სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოკერია, წულუკიანის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას "უპასუხისმგებლობას" და "პოლიტიკურ ბოდვას" უწოდებს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "სხვა შეფასება არ არსებობს".
"ქალბატონი წულუკიანისგან ჩვენ მოვისმინეთ მორიგი, ოღონდ ამჯერად მსხვილი კალიბრის უპასუხისმგებლო და ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები. ერთადერთი შეფასება, რაც მომდის თავში, არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური ბოდვა. სხვა შეფასება, სამწუხაროდ, არ არსებობს", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე განმარტებით, იგივე შეუძლია თქვას წულუკიანის მიერ ახალ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც.
"იგივე შეფასება ვრცელდება ბარათებთან დაკავშირებით. ეს სამოქალაქო სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინიციპების საწინააღმდეგო განცხადება იყო", - განმარტა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე გუშინ გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის განცხადებით, პირადობის ახალ მოწმობებთან დაკავშირებით ის აზრს წმინდა სინოდსაც ჰკითხავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100