"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლები "საქინფორმს" პროტესტს უცხადებენ

რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქის" ქართველმა მომხმარებლებმა მასობრივად დაიწყეს ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შედგენილი საპროტესტო ტექსტის გაზიარება, რომელიც "საქინფორმისგან" ვ.ვ. პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მოჰყვა. "დრონი.ჯი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სამოქალაქო პროტესტი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმს“, რომელმაც ვლადიმერ პუტინს ოფიციალური წერილით გაპრეზიდენტება მიულოცა

(იდეისა და საპროტესტო ტექსტის ავტორი - კობა ნაროუშვილი)

პროტესტს ვუცხადებთ სააგენტო „საქინფორმის“ ანტისახელმწოფოებრივ გამოხდომას 2012 წლის 5 მარტს რუსეთში „ჩატარებულ“ საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერისადმი მილოცვის ტექსტის გამოქვეყნების გამო.
ვგმობთ სააგენტოს კოლექტივის კოლაბორაციონისტულ პოზიციას,რომელიც გამოიხატა ქართული საზოგადოების შეურაცხმყოფელი ტექსტის ტირაჟირებაში. ვთვლით, რომ სააგენტოს შეფს არნო ხიდირბეგიშვილს არ აქვს ქართველი ერის სახელით ლაპარაკის და მოქმედების უფლება.

ვაფიქსირებთ რა ჩვენს პოზიციას, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ოკუპანტისა და აგრესორის სახელზე გაგზავნილი მილოცვით ხდება საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტალური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის იგნორირება და შეგნებული შეურაცხყოფა.

მოვუწოდებთ ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, გამოხატონ სოციალური პროტესტი ამ აღმაშფოთებელი ფაქტის გამო და დაგმონ საინფორმაციო სააგენტოს უღირსი საქციელი ქვეყანაში,რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული, ხოლო ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარი სახლებიდან გამოყრილია.

მოვითხოვთ, ვლადიმერ პუტინისათვის დითირამბების მომღერალმა სააგენტოს შეფმა არნო ხიდირბეგიშვილმა ოფიციალურად,საჯაროდ მოუხადოს ბოდიში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ფართო საზოგადოებას.

სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივის მიერ პუტინის სახელზე გაგზავნილი ტექსტი.


კომენტარი