სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ, განზრახ არ გამიკეთებია"-ბრალდებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა

დამნაშავედ კი ვგრძნობ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ დამნაშავე იმიტომ, რომ მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია - განაცხადა სასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ექიმმა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, კოლეგას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე ჭრილობები მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, სადაც თეიმურაზ ბეჟანიძის აღკვეთზე მსჯელობდნენ, მომხდარის დეტალებზე სწორედ პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რომ მან მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა. მოტივად კი სამსახურიდან გათავისუფლება დაასახელა. გარდა ამისა, ბეჟანიძის თქმით, რამდენჯერმე საკუთარი სახსრებით იყიდა კონდენციონერი, თუმცა კლინიკის დირექტორმა ის სწორედ ის კაბინეტები დაატოვებინა, სადაც მისი ნაყიდი კონდენციონერები იყო დამონტაჟებული, ხარჯი კი არ აუნაზღაურა :

"მე მოკვლის მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. ამ დროს ეტყობა ადგა და მხარში გაკრა თორემ, მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლა. კონდენციონერის პულტი არ მივეცი რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. არავითარი კონფლიქტი და შეხება არ გვქონდა... კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა." თქვა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

მან განმარტა, რომ იარაღი მისი კუთვნილება იყო და თან ატარებდა, რადგან სახლში შვილიშვილები ჰყავს, ეშინოდა და ამის გამო ვერ ტოვებდა. ბრალდებული ექიმის განმარტებით, მას არც მიმალვა უცდია. გასროლის შემდეგ იარაღი ბუჩქებში გადააგდო, ტაქსით სახლში წავიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და ახლობლის სახლში მივიდა, სადაც ცოტა ხანში უკვე პოლიციამ დააკავა.

თეიმურაზ ბეჟანიძეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა აღკვეთის სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალად ედება, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება.

დაჭრა კლინიკაში 5 აგვისტოს მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100