ლიზა იასკოს თქმით, ისურვებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა უკრაინაში გააგრძელოს

კითხვაზე, რომელ ქვეყანას ისურვებდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად, უკრაინელი დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი, ლიზა იასკო აცხადებს, რომ ის უკრაინას ისურვებდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჯანმრთელი და შეძლოს ბრძოლის გაგრძელება.

„მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო უკრაინა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ბრძოლა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამბობს, რომ საჭიროა საქართველოში სიტუაციის შეცვლა. ის ყოველთვის ამას ამბობს. ყოველთვის არ აქცევს საკმარის ყურადღებას თავის ჯანმრთელობას, თუმცა ამისთვის არიან ახლობლები, ადვოკატები და სხვები, ვინც მას ნახულობენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია მისი მდგომარეობა სინამდვილეში. მას ძალიან უნდა, რომ სასამართლოს წინაშე წარსდეგს, რომ ჰქონდეს საშუალება, თავისი სათქმელი თქვას, ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანებთან შეხვედრის. მას ძალიან სურს ეს კონტაქტი. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას თქვენ გაიგებთ მის „ფეისბუქში“ ერთი საათის განმავლობაში. განწყობა ისეთია, რომ რა თქმა უნდა საჭიროა სიმართლის დამტკიცება და ბრძოლა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური დევნა. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კარგ მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა მისი ჯანმრთელობა, რომ ბრძოლა იყოს შესაძლებელი. თუმცა, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ის პირობები, რომლებიც ახლა აქ შექმნილია, არ არის საკმარისი, რომ მან კარგად იგრძნოს თავი და აღდგენა შეძლოს. მე ამის გამო ძალიან ვდარდობ“, – განაცხადა იასკომ.

კომენტარი