სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

17 ივნისს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენის „ძველი და ახალი ლაურენსია“ გახსნა გაიმართება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტის „ლაურენსია“ როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფონდებში არსებული ძველი, ასევე სრულიად ახალი ექსპონატები, კოსტიუმები და ესკიზები; მათ შორის, ივანე ასკურავას მიერ 1979 წლის დადგმისათვის (ვახტანგ ჭაბუკიანის რედაქციით) შესრულებული და დავით მონავარდიშვილის მიერ 2007 (ნუკრი მაღალაშვილის რედაქციით) და 2014 წლებში (ნინო ანანიაშვილის რედაქციით) შესრულებული განახლებული დადგმების ესკიზები.

ვახტანგ ჭაბუკიანმა ბალეტი „ლაურენსია“ (კომპოზიტორ ა. კრეინი) ლოპე დე ვეგას ნაწარმოების „ცხვრის წყარო” მიხედვით იმ პერიოდში შექმნა, როცა საბჭოთა კავშირში დრამატული ბალეტი თითქმის ერთადერთ მისაღებ ფორმად ითვლებოდა. სპექტაკლში ქორეოგრაფმა აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო წარმოადგინა, სადაც კლასიკურ ბალეტთან ხალხური ცეკვის ელემენტები იყო შერწყმული.

ვახტანგ ჭაბუკიანის სამმოქმედებიანი ბალეტის ,,ლაურენსია“ პრემიერა 1939 წლის 22 მარტს ლენინგრადის ს. კიროვის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა და 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრში მრავალჯერ დაიდგა. 2017 წლის თბილისის საბალეტო ფესტივალი კი, 21, 23 და 25 ივნისს ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტის „ლაურენსია“ 3 საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება, რომელიც განახლებული ქორეოგრაფიული რედაქციით ქართველმა პრიმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა უკვე მეორედ გააცოცხლა.

სოლისტები - ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი) და ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ); ნუცა ჩეკურაშვილი და იონენ ტაკანო (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი); ნინო სამადაშვილი და ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი). სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა მხატვარმა - დავით მონავარდისაშვილმა, რომელმაც დეკორაციის 3 ესკიზი სულ ახლახანს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას მუდმივი სარგებლობისათვის გადასცა საჩუქრად.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენა „ძველი და ახალი ლაურენსია“ თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში გაიმართებაrnდა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გიმასპინძლებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100