სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში მოკლეს გადამდგარი გენერალი, რომელმაც ვლადიმირ პუტინი სუკ-იდან დაითხოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, 30 მარტს საკუთარ ბინაში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობისგან გარდაცვლილი სუკ-ის გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ შებარშინი, რომელიც ერთ დროს ვლადიმირ პუტინის უფროსი იყო, სუკ-ის პირველ მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა (ეს სამმართველო საგარეო დაზვერვას კურირებდა). ამ თანამდებობაზე გენერალი შებარშინი 1989-დან 1991 წლამდე მუშაობდა და ბოლო დღეების განმავლობაში სსრკ სუკ-ის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.

ოპოზიციური გამოცემები და ბლოგერები გენერალ-ლეიტენანტის მკვლელობაზე საუბრობენ. მათ ისიც გაიხსენეს, რომ სწორედ ამ გენერალს უკავშირდება ვლადიმირ პუტინის განდევნა სუკ-იდან იმის გამო, რომ დრეზდენში ყოფნის დროს რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი და მომავალი პრეზიდენტი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და გერმანიის სიდა სადაზვერვო სტრუქტურასთან თანამშრომლობდა და სამმაგი აგენტის როლს ასრულებდა.

ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის სამმაგი აგენტობის შესახებ პერიოდულად ქვეყნდებოდა რუსულ ოპოზიციურ და უცხოურ გამოცემებში, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც გამოქვეყნების დროს ინფორმაციის წყაროდ ასახელებდნენ, უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ ან საეჭვო ვითარებაში იღუპებოდნენ.

მაგალითად, სანკტ-პეტერბურგში გამომავალი გაზეთის „ნაშე ოტეჩესტვოს“ რედაქტორი ევგენი შეკატიხინი, რომელმაც თავის გაზეთში 1999 წლის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში ავსტრიულ პრესაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მაკომპრომეტირებელი მასალები პუტინის დრეზდენული საქმიანობის შესახებ, მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით და ეს მაშინ, როცა მანამდე გულს არასდროს უჩიოდა.

მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი ასევე გულის შეტევით გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი სახალხო დეპუტატი, სანკტ-პეტერბურგის საქალაქო საბჭოს ექს-დეპუტატი მარინა სალიე, რომელიც სანკტ-პეტერბურგის მერიაში ვლადიმირ პუტინის საქმიანობას იძიებდა და მას მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებდა.

კრემლთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გენერალ-ლეიტენანტმა შებარშინმა ნაჩუქარი პისტოლეტით მოიკლა თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100