სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს - რას ამბობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები?

პროკურატურაში მოწმის სახით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაბარებული. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.
ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:
2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში"" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.
2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე", -ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრააობის წევრები.
წიკლაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მითითებებით მოქმედებს.
"რუსი ოლიგარქის მთავრობის მიზანია მიშას საერთაშორისო ანტირუსული აქტივობის შეზღუდვა. ხელისუფლება მოქმედებს პირდაპირ პუტინის მითითებით.
შეწყალების უფლების გამოყენების გამო პრეზიდენტის დევნა განსაკუთრებით ცინიკურია რუსი აგენტების შემწყალებელთა და სინდისის პატიმრებად გამომცხადებელთა მხრიდან", - ნათქვამია წიკლაურის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარებას სააკაშვილის უკრაინასა და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას უკავშირებს.
როგორც გიორგი ვაშაძემ "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, სააკაშვილი დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მსოფლიო ლიდერებთან და, "რომლის აზრსაც იზიარებენ მსოფლიო ლიდერები".
"როგორც ჩანს, ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ეს მიუღებელია ისევე დღევანდელი ხელისუფლებისთვის, როგორც მიუღებელია პუტინისთვის", -განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილს რამენაირად თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს. "მათი მიზანია, როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან, რომ ის ვერ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. დანარჩენს რაც შეეხება, რა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს", - აღნიშნა ვაშაძემ.

არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის დაბარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.
გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების მცდელობა და ეს არის მცდელობა პუტინის სურვილების ბრმად შესრულების.

გიგი უგულავა კი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს პროკურატურაში არ მივიდეს. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი, არ უნდა მივიდეს პროკურატურაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"ჩემი აზრით, მე ვურჩევ მიშას, რომ რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს. არ ვიტყვი სიტყვა "გამოძიებასთან", რადგან როდესაც ადამიანს 30 საკითხზე იბარებენ, ეს უკვე აღარ არის გამოძიება. მან არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევედით ამ სპირალში ქვეყანა მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ეს არის შიზოფრენიკი ივანიშვილი. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ სიშლეგეზე უნდა იყოს მხოლოდ სიმშვიდე და 15 ივნისს, ერთად უნდა ავლაგმოთ ამ გათავხედებული ადამიანის სიგიჟეები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, პროკურატურა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დაკვეთებს ასრულებს და ივანიშვილს ქვეყანა მიყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100