დავით ნარმანია თანამდებობას ტოვებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაემშვიდობა.
"
ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო თქვენი გუნდის წევრობა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ნაყოფიერი მუშაობისა და თანადგომისთვის, რომელსაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვგრძნობდი როგორც თქვენგან, ისე თითოელი გუნდის წევრისგან.

ჩემთვის მართლაც საამაყო და სასიხარულო იყო, რომ ვიყავი თქვენი გუნდის წევრი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას და თავის საქმიანობას ახლაც ძალიან წარმატებულად აგრძელებს. ჩვენ ერთად გადავიტანეთ პოლიტიკური კოჰაბიტაციის პერიოდი, იყო ბევრი წინააღმდგეობა და რომ არა ჩვენი ერთიანობა, ასეთი შედეგი, რაც მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში, არ გევქნებოდა", - მიმართა ნარმანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს და იქვე განმარტა, რომ მთავრობის სხდომას ბოლომდე დაესწრება, ვინაიდან რამდენიმე საკითხი აქვს გასატანი.
ამასთან, ნარმანიამ პრემიერს 2013 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მინისტრთა კაბინეტს კი წარმატებები უსურვა.
"მინდა, მინისტრთა კაბინეტს საქმიანობის წარმატებით გაგრძელება და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა ვუსურვო", - აღნიშნა ნარმანიამ.
დავით ნარმანიას განცხადებას სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ნარმანია ხალხზე მზრუნველი მერი იქნება.
"თქვენ მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა გხვდებათ თბილისში. ბევრი პრობლემა დაგიტოვათ ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ და მჯერა, რომ თქვენ ისევე ღირსეულად გაართმევთ თავს ამ პრობლემას, როგორც მინისტრად მუშაობის დროს გაართვით თავი. გისურვებთ წარმატებებს და ვიცი, რომ ღირსეული, ხალხზე მზრუნველი, მეურნე მერი იქნებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი