ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან

საქართველო-შვეიცარიას შორისინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაგაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა მოაწერეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველო-შვეიცარიას შორის “ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს, დიდიე ბურკჰალტერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მედიატორის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. დიდიე ბურკჰალტერი თბილისს დღეს დატოვებს.

კომენტარი