სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კინორეჟისორი კიმ კი დუკი კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი კორონავირუსით ლატვიაში გარდაიცვალა.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, 59 წლის რეჟისორი, გარდაცვალებამდე COVID-19-ის დიაგნოზით რიგის საავადმყოფოში მკურნალობდა.

კიმი 1960 წელს დაიბადა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში. მან ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო. ისე, რომ კინოს, როგორც პროფესიას, არ დაუფლებია, არ უსწავლია. 13 წლის განმავლობაში 15 სურათი შექმნა. ფილმები, რომლებიც ხსნიდნენ და ჯილდოვდებოდნენ: ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე. ფილმები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდებოდა თავისი ტკივილით, სიყვარულით, სისასტიკით და სინაზით. მისი გმირები ხან თევზებს ჰგვანან და ხან ჩიტებს. ისინი ზოგჯერ საერთოდ არ ლაპარაკობენ („ცარიელი სახლი”), მაგრამ მათი შემყურე წუთითაც ვერ მოწყდები დიდ ეკრანს. არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო მტკივნეულია კავშირი. ისინი უხილავი, მისტიკური ძაფებით არიან გადაჯაჭვულნი („ცუდი ბიჭი”) და ზოგჯერ ძალიან სასტიკად სჯიან („კუნძული”) და ეძებენ („გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული”) საკუთარ თავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100