გამოვლა ისწავლონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100