უსუფაშვილი 2014 წლის ყველაზე მაღალრეიტინგულ პარლამენტის წევრად დასახელდა

საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის -„საქართველოს პარლამენტის 2014 წლის საქმიანობის შეფასების“ პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა, წარმოადგინა და დამსწრეებს ორგანიზაციის საპარლამენტო ოფისის დაკვირვებები, პარლამენტიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნო. ანგარიშში 2014 წლის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, დეპუტატთა საქმიანობის შეფასება და მათი საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები აისახა, ასევე, შეფასდა პარლამენტის კომიტეტების საქმიანობა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესი. მომხსენებლის განცხადებით, 2014 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში, პარლამენტმა 327 კანონი, 1004 დადგენილება, 50 ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, მემორანდუმი, 1 განცხადება და 1 რეზოლუცია მიიღო. მისივე თქმით, 2014 წელს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საგრძნობლად გაუმჯობესდა და წინა ანგარიშში გამოთქმული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაზიარებულ იქნა.

ღონისძიების დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტის ის წევრები და აპარატის ის თანამშრომლები დაასახელა, რომელთა აქტიურობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანიში 2014 წელს გამორჩეული იყო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 2014 წლის ყველაზე მაღალრეიტინგულ პარლამენტის წევრად დასახელდა და შესაბამისი ჯილდო გადაეცა;

2014 წელს ყველაზე მეტი კანონპროექტის ავტორობისთვის დაჯილდოვდნენ პარლამენტის წევრები-ვახტანგ ხმალაძე და დავით ონოფრიშვილი; ზაქარია ქუცნაშვილი 2014 წელს პლენარულ სხდომებში ყველაზე აქტიური მონაწილეობისთვის საპარლამენტო უმრავლესობიდან; სერგო რატიანი - 2014 წელს პლენარული სხდომებში ყველაზე აქტიური მონაწილეობისთვის საპარლამენტო უმცირესობიდან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; ნინო გოგუაძე- 2014 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი სიტყვით გამოსვლისთვის და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე 2014 წელს პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარი