სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი პრეზიდენტი ხელისუფლებაში ნათესავით მოდის?

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მას და გიორგი მარგველაშვილს ნათესაური კავშირი უკვე 8 წელია აღარ აქვთ. როგორც აბაშიძემ სოციალური ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მარგველაშვილმა ის საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე შეარჩია.
"ბოლო პერიოდში ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის ნდობის გამოცხადება განპირობებულია მხოლოდ საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ხოლო ის, რომ 8 წლის წინ ნათესაური კავშირი გვქონდა, ამას, რა თქმა უნდა, ვადასტურებ", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს სტუდენტობიდან იცნობს.
"მე ვიყავი სტუდენტი, როცა ბატონი გიორგი იყო ჯიპას რექტორი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მას შემდეგ მე ვმუშაობდი განათლების სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ვიყავი საარჩევნო შტაბში, კერძოდ, საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი, ასევე გახლდით ცესკო-ში მისი წარმომადგენელი, ასე, რომ ჩვენ გვაქვს პროფესიული და საქმიანი ურთიერთობები", - დასძინა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100