ღარიბაშვილი ვროპარლამენტარ ანდრეს მამიკინს შეხვდა

საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, თქვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ხართ საუკუნეების განმავლობაში; ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბრის თვეში განახორციელებს,–განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ლატვიელ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცა და დაიწყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი.

საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და გასატარებელ რეფორმებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხედვასთან.

მხარეებმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

„განვიხილეთ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,–განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარი