სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის პრესკონფერენცია, რა ხდებოდა კადრს მიღმა?

პრემიერ მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრამ ექსესების გარეშე ჩაიარა, ყველამ შენიშნა, რომ დღეს ივანიშვილს ჟურნალისტების მიმართ ჩვეული აგრესია არ გამოუვლენია. თუმცა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ამის მიზეზი სულაც არ გახლდათ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი „ბრაზიანი“ აღარ არის. როგორც გაირკვა შეხვედრის დაწყებამდე მისმა პრესცენტრმა საგულდაგულოდ შეარჩია ის ჟურნალისტები, რომლებიც პრემიერს „ნერვებს არ მოუშლიდნენ“

„დღეს ბიძინას პრესკონფერენციაზე, საინფორმაციო სააგენტოებს შეკითხვის დასმის საშუალება არ მოგვცეს.. თუმცა, ისევ "გულუხვად" დაისვა ვაზელინით გაჟღენთილი შეკითხვები და ჟურნალისტების ნაწილმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარდა იმისა, რომ შეკითხვის დასმის კულტურა არ აქვთ, არ იციან კოლეგიალობის მნიშვნელობაც.. ვერ ხვდებიან, რომ ერთმანეთის შეკითხვებს უნდა მოუსმინონ, ყოველგვარი შეძახილების გარეშე.. გულისამრევი იყო დღევანდელი თქვენი საქციელი, კოლეგებო“ - წერს ივერონის რედაქტორი თამარ კვარაცხელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თამარ კვარაცხელია სწორედ ის ჟურნალისტი გახლავთ, რომელმაც საზოგადოებას ივანიშვილისთვის უსიამოვნო კითხვებითა და წინა პრესკონფერენციებზე პრემიერ მინისტრთან კამათით დაამახსოვრა თავი.

„არც განუმარტავთ, რატომ არ შემეძლო კითხვის დასმა. მითხრეს, რომ მხოლოდ ტელევიზიებს და უცხოურ მედიას დაასმევინებდნენ შეკითხვებს, თუმცა ფაქტია, რომ სხვებმაც დასვეს, მე კი არა“ - განუცხადა კვარაცხელიამ droni.ge-ს.

კითხვის დასმის უფლება არ მისცეს არც ინტერნეტტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტ ნინი ობგაიძეს.

ნინი ობგაიძე: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრის ფორმატში itv-ის არ ეძლევა კითხვის დასმის უფლება. პრესკონფერენციის დაწყების წინ პირადად ვკითხე პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელს თუ რა პრინციპით შედგა იმ მედიასაშუალებების ჩამონათვალი, რომლებიც კითხვის დასმის ,,პრივილეგიით’’ ისარგებლებდნენ. თოქმაჯიშვილმა მიპასუხა, რომ კითხვის დასმის პრივილეგია მიენიჭებოდათ იმ ტელევიზიებს, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ შეხვედრას, უცხოურ მედიასაშუალებებს და ჟურანალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს. რა თქმაუნდა itv-ი როგორც ყოველთვის ვერ აღმოჩნდა ,,პრივილეგირებულ’’ მედიასაშუალებათა ჩამონათვალში. წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ,,პრივილეგირებული მედია’’ არ იარსებებდა, თუმცა ცხადია, რომ პრემიერს მიუღებელი მედიასაშუალებებისგან კითხვის დასმაც კი არ სიამოვნებს. ამიტომ, გასაგებია, რომ პრემიერის პრესსამსახური ,,უფროსის’’ გაღიზიანებას ერიდება და კითხვის დასმის უფლებას მხოლოდ ახალი მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებს ანიჭებს.

ანალოგიური შთაბეჭდილებებით დატოვა პრემიერთან შეხვედრა ჟურნალ ტაბულას ჟურნალისტმა ნინო მაჭარაშვილმაც. „საოცარი პრესკონფერენცია იყო - ნახევარი დარბაზი რევანშისტებით იყო სავსე, რომლებსაც დესტრუქციულად იქცეოდნენ - არ ვიცი, ტვ-ში ისმოდა თუ არა, მაგრამ მრავლად იყო "რამდენს გიხდიან?" ტიპის შეძახილები მათთვის მიუღებელი შეკითხვების ავტორებთან. გაბლატავებული იდიოტები.“ - წერს მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100