სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა თემებზე ისაუბრა ღარიბაშვილმა მედიასთან?

"მე ჟურნალისტებს პირველად ვხვდები პრემიერ-მინისტრის რანგში. ეს საინტერესოა მთავრობისთვის, თქვენთვის და განსაკურებით ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ მთავრობის საქმიანობა იქნებოდა ღია და გამჭვირვალე. გვინდა ვიცოდეთ, რა აწუხებს მოსახლეობას. გვინდა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, დიდი ინტერესით მოგისმენთ"- ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრაზე საუბარი.

შეხვედრაზე გაჟღერებული ერთ-ერთი კითხვა ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებას შეეხებოდა.

„ვანო მერაბიშვილის გაყვანა–გატაცებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ სასაცილო ისტორია მოიგონა. სოზარ სუბარის სამინისტრომ გაავრცელა მოკვლევის შედეგები. იქ დადასტურებულია, რომ არავითარ გაყვანა–გატაცებას, როგორც ისინი თავიანთ ფანტაზიებში ყვებოდნენ, ადგილი არ ჰქონია. მათ სასაცილო ისტორია მოიგონეს“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ის სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ენდობა. "მე არ მაქვს არანაირი კითხვა, ვენდობი სუბარს და თუ აქვს სახალხო დამცველს კითხვის ნიშნები ამ საკითხზე, მიმართონ მინისტრს"- განაცხადა მან.

დღევანდელ პრესკომფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სკანდალური ფაქტების გასაჯაროვებას დაანონსა. პრემიერის ინფორმაციით, "ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი“. ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის შემოსავლებს შეისწავლის.

ღარიბაშვილი: ქონება, სტრატეგიულო იბიექტები. მე გავეცანი დოკუმენტს. ძალიან უცნაურია და ვერავინ ამიხსნის ამას, ჰკითხეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ვანო მერაბიშვილზე რომ ატრიალებენ კითხვას, საიდან ჰქონდა კეზერაშვილს 800–მილიონიანი ბრუნვა. ჰკითხეთ, რა ხდება კეზერაშვილზე, საიდან აქვს ამ ადამიანს და მის კუთვნილ კომპანიას მილიარდნახევრიანი ბრუნვა, მას შემდეგ, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ეს არის შოკისმომგვრელი, სკანდალური ინფორმაცია და ამის შეფასება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მოახდინოს. კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და მოსახლეობისთვის ახსნა–განმარტება მოახდინონ. ჩვენი ხელისუფლება და პროკურატურა დაინტერესდნენ უკვე ამ ინფორმაციით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება, მოკლე ხანში ყველაფერს ნათელი მოვფინოთ. რაც შეეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას, ამით არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცველები, არამედ უცხო ქვეყნის, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების შესაბამისი ორგანოები არიან დაინტერესებული. მე არ მინდა, წინასწარ გითხრათ, მაგრამ ძალიან საინტერესო სკანდალური ფაქტები იკვეთება კეზერაშვილთან დაკავშირებით. დაველოდოთ გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ცნობილი სიმართლე.

კეზერაშვილის საქმის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პასუხი არ გასცა კითხვას, დაიკითხება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით კეზერაშვილის საქმეზე. „გამოითქვა მოსაზრება პოლიტიკოსების მხრიდან, რომ შესაძლოა, ეს ფინანსები დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან. ჩემი მხრიდან ამის თქმა არასერიოზული იქნება, ამას სჭირდება მტკიცებულებები, ამას სჭირდება დამტკიცება. მოხდება თუ არა სააკაშვილის დაკითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვერ გიპასუხებთ, ამას გამოძიება გამოკვეთს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში რაიმე კითხვა არავის გაუჩნდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა გამორიცხა, რომ ევროკავშირთან ასოცირების გაფორმებამდე საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს. მისი თქმით, უკრაინის სცენარის საქართველოში განვითარების რისკი მინიმალურია, რადგან საქართველო არ არის რუსეთზე დამოკიდებული ისევე, როგორც უკრაინა.

პრემიერი: ”მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიზიარებთ შეფასებას, იმის შესახებ, რომ შესაძლოა, განმეორდეს უკრაინის სცენარი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც არის უკრაინა. რუსეთს არ აქვს ჩვენ მიმართ ის ბერკეტები, როგორიც მას ჰქონდა უკრაინაში. შესაბამისად, რისკი არის მინიმალური. მე ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. მათ ვხედავდით მთელი წლის განმავლობაში, იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. ამას გარდა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს, რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდებით. რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც უკვე გვაქვს - ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ასე რომ ჩვენი მთავრობა არ ელოდება, არათუ უკრაინის სცენარის, არამედ მიახლოებულ სცენარის განმეორებას საქართველოში. ”

პრტესკომფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ზურაბ ჟვანიას საქმეც იყო. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჟვანიას ცხედარს ექსგუმაცია შვეიცარიაში ლაბორატორიაში ჩაუტარდება. „ზურაბ ჟვანიას საქმეზე ინტენსიურად მუშაობს პროკურატურა და ახალი ხელმძღვანელობა პროკურატურის. არის საუბარი ექსგუმაციაზე და იმისთვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე კითხვა ჩვენ ვაპირებთ, რომ მოხდეს შვეიცარიაში ექსპერტიზა, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებულები, რომ ამ საქმის ირგვლივ სპეკულაცია დასრულდეს და აღარ დარჩეს კითხვები“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის ინფორმაციით, საუბარია ასევე ისრაელის ლაბორატორიაზეც. ასევე მათ მათ აქვთ მოლაპარაკება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, თომას ჰამარბერგთან, რომ მოხდეს მისი ამ საქმეში ჩართვა გარდა ამისა.

პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „იმედი“ -ს გასხვისების თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით „იმედი“ არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ეს ტელევიზია და მემურანდუმი, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებასა და პატარკაიშვილის ოჯახს შორის გაფორმდა გასაჯაროვდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რადგან თავად ოჯახს აქვს სურვილი, რომ მოხდეს ამ დოკუმენტის გასაჯაროება მას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაიტანენ. „გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატარკაციშვილის ოჯახი არის თანახმა, რომ გასაჯაროვდეს ის სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილის ოჯახთან გაფორმებულ მემურანდუმს. ჩვენ ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს. მოხდება ამ დოკუმენტის გასაჯაროება, რამდენიმე დღეში და საზოგადოება იხილავს თუ როგორ მოხდა ამ ოჯახის ბიზნესის წართმევა. ეს იქნება სკანდალი, ეს იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ჩადენილი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. და ამაზე მკაცრად მოუწევთ მათ პასუხის გაცემა და ყველა ვინც იყოს ამ დანაშულებრივი სისტემის შემქმნელი და დავალების მიმცემი ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული“,-განაცხადა ღარიბაშვილმა

აღსანისნავია, რომ პრემიერმა ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. „"ეს ძალიან მძიმე საკითხია და არ მსურს საუბარი. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ამაზე შეიძლება, ღიად ვისაუბროთ" - განმარტა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100