"ფინანსთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის პოზიცია დიდ ზიანს აყენებს საწარმოს და საინვესტიციო გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით."

2013 წლის 20 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შპს "მიქსორის", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის", შპს "ბარამბოს", ლუდსახარშ "ზედაზენში" შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" 70%-იანი წილის, შპს "ბერტას", ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით.

პროკურორის აღნიშნული შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რის შემდეგაც პროკურატურამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დააყადაღა ზემოთდასახელებული ქონებები.
2013 წლის 27 სექტემბერს ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული ყადაღა ემსახურება სახელმწიფოსათვის მიყენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიების დასრულებამდე დანაშულებრივი გზით შეძენილი აქტივების რეალიზაციის აღკვეთის მიზანს.

გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მოცემულ საქმეში ცეზარ ჩოჩელისთვის წარდგენილი ბრალდება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ გონივრულ არგუმენტაციას მოკლებული, შესაბამისად არ არსებობს ყადაღის დადების არავითარი საფუძველი.
ბრალდება არის აბსურდული, რამდენადაც თაღლითობად შეფასებულია ღია, წინასწარ გაპიარებული, საჯარო აუქციონი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტმა ფაქტიურად ნგრევის პირას მისული ქარხნის სანაცვლოდ 2010 წლის სექტემბერში მიიღო 6 850 000 აშშ დოლარი.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად კი შეფასებულია კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭირვალე, დოკუმენტალურად დადასტურებული, დეკლარირებული ფინანსური ოპერაციები (სესხის აღება საბანკო დაწესებულებიდან, დივიდენდის მიღება, სესხის დაფარვა, დამფუძნებლის შენატანი საწარმოში, საწარმოს მიერ სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა).
ამასთან აბსოლუტურად გაუგებარია ცეზარ ჩოჩელის ბრალდებასთან დაკავშირებით ისეთი საწარმოების წილებისა და ქონებების დაყადაღება, სადაც ცეზარ ჩოჩელი არც წილს ფლობს და არც დასაქმებულია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მთავარი პროკურატურის პოზიცია არამხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არაკანონიერია, არამედ მათი ქმედებებით დიდი ზიანი ადგება მოცემულ საწარმოებს (სადაც ცნობისთვის დაახლოებით 4 000 ადამიანია დასაქმებული), ასევე საინვესტიციო გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იგემებოდა რამოდენიმემილიონიანი საერთაშორისო ინვესტიციის განხორციელება ლუდსახარშ ,,ზედაზენში“, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, მათ შორის საწარმოთა ქონებებზე ყოვლად უსაფუძვლოდ ყადაღის დადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხეში და უგუნური ძალის დემონსტრირებით, არასანდო და არასტაბილური საინვესტიციო გარემო ყალიბდება და დიდ დარტყმას იღებს ქართული ბიზნესი, რაც გამოიწვევს დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების დაკარგვას და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს სერიოზული პრობლემების წინაშე მდგარ ქართულ ეკონომიკას.


ცეზარ ჩოჩელის ადვოკატი ბექა ბასილაია

კომენტარი