სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სანამ ქართულ მიწაზე რუსი ჯარისკაცი დგას, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს დეოკუპაციის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენლად მიაჩნია .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, თუ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე სურს, მაშინ ეს არის ცინიკური და მხოლოდ პიარული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ქართველი ხალხის დაცინვას ისახავს. ხოლო თუ რუსეთის მხრიდან ამ შეთავაზებას წინ გაუსწრებს ქართული მიწების დეოკუპაცია, მაშინ რუსეთის ინიციატივა ნუგზარ წიკლაურს, მისაღებად მიაჩნია.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ დეოკუპაციის შემდეგ საქართველო რუსეთთან, ნებისმიერი ურთიერთობებისთვის მზად არის. "სანამ ქართულ მიწაზე რუსეთის ჯარისკაცი დგას, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია", – დასძინა ნუგზარ წიკლაურმა(ინტერპრესნიუსი).

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. ამასთან, რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ პირობებს სთავაზობს და ოფიციალური თბილისისგან "ადეკვატურ რეაქციას" ელის.

"საქართველოში რუსების "გულითადად დაპატიჟების" და მათთვის რაც შეიძლება, "ხელსაყრელი რეჟიმის" დაპირების მიუხედავად, სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ საქართველოში მის მიერვე შემოღებული კანონები მოქმედებს, რომელთა თანახმად, რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საქართველოში ჩასვლისთანავე სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. ეს ეხება მათ, ვინც ბოლო წლებში სტუმრობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. სოჭში დამსვენებელი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათით იმყოფებოდა რიწის ტბაზე, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის თანახმად, დამნაშავედ ითვლება და თავისუფლების 2-დან 4 წლამდე აღკვეთა, ან ჯარიმის გადახდა ემუქრება. ჩვენმა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე მიიღო ასეთი სასჯელი. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ქართული მხარის ინიციატივით დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის გამო რუსეთის შესაძლებლობები საკონსულო და სამართლებრივი კუთხით საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით შეზღუდულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობების განმტიკიცებით. მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისთვის აუცილებელია, ქართულმა მხარემ საიმედო სამართლებრივი პირობები უზრუნველყოს, რომელებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ოფიციალურ თბილისს ასევე ვთავაზობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაში.

ამასთან, მისივე მტკიცებით, "რუსული მხარე ყოველთვის გამოდიოდა ერებს შორის ჰუმანური ურთიერთობის შენარჩუნებისა და გამყარების, ასევე ხალხთა შორის კონტაქტების მაქსიმალური გამარტივების ინიციატივით".

"2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების საომარმა ავანტიურამ და შემდეგ ქართული მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ აღნიშნული კავშირებიც გაწყვიტა. უფრო მეტიც, თბილისის ხელისუფლებამ კურსი აიღო რუსეთის სახით საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნისა და საქართველოს სკოლებიდან რუსული ენის განდევნისკენ. ინგრევა დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები, ხდება ისტორიის გადაწერა ისე, თითქოს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ სიტუაციაშიც კი ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ - აღვადგინოთ სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა; დაუბრკოლებლად ფორმდება რუსეთის ვიზები ნათესავებთან გასამგზავრებლად და აღარაფერს ვამბობთ ექსტრემალურ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე. ჩვენს ამოცანას ვხედავთ იმაში, რომ არ დავუშვათ ერებს შორის ტრადიციული ისტორიული სიახლოვის შეწყვეტა. ამ კურსს მომავალშიც გავაგრძელებთ", – აცხადებს ლუკაშევიჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100