ალასანიამ სერგეი ლავროვის დავალება შეასრულა?

დრონი.ჯი-ს პროგნოზი გამართლდა. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვწერდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანია ალიანსს გაემიჯნებოდა და ეულად შეუდგებოდა გზას, თავისი პოლიტიკური კარიერისკენ. დღეს უკვე აშკარაა, რომ უთანხმოება, რომელიც გაერთიანების შიგნით არსებობდა, ოფიციალურად დადასტურდა.
ირაკლი ალასანია, რომელიც ალიანსის ფორმალური ლიდერი იყო, ხშირად ექცეოდა გარემოცვის - რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების გავლენის ქვეშ. დრონი.ჯი-ს მონაცემებით, ისინი გარკვეულწილად აიძულებდნენ ალასანიას, რომ არ მოეხსნა თავისი კანდიდატურა და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თუმცა, კვლევები, სოციალური გამოკითხვები და ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, მას სხვა რამეს კარნახობდა.
საქმე ისაა, რომ ალასანია მიხვდა, არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, ხოლო მისი დამარცხება, კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. ხუმრობა ხომ არაა, კაცს პრეზიდენტობა სურს და ამ დროს დედაქალაქის არჩევნებში სამარცხვინოდ დამარცხდეს. გარდა ამისა, დამარცხების შემთხვევაში ალასანია ვერ შეძლებდა ამომრჩეველთა დარწმუნებას იმაში, რომ მას ხმები მოპარეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ...
ამიტომ, უშიშროების მინისტრის ექს-მოადგილემ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, ის უახლოეს ხანში უკვე ოფიციალურად მოხსნის კანდიდატურას და ნოღაიდელ-კონსერვატორ-დავითაშვილ-გრეჩიხების ფრთას შეუერთდება. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ალასანია ამ გადაწყვეტილებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაარწმუნა. რომ ლავროვმა, მიუნხენში შეხვედრისას ალასანიას მიანიშნა ნოღაიდელთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირის აუცილებლობაზე...
მოვლენები კი, სავარაუდოდ, ამგვარად განვითარდება. ოპოზიციის ეს ფრთა ცდილობს კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელოს, შემდეგ კი შეეცადოს, რომ როგორმე დაამხოს საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ირაკლი ალასანია და იმედოვნებს, რომ ამ ვითარებაში იგი პრეზიდენტის სანატრელ სკამს დაეუფლება, თუმცა, ის საპრეზიდენტო მარათონში მარტო არაა, რადგან პრეზიდენტობის ამბიციები აწუხებთ როგორც ნინო ბურჯანაძეს, ისე ზურაბ ნოღაიდელსაც... ასე რომ, ალასანიას ჯერ კიდევ მოუწევს ერთი მხრივ მათთან და მეორე მხრივ - კრემლთან ურთიერთობების გარკვევა...


კომენტარი