"ყველა ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო" - ზაზა სარალიძე მკვლელობის დღეს იხსენებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. სარალიძემ მკვლელობის დღე გაიხსენა და თქვა, მას 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მას დამრიგებელმა დაურეკა და უთხრა, რომ სკოლაში მისულიყო. მისივე თქმით, მან სკოლაში ბავშვებისგან მაშინვე გაიგო, რომ დათუნა სარალიძის მკვლელობაში 3 პირი იყო დამნაშავე: "პატარა ნაკაწრი აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილიო, მითხრა დამრიგებელმა. საავადმყოფოში რომ მივედი, თვალწინ იყო რაც მოხდა, არ მინდოდა დაჯერება რომ უკვე შვილს ვკარგავდი. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა იქ, ფაქტობრივად იქ არავინ იცოდა მე ვინ ვიყავი, დაცვის ოთახში ბავშვები ჰყავდათ შეყვანილი, კარებზე მიყრდნობილი ვიყავი და მესმოდა ვინ რას ლაპარაკობდა. ყველა ერთი და იმავეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო - მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია... საქმის მასალებს გავეცანი და ნათლად ჩანდა ამ სამი პირის ბრალეულობა ჩემი შვილის საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად დაარტყა დანა, რატომ წავიდნენ საერთოდ დანით? ფაქტია, რომ მე შვილის გარეშე ვარ სახლში, ეს პატივცემულები აგრძელებენ ჩვეულებრივად ცხოვრებას", - თქვა სარალიძემ. მისივე თქმით, ბავშვებმა სიმართლე თავიდანვე იცოდნენ, თუმცა მშობლები უშლიდნენ ლაპარაკს: "ბავშვები დავიბარე, დაახლოებით, 15-20 ბავშვი მოვიდა, ზოგს მშობელიც მოყვა, არავინ ასახელებდა კონკრეტულ სახელებს, მშობლები ცდილობდნენ თვითონ გაეცათ ბავშვის ნაცვლად პასუხები, ჩავიწერე მათი საუბარი, ვიცოდი რომ არაკანონიერი იყო, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ბავშვებმა იქ ნათლად, არაპირდაპირ ჩამოაყალიბეს, მაგრამ ნათლად ჩანდა ამ სამი პირის მონაწილეობა დაჭრის ნაწილში.... როგორც ჩემამდე მოვიდა ამბავი, მათ უფროსები უშლიდნენ საუბარს, სკოლაშიც ჩამოაყალიბეს ეს აზრი - დათო მკვდარია, ცოცხლები გადავარჩინოთ", - ამბობს სარალიძე.

კომენტარი