ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა „ქოცმა“ და არამხოლოდ მათ!

გადავწყვიტე მაინც დამეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა ინტერესი დაკარგა, მათ შორის ამ პროცესების სწორმა შეფასებებმაც და ანალიზმაც სერიოზული არც მკითხველია და არც გამკითხავი.

ქვეყანა ძირითადად ორ ბანაკადაა გაყოფილი – ოცნებად და ნაციონალებად და მათ შორის ღრმა უფსკრულია. ასე რადიკალურად დაპირისპირებულ ერს მსოფლიოში იშვიათად ნახავთ. მიუხედავად 25 წლის თავისუფლებისა ეს დაპირისპირება არ ცხრება. ვერა და ვერ მოვიშორეთ ბელადების და მესიების სინდრომი. 200 წლის მონობაში და ტოტალიტარულ რეჟიმებში ცხოვრებამ თავისი კვალი დაგვამჩნია.

დღეს ვერავის დააჯერებ, რომ განათლებული, უძველესი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ. ხალხის ინტელექტუალური დონე ძალზე დაბალია. ეს ეტყობა როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, სასამართლოს, პროკურატურას, თანდათან ქრება მეცნიერება, კულტურა, თეატრი, კინო, მწერლობა, აღარ იწერება ლექსები... სამაგიეროდ ამ უმუშევრობის და დაუსაქმებლობის პირობებში მომრავლდა უსაქმური ახალგაზრდრობა, ისევ მოიხარნენ და ჩაიცუცქნენ ბიჭები, ისმის „შენი დედის“ და „ჩემი დედის“ ხმამაღალი ძახილი, რასაც მხარი აუბა უსახურმა ქართულმა სერიალებმა... ეს მართლაც, საუბედუროდ ჩვენი დღევანდელი რეალობაა.

თუ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, ქუჩაში არ გავალთ, ხალხთან კონტაქტი არ გვექნება, სახლში ჩავიკეტებით და ტელევიზორში 20/30 ვუყურებთ, ივანიშვილის, ღარიბაშვილის და მთელი მათი გუნდის გამოსვლებს მოვუსმენთ, ყველაფერი ძალიან კარგადაა – ეკონომიკის ზრდის ტემპით 2,5% ევროპაში პირველ ადგილზე ვართ (ევროპამ 50 წელი ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენ ჩვენი დღევანდელი „ტემპით“ მათ ვერ დავეწევით) ივანიშვილს ყველა დაპირება შეუსრულებია (აბა უთხარით რომელი არ შეასრულა). 60–ის ნაცვლად სადღაც 150 თუ 160 ფაბრიკა–ქარხანა აუშენებია, უკაცრავად საწარმო (სადაც აუცილებელი არ არის ორთქლის ამოსვლა). უმუშევრობა საგრძნობლად შემცირებულია. ცხოვრების საარსებო მინიმუმი პენსიით უზრუნველყოფილია. ბენზინი შეპირებული ერთი ლარია, ხოლო მეორე ლარი, რომელიც სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, ახლა ბიუჯეტში მიდის. შემცირებულა დაპირებული ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე. ყოველ სოფელს 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი და მას სოფლის საჭიროებისთვის ხარჯავს. კახელი გლეხი ყოველ კილოგრამ ჩაბარებულ ყურძენზე 1 ლარზე ნაკლებს არ ღებულობს... წარმატებით მუშაობს ღარიბაშვილის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – შემცირებულია ფასები სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე, ლარის კურსის ვარდნა „ნორმალური და სტაბილურია“. აბა გაბედეთ და ამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. ეგრევე ნაციონალების აგენტად და „რუსთავი–2“ აგიტაციის მსხვერპლად მოგნათლავენ.

ყველაფერ ამ სიცრუეში, რითაც ხელისუფლებამ უნდათ გვაცხოვრონ, ერთი ნათელი წერტილია – ჯანდაცვის უზრუნველყოფის პროგრამა, რომლისთვისაც დიდი შრომა არ გაუწევიათ ბიუჯეტის სხვა დარგებიდან მოხსნეს შესაბამისი თანხა და დაუმატეს ამ პროგრამას. სამაგიეროდ ლარის კურსის ვარდნას „წარმატებით“ იყენებენ სააფთიაქო ქსელში და მედიკამენტებზე ფასები 30–40%–ით გაზარდეს, რის გამო 160 ლარიანი პენსიონერები, რომლებიც ამ წამლების ძირითადი მომხმარებლები არიან, გარკვეული დილემის წინაშე დგანან.

მე არ შევუდგები იმ 80–ზე მეტი დაპირებიდან რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა ივანიშვილის მთავრობამ. ამაზე ლაპარაკი კარგა ხანია წყლის ნაყვად გადაიქცა და წესიერი კაცი ივანიშვილის ადგილზე, ამ სიცრუის გამო, ხალხში არც გამოჩნდებოდა.

ნაცვლად ამისა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს – პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას თავისუფალ მედიას, განსაკუთრებით „რუსთავი–2“-ს. ყველას ვინც ივანიშვილს და მის მთავრობას ამ სიცრუეში, უმოქმედობაში, არაორგანიზებულობაში, ქვეყნის ნგრევაში და ძალადობაში ამხელს და მოუწოდებენ მათ რადიკალურად შეცვალონ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, რომ ის უფრო მოქნილი, გამჭვირვალე და ეფექტური გახდეს. საუბედუროდ მათ რიცხვში აღმოჩნდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. აშშ და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული მეგობარი ქვეყბნების საელჩოები, ცალკეული ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები და დიპლომატები. მათი თითქოს „ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის“ პრინციპი იხილება არა მარტო თოფაძეების და მეჭიაურების დონეზე, არამედ თვით საქართველოს უფროსის ბატონი ივანიშვილის დონეზე, რომელიც ამას სწორი ინფორმაციის არქონით ხსნის.

საქართველოში დღეს შექმნილია ძალზე რთული და საგანგაშო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, შორს მიმავალ გათვლებს თუ გავაკეთებთ, ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. ნორმალური ადამიანი ვერ დაიჯერებს, რომ ისინი ასეთი უუნარონი კი არა, ასეთი უტვინონი არიან, რომ ქვეყანა ამ სამ წელიწადში ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს.

კატასტროფულად დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი, გაიზარდა ღარიბთა და სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი, მოსახლეობის 70%–ზე მეტი უმუშევარია.

ყოველდღიურად მატულობს ფასები კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე... გაიზარდა კორუფცია და კრიმინალი. იმ დროს, როცა ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით, ახალი ბიუჯეტით პენსიების მატება 2016 წელს გათვალისწინებული არ არის 57 მილიონით იზრდება ცენტრალური მთავრობის შესანახი ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ეს პოზიცია 400 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უსაზღვრო და დაუოკებელია ხადურის მადა და კოლეგებზე ზრუნვა.

პირველ ყოვლისა ამის საფუძველს მაძლევს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც წელს 10 მილიარდი ლარია, აქედან თითქმის 1,5 მილიარდი მთავრობის შენახვაზეა გამოყოფილი. გაზრდილი და გაბერილია შტატები. ამასთან იხარჯება მილიონობით თანხები პრემიებზე, დანამატებზე. კომფორტზე, უსაქმურ მივლინებებზე, პრესტიჟულ ავტომანქანებზე, მძღოლებზე, საწვავზე და ათას სხვა წვრილმანზე. ასეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ასიათასობით უმუშევარია, ფინანსთა მინისტრი ხადური აცხადებს, რომ ჩვენ პრემია–დანამატი აუცილებლად უნდა გავცეთ, რომ კვალიფიციური მუშაკი არ გაგვექცესო. გაიქცევა და გაიქცეს ბატონო ნოდარ!

დამიჯერეთ ასობით კაცი მოვა მის ადგილზე და მასზე უკეთესად იმუშავებს. თქვენ მთავრობას ცოდნისა და მაღალი კვალიფიკაციის არაფერი ეტყობა, განსაკუთრებით თქვენ სამინისტროს.

რაშიც შეიძლება დავეთანხმო პარლამენტარ ქუცნაშვილს, ის არის რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს, ამ ეკონომიკური კრიზისის დროს, ყოველგვარი პრემიების და დანამატების გაცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების ყველა თანამშრომელზე და პარლამენტმა უნდა მიიღოს ამაზე შესაბამისი კანონი. ამ თანხებით და მთავრობის შესანახი ხარჯებიდან უნდა გამოინახოს 2016 წელს პენსიების 200 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა.

ახლა ცოტა შიდა პოლიტიკური მდგომარეობასაც შევეხები. უკანასკნელმა მოვლენებმა ცხდყო, რომ მთავრობამ თავისი გაუთვლელი მოქმედებებით, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.


თუ წინა ხელისუფლების დროს ოპოზიცია ხანგრძლივი ორი–სამთვიანი მიტინგებით, დემონსტრაციებით და ყოველგვარი სხვა საშუალებებით ცდილობდა ქვეყანაში ქაოსის და ანარქიის შექმნას, ითხოვდა ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადადგომას, რასაც აქტიურად უჭერდნენ მხარს მედია საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზია „იმედი“, დღეს ქვეყნის ხელისუფლება გახდა ამ საქმის შემოქმედი და ორგანიზატორი. ისინი ვერ იყენებენ დღევანდელ მშვიდ ატმოსფეროს და იმ მდგომარეობას, რომ მათ ქვეყნის მართვაში ხელს არავინ უშლის. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს დაძაბოს მდგომარეობა და ხალხის ყურადღება ძირითადი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს.

კასრებიდან ამოღებული კადრების გამოქვეყნებამ, მათი სახალხოდ, მასობრივად ჩვენების რამდენიმე ფაქტმა, ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმების მასიურმა შემთხვევებმა და დაუსჯელობამ, კონსტიტუციური სასამართლოს ოფისზე და სასამართლოს წევრების ბინებზე შეურაცხმყოფელმა წარწერებმა, დასაბამი მისცა იმ ქაოსს, რომელიც შემდეგ განვითარდა და დღესაც გრძელდება. ეს პროცესი რომ მთავრობის მიერ მართული იყო ადასტურებს მთავრობის მეთაურის ღარიბაშვილის რამდენიმე გამოსვლა, სადაც შეუნიღბავად წაქეზებული იყო ეს მოქმედებები, აგრეთვე მათი ერთდროული აქციები და წარწერების იდენტურობა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გასაჯაროებამ, რომელიც ვისი მოსმენილიც არ უნდა იყოს – არაკონსტიტუციურია, დაადასტურა გარკვეული კავშირი საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, მათი სინქრონული მოქმედება – რუსეთის მხრიდან სააკაშვილის უკრაინაში დისკრედიტაციის და საქართველოში დესტაბილიზაციის საქმეში, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან – ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის და მასზე რევანშის სურვილი. რაც უფრო შემაშფოთებელია ამ ჩანაწერების საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების საქმის შეთითხნის მცდელობა.

ყველაფერი ამის გვირგვინი გახდა „რუსთავი 2“–ის, ამ ერთადერთი ოპოზიციური და საქართველოში ყველაზე მაღალ პროფესიული, დაბალანსებული და მაღალ რეიტინგული ტელევიზიის განადგურების მცდელობა. რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ სატელევიზიო არხზე და მის დირექტორ გვარამიაზე, მან ამ არხის მუშაკებთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მთელი სატელევიზიო ინდუსტრია შექმნეს და ნორმალური მთავრობა უნდა ამაყობდეს ამით.

რაც შეეხება სხვა სატელევიზიო არხებს მაგალითად „მაესტროს“ და „იმედს“ ისინი თანდათან, ნაბიჯ–ნაბიჯ უკვე ხდებიან ხელისუფლების რუპორები და არჩევნებისთვის ისე როგორც 2012 წელს მზად იქნებიან ივანიშვილის დასაცავად.

ყველაფერ ამაში საგანგაშო ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა პროკურატურის შემდეგ სასამართლო ორგანოებსაც დაადგა თვალი და მოსამართლე ურთმელიძე, როგორც კამიკაძე შეწირა ამ საქმეს. თუ „რუსთავი–2“–ის მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და მის დღევანდელ აბსურდულ მდგომარეობას შევაფასებთ, ეს არის სამარცხვინო ლაქა როგორც სასამართლო სისტემის საქმიანობაში, ისე ივანიშვილის მთავრობის მოღვაწეობაში. მთავრობას ვურჩევ თავი დაანებონ ამ საქმეს და ნუ შეეცდებიან სააპელაციო სასამართლოში სამი ურთმელიძის მონახვას. ეს შეიძლება მათთვის კატასტროფით დამთავრდეს.

ამასწინათ პარლამენტარ ქანთარიას გამოსვლას ვუსმენდი, რომელსაც პარლამენტში ოტელოს პარტიის შესრულება აქვს დავალებული და დეზდემონას ნაცვლად ნაციონალური მოძრაობა უნდა მოახრჩოს. ბატონი ნუკრი დიდი პათოსით ლაპარაკობდა, რომ თუ ვინმე კონსტიტუციის ფარგლებიდან გავა, ხელები მოემტვრევა, ფეხები დაემტვრევა, კბილები ჩაემტვრევა... და თუ პარლამენტის ლექსიკას გავყვებით, დედა მ.....ბა დააკლო ამ ფრაზას.

ბატონმა ქანთარიამ, სხვა პარლამენტარებმა, მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან დღეს გასულია მთელი ქვეყანა – ის იმართება არაკონსტიტუციურად, არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის მიერ. პარლამენტის და მთავრობის აღიარებით ეს მმართველობა მისაღები და სასურველია. აი ვის უნდა მოტეხოს ხელ–ფეხი ბატონმა ნუკრიმ, ვის უნდა ჩაუმტვრიოს კბილები, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნდეს.

თუ მეტყვით, რომ ივანიშვილი უბრალოდ მოქალაქეა, მაშინ მინდა ერთხელ კიდევ მოგაგონოთ ლიბიის არაფორმალური მმართველი მოამარ კადაფი. მას უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არავითარი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ ქვეყნის ფორმალური მმართველი იყო. ხალხმა თავისი მდგომარეობის გამო პასუხი მას მოსთხოვა და საშინელი სიკვდილით დასაჯა.

ქვეყანაში, რომ დღეს ყველაფერი კარგად იყოს ეს საკითხი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო და ყურადღება არავის მიექცია. მაგრამ ქვეყნის გაღატაკების და დაკნინების ფონზე, რომელსაც შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს და რომელიც შეიძლება აწყობს მთავრობას, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა ამართლებს ამ არაფორმალურ მმართველობას.

აბა დაუსვით ეს კითხვა ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, კობახიძეს, ბესელიას, ქანთარიას, მეჭიაურს, კვაჭანტირაძეს, კახის, გივის, რობიკოს, ნიკუშას, ქეთის, ნინელის, მთელ მთავრობას, პარლამენტის უმრავლესობას, იმ პირებს, რომლებიც თვის გარკვეულ რიცხვში დგანან „ქართუ ბანკის“ სალაროსთან და მოუთმენლად ელიან „ბიძინას სტიპენდია–მოწყალებას“, ისინი დაუფიქრებლად გიპასუხებენ, რომ ბიძინა არის საქართველოს და ქართველი ხალხის გადამრჩენელი, მესია – რომელიც ღმერთმა მოგვივლინა. რომელიც უხვად არიგებს მოწყალებას თავისი მილიარდებიდან, ამასთან ეხმარება მთავრობას და მათ რჩევებს აძლევს თავისი დიდი გამოცდილებიდან, პოლიტიკური განათლების და ცოდნის ამოუწურავი არსენალიდან.

ერი, რომელმაც თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლას მოანდომა და დაწერა სტრიქონები – „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, დღეს ასე დაწოლილა რუსი ოლიგარქის – ივანიშვილის ფეხქვეშ და ბრმად მიჰყვება მის გზას. ეს გზა კი ბიძინას გზაა და ის თავისუფლების ტაძართან არ მიგვიყვანს.

ვსარგებლომ რა ივანიშვილის მიერ საქართველოში დამყარებული გასაოცარი დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით და ჩემს მიერ ადრეც გაკეთებული ანალიზით, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბატონი ბიძინა ჩვენ ევრაზიის კავშირში შესასვლელად გვამზადებს, ისე როგორც უკრაინას ამზადებდა პუტინის მიერ უკრაინის პრეზიდენტად ჩანერგილი – იანუკოვიჩი. მანამდე იანუკოვიჩის განცხადებებიც კი ისეთივე იყო, როგორიც დღეს ჩვენშია.

ყველაფერი ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მიერ კეთდება, ამის ნათელი დადასტურებაა – ქვეყნის პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაშლა – დანგრევა, 2016 წლის არჩევნების წინ, საარჩევნო ველის გასუფთავების მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტების – პირველ ყოვლისა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთის ჯაშუშებად გამოცხადება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ტოტალური კონტროლი (დარჩენილია „რუსთავი–2“), შეტევა ეროვნულ ბანკზე, რომელიც ჯერჯერობით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და იცავს ხაზინას.

საგარეო საქმეთა მინისტრად ბატონი კვირიკაშვილის დანიშვნამ ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ ამ მხრივ აქტიურობა მთავრობის პრიორიტეტი არ არის და ის პასიური უნდა გახდეს. მას ძირითადად, როგორც ღარიბაშვილმა დააანონსა, სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური საკითხების განხილვა ევალება. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი დღეს აბაშიძე–კარასინის ფორმატზე გადის და მას პირადად ბიძინა ხელმძღვანელობს.

ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები აუცილებლად იმოქმედებს ევროპისა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ჩვენს წინსვლაზე, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის ხელოვნური დაძაბვა, საშინაო საქმეებში თითქოსდა მათი ჩარევის მიზეზით, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს მთავრობის და ივანიშვილის ნამდვილი მიზნების შესახებ.

ამ ფონზე კიდევ უფრო საეჭვო ხდება რუსული პროპაგანდის და პრორუსული ძალების მძლავრი შემოტევა და მთავრობის სრული უმოქმედობა ამ მხრივ. მაშინ როცა სუსი „რუსთავი–2“–ის ხალხის მიერ დაცვას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს, რუსეთის ჯაშუშები თავისუფლად მუშაობენ თბილისში, გორში, ქართლის რეგიონებში, სამცხე–ჯავახეთში და პუტინის რუსეთის სასარგებლოდ ღია აგიტაციას ეწევიან. მარტო ქ–ნი ბურჯანაძე რად ღირს. რატომ არ უნდა იქნას ეს საკითხი განხილული, როგორც სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკური ორიენტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებად და ქვეყნის მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური რატომ არ უნდა ინტერესდებოდეს ამ საკითხით?

ამასთან დაკავშირებით ბატონი კალაძის დახურულ, გაუმჭვირვალე მოლაპარაკებებსაც თვით ბატონ მილერთან მინდა შევეხო და გავაფრთხილო ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი – თავი დაანებოს საქართველოს საჯარიმო მოედანში მორიგ სახიფათო ფაფხურს, რასაც აუცილებლად მოჰყვება მორიგი ავტოგოლი ჩვენ კარში და რომლის გამოღება ამჯერად უკვე გაძნელდება. მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის გაზის მილები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მეოთხე სტადიის ავთვისებიანი კიბოს მეტასტაზებია და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ისინი ჩვენთან არ დაბრუნდნენ.

ჩვენ ერთი გზა გვაქვს – მოთმინებით დაველოდოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მშვიდობიანი გზით დავითხოვოთ ეს მთავრობა, თუ მანამდე მათ ხალხი რაიმე პროვოკაციაზე არ წამოაგეს და პუტინს საქართველოს სრული ოკუპაციის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამიტომაა გააქტიურებული დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, რომ მორიგი შეცდომა არ დაუშვან და მთლიანად არ დაკარგონ საქართველო.

ალბათ ივანიშვილს ექნება ცდები კვლავ მოისყიდოს საქართველოს ელექტორატი, რაც დაიწყება ოპერის თეატრის საზეიმო გახსნით, დაანონსდება ახალი მილიონების ჩადება რაღაც პროექტებში, იქნება მორიგი ცრუ დაპირებების და აუხდენელი ოცნებების ფეიერვერკი. მაგრამ იმედია ხალხი ამჯერად არ მოტყუვდება.

რადგანაც არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, პოლიტოლოგები, ასე პასიურად არ უნდა უყურებდნენ ქვეყნის ნგრევის და მოსალოდნელი იზოლაციის დაფარულ პროცესს და მარტო ინტერვიუებით და სტატიებით არ უნდა შემოიფარგლონ. იმ პირობებში, როცა ივანიშვილის მთავრობა ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა, მიზანშეწონილად მიმაჩნია ყველა ამ ძალების გაერთიანება და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის რეალური შეფასება – როგორც ეკონომიკაში, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ყველა იმ საკითხებში, რომელიც აწუხებს დღეს საქართველოს მოსახლეობას.

შექმნილი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები და დოკუმენტის სახით გადაეგზავნოს მთავრობას და ქვეყნის პარლამენტს სასწრაფო რეაგირებისთვის.

რომ ეს ღონისძიება სახელმწიფოებრივ დონეზე, დროულად და ორგანიზებულად ჩატარდეს, მას უნდა უხელმძღვანელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პირადად პრეზიდენტმა. მათ ამ მიზნით შეიძლება მოიწვიონ უცხოელი ექსპერტები, წარმომადგენლები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

სასურველია აღინიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდეს პრესაში და გახდეს საჯარო განხილვის საგანი.

კომენტარი