სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაძირალა ხარ შენ, სოზარ!" ანუ რა სარგებლობა მოაქვს "ოქროს" ონკანს

ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები აღარ ხდება, სკანდალები – მით უმეტეს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ სკანდალების მოყვარულებმა მოიწყინეს. ფართოდ დაანონსებული სამაისო აქციების წინაპერიოდი იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური სკანდალი დაიბადა: „ალიანსიდან“ წასული სოზარ სუბარი ყოფილ თანამოაზრეებს დაუპირისპირდა და არამარტო დაუპირისპირდა, ისინი რუსეთის მხრიდან დაფინანსების მიღების მცდელობაშიც დაადანაშაულა. ეს ბრალდება სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააჟღერა, როცა „აქუს“ სეკუნდანტობით დავით უსუფაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა.

ვისაც ეს „სპექტრი“ არ გინახავთ, შეგიძლიათ სტატიის ბოლოს დართული ვიდეომასალა ნახოთ, მანამდე კი მოკლედ შეგახსენებთ, რომ სუბარის განცხადებით, მიუნხენში ამასწინათ ჩატარებული შეხვედრა ირაკლი ალასანიასა და სერგეი ლავროვს შორის შემთხვევითი არ ყოფილა და ალასანიამ მას პარტიისთვის დაფინანსება სთხოვა. უსუფაშვილი იმდენად გაამწარა ამ ბრალდებამ, რომ სუბარს „ნაძირალა“ და „შუა ბრძოლის ველიდან გაქცეული“ უწოდა.

მანამდე კი სუბარმა და უსუფაშვილმა პარტიული საქმიანობის მიმართულებები განიხილეს. უსუფაშვილმა „ქართული პარტია“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეუძლებელია, დემოკრატიისთვის ბრძოლა დემოკრატიის სიმბოლოსთან ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდეს. „ალიანსის“ წარმომადგენელი „ქართული პარტიის“ მიერ დაგეგმილ და პარიზიდან ოქრუაშვილის მიერ დაანონსებულ აქციას გულისხმობდა, რომელიც 16 მაისს, აშშ–ს საელჩოს შენობის წინ უნდა ჩატარდეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, სწორედ აშშ–ა ბოროტების სათავე საქართველოში და მის წინააღმდეგ გამოსვლა ლოგიკურია.

ძალიან საინტერესოა, რომ „ქართულად“ წოდებული პარტია აქტიურ პოლიტიკურ გამოსვლებს აშშ–ის წინააღმდეგ გამოსვლებით იწყებს და არა რუსეთის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მესამედი აქვს ოკუპირებული. უსუფაშვილმა სუბარს ამაზეც მიანიშნა: „თუ თქვენ აანონსებთ რევოლუციას და ეწინააღმდეგებით აშშ–ს, მასთან ერთად კი, მთლიანად დემოკრატიულ სამყაროს, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ვინ უნდა დაუჭიროს მხარი და ვინ უნდა დააკანონოს ეს რევოლუცია? ბოლოს და ბოლოს, ამ კითხვასაც თვითონვე გაეცით პასუხი: რა თქმა უნდა, რუსეთმა...“ – სწორედ ამ ლოგიკური ანალიზის შემდეგ გაბრაზდა სოზარ სუბარი და მიუნხენში ალასანიასა და ლავროვის შეხვედრის დეტალებზე დაიწყო საუბარი, თუმცა, კადრებიდან კარგად ჩანს – უსუფაშვილი რომ არ ჩასცივებოდა, სუბარი ამ თემის განვრცობას არ აპირებდა.

ჯერჯერობით არავინ იცის, რაზე ისაუბრეს მიუნხენში დახურულ კარს მიღმა ირაკლი ალასანიამ და სერგეი ლავროვმა, მაგრამ ფაქტია, რომ ალასანიას არაერთხელ გამოუთქვამს თავისი და თავისი პარტიის მოსაზრებები რუსეთის მიერ საქართველოში გატარებულ პოლიტიკაზეც და მისი მხრიდან საქართველოს ნაწილის ოკუპაციაზეც. „ის პოლიტიკოსები, ვინც წამდაუწუმ დარბიან რუსეთში, ხალხის პატივისცემას ვერ დაიმსახურებენ“ – ასეთი იყო „ალიანსისა“ და მისი ლიდერის განწყობა და იგი დღემდე არ შეცვლილა. რასაკვირველია, „ალიანსს“ პოლიტიკური ლაფსუსები ბლომად აქვს(და, პირველ რიგში, ბევრს ამ პოლიტგაერთიანების ლაფსუსად სწორედ უსუფაშვილი მიაჩნია), მაგრამ „ქართულ პარტიასთან“ შედარებით, უცოდველადაც კი გამოიყურება.

რაც შეეხება სოზარ სუბარსა და მის „ქართულ პარტიას“, ისინი თბილისში საპროტესტო გამოსვლებს აშშ–ს საელჩოსთან აქციით იწყებენ და ამით ყველაფერი ნათქვამია. ყოველ შემთხვევაში, ცხადი ხდება, ვის ბაღჩაში ისვრის „ქართული პარტია“ ჭოლოკს.

სხვათა შორის, „ქართული პარტიის“ შეფს, რომელიც მოდის დედაქალაქსაა თავშეფარებული, ერთი პოლიტიკური „ნოუ ჰაუსთვის“ რაიმე სიმბოლური ჯილდო მაინც ეკუთვნის: სწორედ ირაკლი ოქრუაშვილმა „აღმოაჩინა“ არამარტო ქართულ, არამედ, ალბათ, მსოფლიო პოლიტიკაშიც კი პირველად, რომ აშშ ონკანია, თანაც – მომწამვლელი და იგი უნდა გადაკეტო: „სწორედ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, დიღომში არის ონკანი, რომელიც გვწამლავს და რომელიც უნდა გადავკეტოთ. ამ ონკანს აშშ ჰქვია და ჩვენ აუცილებლად გადავკეტავთ მას“, – აცხადებდა ოქრუაშვილი რამდენიმე დღის წინ წინ, როცა პარიზიდან აანონსებდა 16 მაისის თბილისურ აქციას. როგორც იტყვიან, ხარი ხართანო: გაგახსენდათ, ალბათ, კიდევ ვინ იმუქრება ხოლმე ონკანის გადაკეტვით, განსაკუთრებით, ცივ ზამთარში...

არ ვიცი, არსებობს თუ არა მსოფლიოს მაშშტაბით რაიმე სახის ცერემონიალი, სადაც პოლიტიკოსებს სიმბოლურ საჩუქრებს წლის განმავლობაში მათი გამონათქვამების მიხედვით გადასცემენ. თუ არსებობს და თუ ამ ცერემონიალის მესვეურები ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკოსად განიხილავენ, იქნებ ვინმემ თავს იდოს და მათ წერილი გაუგზავნოს – „ქართული პარტიის“ შეფი ამ განცხადებისთვის სიმბოლურ საჩუქრად პატარა ოქროს ონკანს ნამდვილად იმსახურებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100